რეკლამაspot_img

„ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტი – „ეკოლოგიკა“ გრძელდება

ყოველწლიური სასკოლო პროექტი „ეკოლოგიკა“, რომელშიც, ტრადიციულად, ზესტაფონისა და ჭიათურის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ, 2018 წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივითა და ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით დაიწყო.

პირველ წელს გასართობ-ინტელექტუალური და ეკოლოგიური შინაარსის პროექტში ორივე რაიონის 54  სკოლა ჩაერთო.

პროექტმა, ეკოლოგიის  თემატიკით, გასართობი და ინტელექტუალური თამაშები გააერთიანა. მისი მიზანი იყო, მოზარდებში მოტივაციის, ინტელექტუალური და შემეცნებითი ბაზის ამაღლება და განვითარება.

ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – „ეკოლოგიკის“ დასკვნითი შეჯიბრი  – საჩხერის სასტუმრო „მედიჰაუსის“ საკონფერენციო დარბაზში თბილისიდან ჩასულმა ჟიურიმ შეაფასა.საჩხერის სასტუმრო „მედიჰაუსის“ ეზოში კი პროექტი საზეიმოდ დაიხურა.

პროექტ „ეკოლოგიკის“ გამარჯვებული გახდა და პირველ ადგილზე გავიდა ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლა, მეორე ადგილი წილად ხვდა ზოდის საჯარო სკოლას. ჟიურის ფავორიტი გახდა  ტყემლოვანის საჯარო სკოლა.

აღსანიშნავია, რომ დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულმა გუნდებმა კონკრეტული ეკოლოგიური პროექტები წარადგინეს (ეს შეეხება ორივე რეგიონში გარემოსდაცვითი, კონკრეტული პროექტების იდეებს, ინიციატივას, წინადადებებს, ვთქვათ, რომელიმე სკვერის გამწვანებას, დასუფთავებასა და სხვა).
შემოთავაზებული პროექტები ჟიურიმ შეაფასა და  საუკეთესო იდეის ავტორები დაჯილდოვდნენ.  გამოვლენილი ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაზე კი „ჯორჯიან მანგანეზმა“ იზრუნა.
2019 წლის პროექტში ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ეკოლოგიკა 2019“-ის მიზანი უკვე ზესტაფონსა და ჭიათურაში საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოების გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელება იყო.

პროექტი გასული წლის 25 სექტემბერს „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ღონისძიება ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
პირველ ეტაპზე ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში – „რა, სად, როდის“ –საბუნებისმეტყველო საგნების თემატიკას მოიცავდა. მეორე ეტაპზე პირველ ეტაპში გამოვლენილმა შვიდმა გამარჯვებულმა გუნდმა, პროექტის მომზადების მიზნით, 3 დღიანი ტრენინგი გაიარა, რომელიც საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანებული ასოციაციის წამყვანმა კვალიფიციურმა ტრენერ-სპეციალისტმა რუსუდან ასათიანმა უზრუნველყო. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში მოზარდებმა პროექტი სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადეს.

რუსუდან ასათიანი, საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი და ტრენერსპეციალისტი:

„რაც შეეხება უშუალოდ ტრენინგებს, ბავშვები გაეცნენ ტესტის წერის, დონორებთან ურთიერთობის ტექნიკას, სპეციალურ ტერმინოლოგიას… ანუ საგრანტო პროგრამის პროფესიონალურად წერას, ამავდროულად, მისი წარდგენის წესები შეისწავლეს. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში კი, მოზარდებმა პროექტის კოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადეს“.​

მიმდინარე წლის იანვარში პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, კერძოდ: I ადგილი – ჭიათურის №2 საჯარო სკოლამ, II ადგილი – ზესტაფონის №4 საჯარო სკოლამ და III ადგილი ჭიათურის კაცხის საჯარო სკოლებმა აიღეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი, ჯამურად, 12 000 ლარს შეადგენდა, რომელიც ასე გადანაწილდა: I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი –4000 ლარი; III ადგილი – 3000 ლარი.

პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ინტელექტუალური გუნდი „რა სად როდის“ და გაერთიანებული ერების ასოციაცია (UNDP).

მირიან ხოსიტაშვილი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე:

„ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, ბიომრავალფეროვნების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვონ, ამ კუთხით გაიფართოვონ თვალსაწიერი.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანია, რომელიც საქმიანობს ამ მუნიციპალიტეტში, გამოხატავს სურვილს და თავის რესურსს ახალგაზრდების განათლებას ახმარს. ეს, ცხადია, ძალიან მისასალმებელი ფაქტია. იმედი მაქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“.

„ჯორჯიან მანგანეზი“ პროექტ „ეკოლოგიკას“ 2020 წელსაც განახორციელებს, იგი შემოდგომაზე დაიწყება. „ეკოლოგიკის“ თემატიკა ყოველწლიურად იცვლება და თემები ამჯერად მოსწავლეებთან შეთანხმებით შეირჩევა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი,„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი:

„იანვარში კიდევ ერთი კარგი პროექტის ერთ-ერთი ეტაპი დასრულდა. აღნიშნულ პროექტს დადებითად ვაფასებთ და მოგვწონს,რადგან პროექტში ბავშვები მონაწილეობენ და  მონდომებულები არიან.
გვინდა, რომ ამჯერად იდეები მოზარდებმა მოგვაწოდონ, თავად შემოგვთავაზონ, თუ რა გავაკეთოთ მომავალ წელს და რის შესახებ გამოცხადდეს კონკურსი. ჩვენი თხოვნაა, რომ შედეგი იყოს არა რომელიმე სკოლისა ან კონკრეტული ადგილისთვის შექმნილი, არამედ ისეთი, რომელიც რეგიონებს გამოადგებათ“.

ასე რომ, „ჯორჯიანმანგანეზის“ პროექტი „ეკოლოგიკა“ გრძელდებადა ყოველწლიურად ახალ-ახალ ინციატივებს აერთიანებს, რათამოსწავლეებმა მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობადა იზრუნონ საკუთარი რეგიონის გამწვანებასა და ეკოლოგიურ სისუფთავეზე.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები