რეკლამაspot_img

ისტორიის მწვანე ფურცლები

მემატიანეები სატყეო და სამონადირეო საქმიანების შესახებ

ნესტან ბაგაური
რევაზ ობოლაძე

 ჟურნალ „სატყეო მოამბის“ სტატია, ქართულ ნარატიულ წყაროებზე დაყრდნობით,  გვაწვდის საინტერესო ისტორიულ ცნობებს საქართველოს ტყის რესურსებით სარგებლობისა და მათი დაცვის შესახებ.  სტატიის შემოკლებულ ვერსიას ჟურნალი “ველური ბუნება“ გთავაზობთ.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ შუა საუკუნეების ქართველ მემატინეთა თხზულებებში ტყის რესურსების განკარგვისა და დაცვის შესახებ პირდაპირი მონაცემები მწირია. მათი აზრით, ერთ-ერთ მთავარ ნარატიულ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს „ხელმწიფის კარის გარიგება“ (XIV ს ), რომელიც მოგვითხრობს სატყეო-სამონადირეო საქმისა და სამოხელეო სტრუქტურის შესახებ.აღნიშნული წყაროდან ვიგებთ, რომ ტყისმცველნი მონადირთუხუცესის სახელოს ექვემდებარებოდნენ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან შუა საუკუნეებში ნადირობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ტყეს. იგივე წყარო მოგვითხრობს, რომ იმ დროისათვის საქართველოში მონადირეები საკმაო რაოდენობით იყვნენ – „მონადირენი კახეთს და იმერეთს ყველგან არიან, ორას სამოცი სახლი არისო“ – (ხკგ. გვ-2)

ძველ სამოხელეო აპარატში ტყისმცველთუხუცესიც არსებობდა. ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილიც წერს,  ტყის მცველნი მოხსენიებული არიან თამარ მეფის 1189 წლის სიგელშიც. „ამ ტყისმცველთ თავიანთი უფროსიც ჰყოლიათ, რომელიც სახელად „ტყისმცველთუხუცესი“  ეწოდებოდა. რაკი ეს უკანასკნელი უმაღლესითანამდებობაა, ტყისმცველებზე უწინარესს საბუთში იხსენიება, ამიტომ თვითტყისმცველთა თანამდებობაც თამარისმეფობამდისაც უნდა ყოფილიყო საქართველოში.“ (ივ. ჯავახიშვილი. ქართულისამართლის ისტორია. წიგნი II, ნაწილიI. ტფ. 1928. გვ. 196.).

„ქართლის ცხოვრებაში“ თავმოყრილი ავტორების თხზულებათა თვალის მიდევნებით ტყის საფართან დაკავშირებული ინფორმაცია შესაძებელია დავაჯგუფოთ სამ კატეგორიად:

  1. კონკრეტული რეგიონისა თუ პუნქტის ტყის საფარის შესახებ ცნობები;
  2. ტყე, როგორც ომიანობის დროს თავშესაფარი ადგილი
  3. ტყე, როგორც მეფეებისა თუ დიდებულებისათვის ნადირობის სივრცე.

ხელმწიფის კარის გარიგებიდან კარგადჩანს, რომ მონადირეთუხუცესი შუასაუკუნეების საქართველოში მაღალირანგის მოხელე იყო. ამ აზრს ივანე ჯავახიშვილიც ეთანხმება – „ნადირობას ძველ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მარტო გასართობადარ ითვლებოდა. იგი ერთგვარი სამხედრო და სალაშქრო ვარჯიშობა იყო,როდესაც ადამიანის თვალი და ხელიმარჯვე სროლას, განსაცდელის გულითადად ატანას და მოქმედების მსწრაფლსიმკვირცხლეს ეჩვეოდა (ივ. ჯავახიშვილი. ქართული სამართლის ისტორია.წიგნი II, ნაწილი I. ტფ. 1928. გვ. 195)

სამონადირეო საქმიანობის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ეხება მნიშნელოვანი ისტორიული პირების, მეფეთა თუ დიდებულთა, ნადირობას. სამეფო ნადირობის ამსახველი პასაჟების გალერეაში ერთ-ერთი პირველი ცნობა გვხვდება ლეონტი მროველთან (XI ს.) და ის უკავშირდება მეფე ფარნავაზს: „ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ დანადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი დაჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა.“  (ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა.წგნ. ქართლის ცხოვრება. თბ. 2008.გვ. 40.). მემატიანე გადმოგვცემს, როგორ სდია მეფემ დიღმის ველიდან თბილისისაკენ ნადირს და როგორ მოინადირა ის თავისი მაღალი სამონადირეო ოსტატობით.

ლეონტი მროველივე აღწერს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მეფის, მირიანის ნადირობას.  აქ დადასტურებულია რამდენიმე სანადირო ადგილი, სადაც ზაფხულობით მეფე მირიანი ნადირობდა –  მუხრანის სანახები, თხოთის მთა,კასპი, უფლისციხე.

დავით აღმაშენებლის ნადირობის შესახებ მისი მემატიანე საინტერესო ცნობებს გვაწვდის – „ოდეს-ცა ნადირობა უნდის ქართლისაჭალათა, ანუ ნაჭარმაგევს, რომელი ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ეშუთამიერ,ხოლო ცხენ-კეთილნი კაცნი ჩამოგზავნიან და გაინახიან; ეგრეთ-ღა ჩამოვიდიან ნადირობად ვაკესა.“ (ცხოვრებამეფეთმეფისა დავითისი. წგნ. ქართლისცხოვრება. მთავარი რედაქტორი როინმეტრეველი. თბ. 2008. გვ. 308). წყაროდან ვიგებთ, რომ მეფე დავითის საყვარელი სანადირო ადგილები ყოფილა ქართლის ჭალები, კონკრეტულად კი – ნაჭარმაგევი, სადაც უხვად იყო ირმები და ეშვებიანი ცხოველები.

განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მეფე თამარის დამოკიდებულება ნადირობისადმი.  ამის შესახებ გვიამბობს მისი მემატიანე, ბასილი ეზოსმოძღვარი (XII-XIIIსს.): „…თვით წარუძღვის, იორისპირი და მტკურის პირი მოინადირის, მერმე დასოს შემოდგის და მუნ იხარებდიან, ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. მუნით სომხითს შემოვიდიან, ნადირობდიან ამოთა თამაშითა.”(ბასილი ეზოსმოძღუარი. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“. წგნ. ქართლის ცხოვრება. თბ. 2008. გვ. 495.). საინტერესოა, რომივრისა და მტკვრის სანახებში მხლებლებს თამარი თვით მიუძღვება სანადიროდ და საკმაოდ ხანგრძლივადაცრჩება იქ.

მეფე თამარის კეთილ სანადირო ადგილებში _ გეგუთსა და აჯამეთში ნადირობის შესახებ მოგვითხრობს შემდეგი ცნობა:„… მოინადირიან კეთილი იგი სანადირო – გეგუთი და აჯამეთი. მერმე გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს, და დადგიან დურს; მოვიდიან ხარაჯითაგანძელნი და აღმართ-ქალაქნი.“ (ბასილი ეზოსმოძღუარი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. წგნ. ქართლის ცხოვრება. თბ. 2008. გვ. 467-468) ნადირობას ბურთობისა თუ შვება – ლხენის კონტექსტში თამარის მემატიანე არაერთგზის ახსენებს (იქვე. გვ. 413, 419, 426, 437, 479.).  ამასთან, როგორც ჩანს, ნადირობაში ხშირად მთელი სამეფო ოჯახი მონაწილეობდა.

მეფე-მთავართა ნადირობისა და მათი,როგორც მონადირე-მოისართა, შესაძლებლობების შესახებ ცნობებს გვაწვდის არაერთი მემატიანე, ჯუანშერი, აღწერს, როგორ შეხვდაწმიდა მამა დავით გარეჯელი ყარაიასველზე კაკბებზე მონადირე ადგილობრივდიდებულს, ბუბაქარს.

თამარ მეფის მემატიანესთან, ბასილიეზოსმოძღვართან კი საინტერესო ცნობაა სარგის მხარგრძელის, თმოგუელისა და შალვა თორელის ნადირობის შესახებ ზემო ჯავახეთში.

ნარატიულ წყაროებში გაბნეულია ცნობები ტყის სიხშირისა თუ მისი თავშესაფრად გამოყენების თაობაზე. ამ შინაარსის ერთ-ერთიპირველი ცნობა გვხვდება ჯუანშერთან. ცნობის მიხედვით, ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, „კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე დადის-წული მისი გარდავიდეს კახეთად, და შედგეს ხევსალოპატისასა,  ქუეყანასამას კლდითა მოზღუდვილსა…“. (ჯუანშერი. ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა.წგნ. ქართლის ცხოვრება. თბ. 2008.გვ. 217.).

ბუნებრივია, გასახიზნი ადგილი ყოველთვისგანსაკუთრებული ძნელბედობის ჟამსიყო საჭირო. ამგვარ ძნელბედობათა შორის გამორჩეული იყო საქართველოს ისტორიაში მურვან ყრუს შემოსევები. ამ დროსაც მიუშურებია თავშესაფრად ქცეული უხვი ტყეებისათვის ჩვენს წინაპარს: „…ყოველნი მთავარნი და პატიახშნი,ნათესავნი ერის-თავთა და წარჩინებულთანი შეიმეოტნეს კავკასიად, და დაიმალნეს ტყეთა და ღრეთა.“ (ჯუანშერი.ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა. წგნ.ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილისგამოცემა. გვ. 234.).

ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, თუ როგორ მიაშურეს ტყეებს მონღოლების შემოსევისას: „ხოლო ნოინნი ესე ზემოხსენებულნი შემოვიდეს ქართლს, თრიალეთს, სომხითს, ჯავახეთს, სამცხეს, შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, კოლას, არტანს,ანისს.  მანდატურთ-უხუცესი შანშეშეივლტოდა ქუეყანად აჭარისა, და ამირსპასალარი ავაგ შევიდა ციხესა კაენისასა, და ვარამ გაგელი შეივლტოდა ქუთათისს, და ეგრეთვე ჰერნი, კახნი, სომხითარ-ქართლელნი, მესხნი, ტაოელნი, თორელ-არტან-კოლაელნი, ყოველნი ივლტოდეს ციხეთა და მთათა, ტყეთა დასიმაგრეთა კავკასიანთასა და მთიულეთს.“ (ჟამთააღმწერელი. წგნ. ქართლის ცხოვრება. თბ. 2008წ. გვ. 547-548).

შუა საუკუნეების ნარატიულ წყაროებში ხშირად გვხვდება პირდაპირი ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტყის სიხშირეზე, მცენარეულ საფარზე, იქ გავრცელებულ ნადირზე. ამ თვალსაზრისით საინტერესოა შემდეგ მემატიანეთა მონაცემები: ლეონტი მროველი, როდესაც ჯავახეთში წმ. ნინოს შემოსვლაზე მოგვითხრობს, ფარავნის ტბას მოიხსენიებს მონადირეთა ტბად, რომელში დაჭერილი თევზითაც უმასპინძლეს წმ. ნინოს – იგი მიემთხა ტბასა დიდსა გარდა მდინარესა, რომელსა ჰქვან ფარავნა. …და დაყო მუნ ორი დღე დაითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთასა“. (ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა. წგნ. ქართლის ცხოვრება.  თბ. 2008. გვ. 97).

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მეფე დავითის მიერ სამშვილდის აღების შემდგომი ამბების თხრობისას განსაკუთრებით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მტკვრისა და ივრისპირეთის მცენარეული და ცხოველური საფარის შესახებ – „რამეთუ ვიდრე მოაქამომდეს თუელთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგითა მათითა, ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკუარისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე, და იორისპირთა, და ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრის, ვითარცა არესა გაზაფხულისასა, ითიბების თივა, და აქუსშეშა და წყალი უხუებით, და მუნ არს სიმრავლე ნადირთა თვთო-ფერი დასაშუებელი ყოველი. ამათ ადგილთა შინა დადგიან ხარგებითა. ცხენისა, ჯორისა, ცხუარისა და აქლემისა მათისა არა იყო რიცხვ. ეგრეთ-ვე ზაფხულისცა ჰქონდის შუება და განსუენება, თივათა და ველთა შუენიერთა, წყაროთა დაადგილთა ყუავილოვანთა, და ესე-ოდენდიდი იყო ძალი მათი და სიმრავლე“ (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. წგნ.ქართლის ცხოვრება. თბ. 2008. გვ.315.)

ჟამთაღმწერელი  საკმაოდ ვრცლად აღწერს აჭარისა და ნიგალისხევის ტყის საფარს: „რომელი ყოვლად უვალ იყო კაცთაგან, და არა დასაჯერებელ არსკაცთაგან, უკეთუ ვისმე ეხილნეს მთანიიგი, რომელ წარვლნეს, რამეთუ ყოვლად შესაძრწუნებელ არს სლვა კაცისა, არა თუ ცხენისა, პირველ სიმძაფრითა დამერმე ტყისა სიხშირითა და შქერთა დაეკალთა,  და იქმნა ესეცა, რომელ განვლეს ტყესა ერთსა, ქუეშეთ კლდიანსადა ზედათ მიწისა მცირისა მქონებელსა,და ზედა მოშენებულ იყო ტყე; მას სთხრიან  და ჰპოებენ სამკაულთა დედათასა, ოქროსა და ვეცხლისათა. (ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე. წგნ. ქართლის ცხოვრება. თბ. 2008. გვ. 602.)

ამრიგად, შუა საუკუნეების (IV-XVსს.) ქართულ ნარატიულ წყაროებში გაბნეული არაპირდაპირი ცნობების მიხედვით შესაძლებელია საქართველოში ტყით სარგებლობის, მისი გავრცელების არეალებისა და ბინადრების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება. ეს მონაცემები მოკლედ ასე კლასიფიცირდება:

  1. ცნობები ნადირობის შესახებ. ამ ნაწილში საინტერესოა, მეფე-მთავართა ნადირობისა და მათი სამონადირეო უნარების თვალის მიდევნება. მემატიანეები,როგორც წესი, კარგ მოისრობასა დანადირობაში გაწაფულობას აღმატებითი ეპითეტებით პიროვნების შემკობისას იყენებენ, რაც ნადირობას მაღალი რანგის საქმიანობად წარმოაჩენს.
  2. ცნობები ტყის, როგორც სახიზარის გამოყენების შესახებ. ამ ტიპის ინფორმაცია წარსულში საქართველოს ცალკეული რეგიონების ტყის მასივების სიხშირის შესახებ უმნიშვნელოვანესია.
  3. პირდაპირი თხრობა ტყის მასივებისა და მისი ბინადრების შესახებ. ამ რანგის ინფორმაცია გაბნეულია როგორც წინა ორი კატეგორიის პასაჟებში, ისე პირდაპირ ტყის საფარის შესახებ თხრობაში.

ამ მიმართულებით დაკვირვება დარგის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს გააკეთონ შედარებითი ანალიზი: რამდენად შეესაბამება ისტორიულად დასახელებული სანადირო ადგილები დღევანდელ რეალობას? არისთუ არა ამ მიდამოებში გავრცელებული იგივე ფლორა და ფაუნა, რაც იყო საუკუნეების წინ, თუ ეს რეალობა შეიცვალა, ისევე, როგორც ეს ყარაიას ველის შემთხვევაში გვაქვს, როდესაც წარსულში აქტიური სანადირო ველი ახლა უდაბნოდ არის ქცეული? დაბოლოს, ამ მონაცემების შეჯერებისას შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: თუ ვითარება შეცვლილია, რას შეიძლება ეს მიეწეროს: შემოსევებს, ბუნებრივ კატაკლიზმებსა თუ ლანდშაფტის ცვლას საუკუნეების განმავლობაში.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები