რეკლამაspot_img

კარლ ლუდვიგ ვილდენოვი და ბოტანიკის სახელმძღვანელო

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაცულ უნიკალურ დოკუმენტებს შორის ინახება სამეცნიერო ლიტერატურა, მათ შორის–საბუნებისმეტყველო დარგის წიგნები. ერთ-ერთი ასეთი გამოცემა კარლ ლუდვიგ ვილდენოვის ბოტანიკაა.

მეთვრამეტე საუკუნიდან ბუნების მეცნიერულად შესწავლა ინტენსიურად დაიწყეს ევროპელმა მეცნიერ-ჰუმანისტებმა.  გერმანელი ბოტანიკოსი კარლ ლუდვიგ ვილდენოვი (1765–1812)  ითვლება თავისი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერად. მან საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა გეოგრაფიის ფლორისტულ, ეკოლოგიურ და ისტორიულ ტენდენციებს, სრულყო მცენარეთა სისტემატიკა. მან, ბინადრობის მიხედვით, მცენარეთა სამყარო დაყო ორ ძირითად ნაწილად  – ინდივიდუალურ და ჯგუფურ სახეობებად, რითიც კრიტიკულად შეაფასა გერმანელი ბუნებისმეტყველის, გეოგრაფისა დამოგზაურის, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრის,ალექსანდერ ჰუმბოლდტის (1769-1859) იდეა მცენარეთა ფიზიოლოგიური ჯგუფების შესახებ.

კარლ ლუდვიგ ვილდენოვი ბოტანიკასა და მედიცინას სწავლობდა გერმანიაში, ქალაქ ჰალეს უნივერსიტეტში. 1789 წელს მან მიიღო მედიცინის დოქტორის წოდება და მუშაობა დაიწყო ფარმაცევტად ბერლინში.1799 წლიდან იგი გახდა ბუნების ისტორიის პროფესორი ბერლინის სამედიცინო ქირურგიულ კოლეჯში. 1801 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვილდენოვი მუშაობდა  ბერლინის ბოტანიკური ბაღის დირექტორად, სადაც შეისწავლა მრავალი სახეობის მცენარე და, მათ შორის,ჰუმბოლდტის მიერ ექსპედიციიდან  ჩამოტანილი სამხრეთ ამერიკული მცენარეები. 1810 წლიდან იგი გახლდათ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი. ვილდენოვის არაჩვეულებრივი ჰერბარიუმი, რომელიც 20 000-ზე მეტ ნიმუშს ითვლის,ბერლინში ინახება.

შვეიცარიელმა მეცნიერ-ნატურალისტმა და სამხრეთ ამერიკული ბოტანიკის მამად წოდებულმა კარლ პიტერ ტუნბერგმა (1743-1828), ბოტანიკის სფეროში დამსახურების გამო, ლუდვიგ ვილდენოვის სახელი – “Willdenowia Thunb” უწოდა  “Restionaceae”-ს ოჯახის მცენარეთა გვარს.

კარლ ლუდვიგ ვილდენოვმა შექმნა არაერთი ნაშრომი, რომლებსაც გამოსცემდა ლათინურ და გერმანულ ენებზე. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შრომა გახლავთ ბოტანიკის სახელმძღვანელო, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. აღნიშნული წიგნი ბოლო შესწორებული გამოცემაა. ის გერმანულიდან რუსულად თარგმნა სამხედრო ექიმმა ივან რეიპოლსკიმ. სახელმძღვანელო 1819 წელს დაიბეჭდა მოსკოვში, თეატრალურ სტამბაში. მისი სრული სახელწოდებაა: „Ботаника Вилльденова, заключающая в себе терминологию, разныя системы, ботаническия правила, названия растений, естествословие, болезни и историю прозябаемых, и наконец историю самаго травопознания“.

ვილდენოვის ბოტანიკა სახელმძღვანელოა ბალახების კვლევისა და მცენარეული ცოდნის, მათი სიცოცხლისა და ცხოველმყოფელობის  შესახებ. წიგნი მოიცავს ბოტანის ძირითად ასპექტებს: მცენარეთა სახელწოდებებს; მცენარეთა გარეგანი და შინაგანი აგებულების კანონზომირებებს (მორფოლოგიაანატომია); მცენარეთა სისტემატიკას; ტერმინოლოგიას; მცენარეთა განვითარების საკითხებს გეოლოგიურ დროში (ევოლუცია);  ნათესაური კავშირების კვლევას (ფილოგენია); დედამიწაზე მცენარეთა გავრცელებას წარსულსა და აწმყოში (მცენარეთა გეოგრაფია);  მცენარეული ორგანიზმების სასიცოცხლო პროცესებს (მცენარეთა ფიზიოლოგია); გარემოსთან მათ ურთიერთდამოკიდებულებას (მცენარეთა ეკოლოგია); მცენარეული საფარის აგებულებას (გეობოტანიკა ანუ ფიტოცენოლოგია);  მცენარეთა სამეურნეო გამოყენების შესაძლებლობას (გამოყენებითი ბოტანიკა); ცოდნას მცენარეთა დაავადებების (ფოტოპათოლოგია), წყალმცენარეების (ალგოლოგია),  სოკოების (მიკოლოგია),  ლიქენების ანუ ქარაგოზების  (ლიქენოლოგია), ხავსების ( ბრიოლოგია), მიკროსკოპული მცენარეული ორგანიზმების  (მიკრობიოლოგია)  შესახებ;  მცენარეულობის ისტორიასა და ბოლოს – თავად მცენარეთა ცოდნის ისტორიას.

გამოცემას დართული აქვს განსხვავებულ, ცისფერ, ჭვირნიშნიან ქაღალდზე შესრულებული ცამეტი ბოტანიკური ტაბულა– ფერადი მელნით, ხელით გაფერადებული გრავიურა. ასეთივე ქაღალდია გამოყენებული ფორზაცადაც.  სახელმძღვანელოში ტაბულებს წინ უძღვის ვრცელი განმარტებები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ტაბულაზე დანომრილი შესაბამისი გამოსახულებების შესახებ.

წიგნის მეოთხე თავი – მცენარეთა დასახელებები, იწყება ტექსტით: „რაც უნდა ადვილი იყოს მცენარეთათვის ახალი სახელწოდებების მიცემა,  ყველასთვის, ვინც მცენარეულ მეცნიერებაშია ჩართული, სასიამოვნოა მცენარეთათვის ტკბილხმოვანი და საყოველთაოდ გამოსაყენებადი  სახელების მოძიება …  სახეობების სახელწოდებების შესარჩევად ფერი და წარმოშობა ყველაზე არასანდო  ფაქტორებია.  არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ კონკრეტული მცენარე ან მცენარეთა ჯგუფი მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყანაში გვხვდება …

გადაგვარებულ სახეობას მკვლევარმა  უნდა შეარქვას მეორე სახელი, ის ყოველთვის უნდა მონიშნოს ბერძნული ასოებით. ”

სახელმძღვანელოს წინ უძღვის შენიშვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გასაყიდად წარმოდგენილი პროდუქციის გამოცემამდე დაიბეჭდა რამდენიმე ეგზემპლარი: ერთი – საცენზურო კომიტეტისათვის, ერთი – სასულიერო საქმისა და სამოქალაქო განათლების სამინისტროს დეპარტამენტისათვის, ორი – საიმპერატორო ბიბლიოთეკისათვის და ერთი – საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიისათვის. ეს ხუთი ეგზემპლარი დათარიღებული იყო 1818 წლის 22 აგვისტოთი. აქვე ვკითხულობთ ცნობას იმის შესახებ, რომ გამოცემა განკუთვნილი იყო საცენზურო კომიტეტისათვის, რომელიც დაფუძნებული იყო მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში. ტექსტში მითითებულია ცენზორის ვინაობაც – „ეს წიგნი წაიკითხა ორდენოსანმა პროფესორმა და კავალერმა – ივან დვიგუბსკიმ“.

იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი იყო წიგნის პირველ ფურცლებზე მიძღვნის ტექსტის დაბეჭდვა. გამონაკლისს არ წარმოადგენდა ვილდენოვის ბოტანიკაც. გამოცემის ძირითად ტექსტს წინ უსწრებს ფურცელი, რომლზეც ვკითხულობთ:  „მის უდიდებულესობას, ბატონ სახელმწიფო მრჩეველს სამედიცინო ნაწილში, მკურნალ-მედიკს, სხვადახვა ორდენის კავალერს, დიდ ბრიტანელ ბარონს იაკობ ვასილის ძე ვილიეს, მეცნიერების დიდ ქომაგსა და მფარველს, ეძღვნება გულმოდგინე ძღვენი“.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია ვილდენოვისბოტანიკის ორი ეგზემპლარი. ერთი მათგანის თავფურცელზე არის ორი ბეჭედი: ერთი – “ამხ. სტალინის სახ. თბ. პირვ. საშ. სკოლა” და მეორე – “Печ. Тифлисской реальной гимназии”, რომელსაც ახლავს  „Josepf Pinwinski“ – ის  მინაწერი.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები