რეკლამაspot_img

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

  • რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას, ზოგადად, კაცობრიობისათვის და თქვენთვის კონკრეტულად, როგორც ერთი ადამიანისთვის?ახერხებთ თუ არა ბუნებაში გასასვლელად დროის გამონახვას და რა აქტივობებს ანიჭებთ უპირატესობას?

საქართველო გამორჩეულია უნიკალური ბუნებით, მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მთებსა და ტყეებს უკავია, რაც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი სიმდიდრეა. იგი გამორჩეულია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ენდემური სახეობებით, რაც ამ პატარა ქვეყნის ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. ამ სიმდიდრეს ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და განვავითაროთ.

ბუნებაში ყოფნა იმ პირველყოფილ სრულყოფილებასთან დაბრუნების მცდელობაა, რომელსაც, ურბანული განვითარების ტემპების გამო, ადამიანი ასე ძალიან დაშორდა, თუმცა ჩვენ, ყველას, ამ შეგრძნებების ნოსტალგია და მასთან დაბრუნების სურვილი გამუდმებით თან გვდევს და ბედნიერები ვართ, როცა ამას ვახერხებთ.

მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, ჩემს ყოველდღიურობაში მაინც ვპოულობ დროს, არ გავწყვიტო ბუნებასთან კავშირი. მაგალითად, კვირაში რამდენჯერმე თბილისის ზღვაზე, მთაწმინდასა და კუს ტბაზე ვასეირნებ ძაღლს. ბუნებასთან თუნდაც მცირეხნიანი კონტაქტი ჩემთვის ერთგვარი თერაპიის საშუალებაა. რეალურად ძალიან ბევრი მწვანე ადგილია თბილისში, ახლო მანძილზე, რასაც ჩვენ ვერ ვიყენებთ.

პირველი დღიდანვე ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაცია და დაცვაა. უკვე ვიყავი არაერთ დაცულ ტერიტორიაზე და ნაკრძალში: ვაშლოვნის, კოლხეთის, თუშეთისა და სხვა. სულ ახლახანს კი გახლდით თუშეთში, სადაც ადგილზე გავეცანი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს.

  • უკავშირებთ თუ არა ბოლოდროინდელ მოვლენებს (პანდემიას) ბუნებისადმი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას, არის თუ არა ეს მისი პასუხი ან გაფრთხილება?

ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე ძალზე საგრძნობია. ზოგადად, სწრაფი ეკონომიკური განვითარების/ურბანიზაციის პირობებში ეს გარკვეულწილად გარდაუვალია, მაგრამუკიდურესად მნიშვნელოვანია დაცული იყოს ზომიერება და ბალანსი. ამისათვის კი, საჭიროა, მეტად დავნერგოთ ბუნების რესურსების უფრო გონივრული და მდგრადი გამოყენების პრაქტიკა. გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადადგმულია, თუნდაც საკანონმდებლო გარემოს დახვეწის კუთხით, მიწისა და ტყის მდგრადი მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით, და ა.შ.

რაც ეხება კავშირს ბუნებრივ ცვლილებებსა და Covid -19-სგლობალურ პანდემიას შორის -ეს ჯერჯერობით უფრო სიღრმისეული სამეცნიერო კვლევების საკითხია, თუმცა, დღეს არსებობს მოსაზრებები, რომ ბუნებრივი ეკოსტისტემების რღვევა, შესაძლოა, ინფექციური აგენტების გავრცელების ხელშემწყობი გახდეს. ზოგადად, არამარტო პანდემიაა, ასე ვთქვათ, გარკვეული ნიშანი, ბუნება უკვე მრავალი წელია ბევრ გაფრთხილებას გვაძლევს, თუნდაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებით, იქნება ეს ხანძრები, თუ სხვა მოვლენები.

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები