რეკლამაspot_img

თევზის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

აკლიმატიზაციის ტიპები და ფაზები:

1. ჩანერგვითი აკლიმატიზაცია – ტარდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შედარებით თავისუფალი ნიშა, რომელშიც გადასახლებული იკავებს თავის ადგილს, იყენებს წყალსატევში არსებულ საკვების რეზერვს და არ შედის ან თითქმის არ შედის კონკურენტულ ურთიერთობებში ადგილობრივ სახეობებთან.
2. ჩანაცვლებითი აკლიმატიზაცია – ითვალისწინებს დაბალფასიანი აბორიგენების შეცვლას მეურნეობრივი თვალსაზრისით უფრო სარგებლიანი სახეობებით. ამისათვის შეარჩევენ აკლიმატიზაციის ფასეულ ობიექტს, რომელიც თავისი სიცოცხლისუნარიანობითა და კონკურენტუნარიანობით აღემატება მათ. თუმცა მრავალ ფასეულ სახეობას არ გააჩნია ასეთი ბიოლოგიური თავისებურება. ამიტომ ითვალისწინებენ დაცვით ღონისძიებებს, რომლებიც საშუალებას იძლევა გადასახლებულთა რაოდენობა მივიდეს საჭირო მასშტაბებამდე და ამრიგად რეკონსტრუირებული იქნას წყალსატევის ფაუნა სასურველი მეურნეობრივი მიმართულებით.
3. გამორიცხვის აკლიმატიზაცია – ეს არის წყალსატევში ახალი სახეობის ჩასახლება, რომელიც თავისი სიცოცხლისუნარიანობით ადა კონკურენტუნარიანობით ვერ უპირისპირდება აბორიგენებს, მაგრამ სახეობის წარმომადგენლებს შეუძლიათ შექმნან მცირერიცხოვანი პოპულაცია, რომელიც დაიკავებს შეზღუდულ არეალს და განთავსდება ადგილობრივი ბიოცენოზების განაპირა უბნებზე
4. შევსების აკლიმატიზაცია – ეს არის გადმოსახლებულის მიერ ღარიბი იქტიოფაუნის შევსება წყალსატევში, რომელიც მდებარეობს იზოლაციაში (მთის, კუნძულების ტბები და ა.შ.).
5. კონსტრუირების აკლიმატიზაცია – აკლიმატიზაციის უმაღლესი ეტაპი. ითვალისწინებს საკვები ბაზისა და იხტიოფაუნის მიზანმიმართულ ხელახალი ფორმირებას ან ახალშექმნილ წყალსატევში, ან ისეთში, რომელშიც მოხდა ღრმა ცვლილებები გარეშე ზემოქმედების გამო, რის შედეგადაც დაიკარგა ადგილობრივი სახეობები.

ფაზები
შესაძლებელია გამოვყოთ სახეობის ახალ პირობებში აკლიმატიზაციის პროცესის ხუთი ფაზა.

ნახატი: აკლიმატიზაციის ფაზები

I – გადარჩენა II – გამრავლება და რაოდენობრივი ზრდა; III – რაოდენობრივი აფეთქება; IV – ბიოტური ურთიერთობების დადგომა (რაოდენობრივი ვარდნა); V – ნატურალიზაცია

I ფაზა – გადმოსახლებული ორგანიზმების გადარჩენა მათვის ახალ პირობებში (ფიზიოლოგიური ადაპტაციის პერიოდი).  ამ პერიოდში ხდება გადმოსახლებულის ადაპტაცია გარემოს ბიოტური და აბიოტური ფაქტორების პარამეტრებთან და ხდება ფიზიოლოგიური ძვრა მისი ორგანიზმის განვითარების ყველა ეტაპზე. ეს ფაზა გრძელდება ორგანიზმის ჩასახლების ეტაპიდან  შთამომავლობის გაჩენამდე.

II ფაზა – გამრავლება და პოპულაციის ფორმირების დასაწყისი. გადარჩენილ გადმოსახლებულ ორგანიზმებში ხდება შემდგომი ზრდა და განვითარება, მოწიფება და გამრავლება. სადედე ჯოგი და მათი შთამომავლობა თანდათანობით სახლდებიან წყალსატევის აკვატორიაში, ითვისებენ ჩასახული პოპულაციის გამრავლებისა და ნასუქობის ადგილებს.

III ფაზა – გადმოსახლებულის მაქსიმალური რაოდენობა (აფეთქების ფაზა). ამ ფაზაში პოპულაციის მკვეთრი რაოდენობრივი ზრდა (აფეთქება) ჩვეულებრივ შეინიშნება წყალსატევში საკვები ბიომასის  დიდი რაოდენობით რეზერვის არსებობის შემთხვევაში, საკვების გამო კონკურენციის არარსებობის, მტრებისა და პარაზიტების მცირე რაოდენობის, საკმარისი სატოფე ფართობებისა და გარემოს ხელსაყრელი აბიოტური ფაქტორების მოქმედების შემთხვევაში. თუ  წყალსატევში მოქმედებს არამთლად ხელსაყრელი პირობები ინტროდუცენტი ორგანიზმის გამრავლებისა და ნასუქობისათვის, მაშინ პოპულაციის რაოდენობრივი მაჩვენებლების „აფეთქება“ შეიძლება არ მოხდეს.

IV ფაზა – გადმოსახლებულის ბიოტურ გარემოსთან  წინააღმდეგობის გამწვავება. გადმოსახლებულის პოპულაციის რაოდენობის მკვეთრ ზრდას ხშირად მივყავართ აბორიგენ სახეობებთან შიდასახეობრივი და სახეობებშორისი ურთიერთობების გამწვავებასთან.   წყალსატევში ბიოტური ურთიერთობების გამძაფრება შესაძლებელია ბიოტოპის შედარებით ჭარბი განსახლების, გაზრდილი მოხმარების, საკვები ბაზის მდგომარეობის გამძაფრების, მტაცებლების გავლენისა და სხვა მნიშვნელოვან მიზეზთა გამო.  წყალსატევში საკვები ბაზის ოდენობის შემცირებისას  ფიქსირდება საკვების უკმარისობა გადმოსახლებულთათვის.  გადმოსახლებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის პირობებში ნეგატიური გავლენა ორგანიზმებზე შეიძლება იქონიონ ასევე მტრებმა და დაავადებებმა, რადგან ახალ პირობებში მათ ჯერ არა აქვთ გამომუშავებული დამცავი რეაქცია.  გარემოს ყველა ეს არახელსაყრელი პირობა  ჩვეულებრივ იწვევს გადმოსახლებულთა რაოდენობის შემცირებას, რაც შემდგომში სტაბილიზდება განსაზღვრულ საზღვრებში.

V ფაზა – ახალ პირობებში ნატურალიზაცია. თაობების რიგის გასვლის შემდგომ გადმოსახლებული საბოლოოდ ადაპტირდება ახალ წყალსატევში,  პოპულაციის რაოდენობა, არეალის ფართობი და სხვ. შესაბამისობაში მოდის მოქმედ გარე აბიოტურ და ბიოტურ გარემო პიობებთან.  ინტროდუცენტს ახალ პირობებში ემართება შემდეგი ცვლილებები: ვლინდება ორგანიზმების მორფოფიზიოლოგიური სახე; გამომუშავდება  ახალი დამახასიათებელი თავისებურებები ბიოლოგიასა და ქცევებში; განისაზღვრება სატოფე და სანასუქე არეალები, მიგრაციის გზები, ადგილი ეკოსისტემაში.  შესაბამისად, წყალსატევში სრულდება ახალი ეკომორფის ფორმირება მისი ორგანიზმებისა და პოპულაციებისათვის  დამახასიათებელი სპეციფიკური თავისებურებებით.

ორგანიზმების შემგუებლობა  აკლიმატიზაციის პერიოდში

  1. პასიური შემგუებლობა – როდესაც გარემოს ცვლილებები იწვევსცვლილებებს ნივთიერებათა ცვლის დონეზე, ამასთან, ყოვნდება  ორგანიზმის ზრდა და განვითარება, მაგრამ იგი განაგრძობს სიცოცხლეს გარკვეული დროის განმავლობაში, რის შედეგადაც დგება საჭირო ფაზა და სიკვდილი. ეს არის ფიზიოლოგიური ადაპტაცია – აკლიმაცია.
  2. აქტიური შემგუებლობა – როდესაც ნივთიერებათა ცვლის ცვლილებებისას ორგანიზმი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობასა და აღწარმოების უნარს. ეს არის ორგანიზმების ეკოლოგიურ-ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ადაპტაციის ტიპი, რომელიც უდევს საფუძვლად აკლიმატიზაციას.

ჰიდრობიონტების აკლიმატიზაციის ღონისძიებების მომზადება, გადასახლების ბიოტექნიკა. 

აკლიმატიზაციის ღონისძიებების მომზადება წარმოებს ორ ეტაპად:

I.თეორიული მომზადება – აკლიმატიზაციის მიზანშეწონილობის ბიოლოგიური დასაბუთების შემუშავება და გადასახლების ბიოტექნოლოგიის შერჩევა.

  1. დაგეგმილი ღონისძიების პრაქტიკული განხორციელება.

თეორიული ეტაპის მიზანი  – აკლიმატიზაციის მიზანშეწონილობის ბიოლოგიური დასაბუთება. ის შედგება რამდენიმე  კარისაგან:

1.1 აუზის დახასიათება

1.2 აკლიმატიზაციისათვის განკუთვნილი ფორმების დახასიათება;

1.3 გადასახლების ბიოტექნიკა

1.4 სავარაუდო ეფექტურობა

1.5. აკლიმატიზაციის ღონისძიებების ზოგადი სქემა აუზისათვისდა მისი განხორციელების ტაქტიკა;

პირველი კარი მოიცავს ფიზიკო – ქიმიური რეჟიმისა და მოსახლეობის დახასიათებას,  მათ ცვლილებებს პერსპექტივაში. წყალსატევის ეკოლოგიური და კვებითი ტევადობის, ძვირფასი და ნაკლებად ფასეული სახეობის თევზების, უხერხემლოებისა და წყალმცენარეების თანაფარდობის  განსაზღვრას. აკლიმატიზაციის ღონისძიებების დასაბუთებასა და მათ შეთავსებას აუზის სარეწაო პროდუქტიულობის ამაღლების სხვა მეთოდებთან. აკლიმატიზაციის ღონისძიებების მთავარი მიმართულებებია – აბორიგენული ფლორისა და ფაუნის შემადგენლობის შევსება სასარგებლო სახეობებით, ზოგიერთი აბორიგენული სახეობების ჩანაცვლება ბიოლოგიურად და მეურნეობრივად უფრო სასარგებლო სახეობებით,   წყალსატევის მობინადრეების შემადგენლობის რეკონსტრუირება, მობინადრეთა მიზანმიმართული ფორმირება, კვებითი ჯაჭვებისა და ცენოზების ფორმირება.

მეორე კარი შედგება ინტროდუცენტის ბიოეკოლოგიური დახასიათებისაგან.  მისი მოთხოვნებისა და წყალსატევის რეჟიმის თავსებადობის განსაზღვრა, ჩასახლების ობიექტის სარეწი და სასურსათო (ან საკვები) ხარისხობრივი მაჩვენებლების, აკლიმატიზანტის ნატურალიზაციის შესაძლებლობებისა და მისი რაოდენობის შესანარუნებლად საჭირო ღონისძიებების (ხელოვნური აღწარმოება, ხელოვნური სატოფეები, მოზარდეულის გამოზრდა და ა.შ.) განსაზღვრა, აბორიგენულ სახეობებზე აკლიმატიზანტის ზემოქმედების ძირითადი მიმართულებების გამოვლენა, აკლიმატიზანტის პარაზიტოფაუნის  და აბორიგენებისთვის მისი საფრთხის დახასიათება, ასევე პირიქით.

მესამე კარი უნდა მოიცავდეს აკლიმატიზანტის გადასმისათვის ხელსაყრელი განვითარების სტადიის შერჩევას, ჩასასმელი მასალის მიღების დროსა და ადგილს, ტრანსპორტირების მეთოდიკას, კარანტინიზაციის, გაშვების ან ქვირითის ინკუბირების და მოზარდეულის გამოზრდის ადგილს, ცალკეული სახეობების გადასმის განხორციელების თანმიმდევრულობასა და ვადებს, ცალკეული სახეობების გადასმის განმეორებითობას.

მეოთხე კარში მიუთითებენ  გამრავლებისა და ნასუქობის შესაძლო არეალს,   ჯოგის რაოდენობას, რეწვაში (ან თევზების კვებაში) გამოჩენის დრო,რეწვის ადგილები და ხერხები, ეკოლოგიური ეფექტი.

  1. ობიექტის გადასახლების პრაქტიკული ეფექტი ითვალისწინებს:

1) ჩასასმელი მასალის შეგროვებასა და დამზადებას;

2) ტრანსპორტირებას;

3) ჩასასახლებელ წყალსატევში გაშვებას.

ყველაზე უსაფრთხოა გადასახლება დასახული სახეობის ობიექტის ქვირითის გადასმის მეშვეობით, რომელსაც ან არა აქვს დავადება, ან დავადებულია ერთი სახის დავადებით. ქვირითს ყველაზე ხშირად ღებულობენ თევზსაშენ ქარხნებში  ან ტოფობის ადგილებზე ბუდეებში. ზოგიერთ შემთხვევაში  სასქესო პროდუქტებს ღებულობენ მათი მოწიფების სტიმულირების ფიზიოლოგიური  მეთოდების მეშვეობით.

თევზის ლიფსიტებს ასევე ხშირად არჩევენ თევზსაშენ ქარხნებსა ან საშენებში ქვირითის ინკუბირების შემდგომ. შორეულ მანძილებზე ლიფსიტები გადაჰყავთ უფრო იშვიათად, ვიდრე – ქვირითი.

მწარმოებლებს გადასასმელად იჭერენ სატოფე მიგრაციების პერიოდში (გამსვლელი ან ნახევრად გამსვლელი თევზები), ან გამოსაზამთრებელ ორმოებში (მაგ. ლოქო).

გარემო და ჰიდრობიონტების თვისებები აკლიმატიზაციისას

უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ აკლიმატიზაციის ეფექტურობას, უპირველეს ყოვლისა მიეკუთვნება ტემპერატურა და მისი მერყეობის ზღვარი ბუნებრივ პირობებში.

ტემპერატურულ რეჟიმს აქვს არსებითი მნიშვნელობა მტკნარი წყლის თევზების ინტროდუქციისას. სახეობის გადასახლება ჩრდილოეთით ან სამხრეთით, წყალსატევებში,  რომლებიც მდებარეობენ  შორს, საბინადრო არეალის ფარგლებს გარეთ, ასუსტებს აკლიმატიზანტების სიცოცხლისუნარიანობას.

ჰიდრობიონტების აკლიმატიზაციისას  აუცილებელია გათვალისწინებული იქნას გარემოს ისეთი მნიშვნელოვანი აბიოტური ფაქტორები, როგორებიცაა: მარილიანობა, ჟანგბადის რეჟიმი, განათება, გრუნტი, სატოფე სუბსტრატი, ასევე დინება, დონეების რეჟიმი, სიღრმეები, წყალსატევის ზომა და ნაპირების კონფიგურაცია.

უმნიშვნელოვანეს ბიოტურ ფაქტორებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩასახლებულთა  სიცოცხლისუნარიანობასა და მათი პოპულაციის წარმოქმნაზე ახალ წყალსატევში, აღსანიშნავია საკვების არსებობა, მტაცებლები, კვებითი კონკურენტები და პარაზიტები.

 

აკვაკულტურის როლი მტკნარი წყლების ეკოსისტემების მდგრადი ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში

      თევზჭერა და თევზმოშენება შიდა წყალსატევებზე ბაზირებს მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და ესტუარიების თევზის რესურსების გამოყენებაზე.

მტკნარი წყლების აკვაკულტურის არსებობისა და განვითარების საკითხები ატარებენ დარგთშორის ხასიათს და პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან, კვებასადა დასვენებასთან.

არსებობს წყალსატევებზე ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მოთხოვნილება. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანა. მტკნარი წყლების აკვაკულტურის განვითარება ერწყმის ამ პრობლემას.

სიტუაციაში, როდესაც  შიდა წყალსატევებზე თევზის მეურნეობის განვითარების სახელმწიფოებრივი ხელმძღვანელობა სრულად მოიშალა, მკვეთრად დადგა შიდა წყალსატევების ბიოლოგიური რესურსების გამოყენების საერთოსახელმწიფოებრივი სტრატეგიის განსაზღვრის პრობლემა.

სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები ძნელად განსახორციელებელია, თუ:

  • არ შემუშავდა განვითარების ერთიანი სახელმწიფო კონცეფციები და პროგრამები;
  • არ მოხდა საწარმოო და სამეცნიერო ორგანიზაციების კონსოლიდაცია, შიდა წყლების თევზის მეურნეობის სამეცნიერო-ტექნიკური მართვის სისტემის შექმნა;
  • ფინანსირების წყაროებისა და განვითარების პროგრამის რეალიზაციის ხერხების განსაზღვრა;
  • ქვეყნის მტკნარი წყლების აკვაკულტურის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობად უნდა ჩაითვალოს ყველა სახის ბუნებასარგებლობის ეკოლოგიზაცია, უარის თქმა წყალსარგებლობის დანახარჯვით მეთოდებზე,  გადასვლა მიყენებული ზარალის კომპენსირების სისტემიდან რესურსდამზოგველობაზე. თავად მტკნარი წყლების აკვაკულტურის განვითარებაში საჭიროა მითითებულ იქნას სამი ძირითადი გზა:
  • ქვეყნის მტკნარი წყლების წყალსატევების, მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების თევზის რესურსების მდგომარეობის სტაბილიზაცია და თანმიმდევრული გაუმჯობესება.
  • ძვირფასი სახეობის თევზების პოპულაციების აღდგენა, მათი მდგომარეობის ეკოლოგიური მონიტორინგი.
  • თევზის ბუნებრივი პოპულაციების თევზჭერის მეთოდებით გამოყენებიდან გადასვლა წყლის ეკოსისტემების ფუნქციონირების მართვაზე.

საბოლოო მიზანი: წყლის ეკოსისტემების მთლიანობის აღდგენისა და შენარჩუნების პრობლემების გადაჭრა, თევზის რესურსების სტაბილური გამოყენების ბაზის შექმნა.

თანამედროვე ეკოლოგიურ პირობებში თევზჭერას, რომელიც წარმოებს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე,  არ გააჩნია ზრდის დიდი პოტენცია. რეწვის ზრდა უზრუნველყოფილი უნდა იყვეს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე  ბუნებრივი ეკოსისტემების მართვის გაუმჯობესების ხარჯზე. თევზჭერის განვითარების აუცილებელ პირობად უნდა ჩაითვალოს წყალსატევებში მობინადრე თევზების  სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესება.

ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია მდინარეების ეკოსისტემების მდგომარეობაზე. მდინარეთა უმეტესობამ, რომლებიც მოედინება მჭიდროდ დასახლებულ და განვითარებულ რაიონებში, დაკარგეს სარეწი მნიშვნელობა. მნიშვნელოვნად შემცირებულია თევზის რესურსები მდინარეებში: მტკვარი, ალაზანი, რიონი, აჭარისწყალი, ჭოროხი; მდინარეზე თევზის მეურნეობების ძირითადი პერსპექტივა სტაბილური ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების პირობებში მდგომარეობს  კომპლექსური აკვაკულტურის განვითარებაში სისტემებში – მდინარე – ზღვა, მდინარე – ტბა, რაც დაეყრდნობა გამსვლელი და ნახევრადგამსვლელი თევზების კულტივირებას.

ყველა მსხვილი ტბის აუზში ეკოლოგიური სიტუაცია დღეისათვის საკმაოდ არასახარბიელოა. ტბები განიცდიან  ევტროფიკაციის პროცესებს, ზოგიერთმა ტბამ დაკარგა თევზპროდუქტიულობა ჰიდროლოგიური რეჟიმების ცვლილების გამო. საშუალო და მცირე ტბების უმრავლესობა განლაგებულია რთულად მისადგომ ადგილებში და გამოუსადეგარია მუდმივი მეურნეობრივი საქმიანობის ორგანიზებისათვის.

ტბები, რომლებიც განლაგებულია ქვეყნის ტერიტორიის მეურნეობრივად ათვისებულ რაიონებში, იმყოფებიან მძლავრი ანთროპოგენური ზემოქმედების ქვეშ. თითქმის ყოველი მათგანი განიცდის ევტროფიკაციის პროცესს. ამ პროცესის დამახასიათებელი ნიშან–თვისებაა ძვირფასი მაღალპროდუქტიული თევზის სახეობების ჩანაცვლება სარეველა, ძნელადმზარდი თევზის სახეობებით. ნათელია, რომ საჭიროა  სასაქონლო მეურნეობების განვითარება ტბებზე, რაც უნდა დაეყრდნოს  სანასუქე აკვაკულტურას. ჩრდილო, აღმოსავლეთ და მაღალმთიან რაიონებში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზონაში ეს შეიძლება იყოს ორაგულისებრთა სახეობები, დასავლეთ რაიონებსა და ზომიერი ჰავის ზონებში ეს იქნება კობრისებრი თევზები, მათ შორის მცენარემჭამელი თევზები, აბორიგენული იხტიოფაუნის ძვირფას წარმომადგენლებთან კომპლექსში.

წყალსაცავების საშუალო თევზპროდუქტიულობა დღეს მერყეობს 0,5 – 10 კგ/ჰა. დაბალი თევზპროდუქტიულობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს აღწარმოებისათვის არახელსაყრელი პირობები წყალსაცავებზე. ადრე ითვლებოდა, რომ ბუნებრივი ტოფობა უზრუნველყოფდა წყალსაცავების თევზის რესურსის შევსებას, ხოლო რაოდენობის შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენდა საკვები ბაზა, მაგრამ წყლის დონეების, ლიტერალური ზონის არასტაბილურობის გამო ტოფობის დაბალი ეფექტურობა ვერ ანაზღაურებს რესურსის ბუნებრივ თუ რეწვით დანაკარგს. ამასთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე გათვლილი პოპულაციების ბუნებრივი ტოფობის მაგივრად საჭირო ხდება მეურნეობების შექმნა პოლიკულტურის ძირითადი ობიექტების მართვადი აღწარმოებით. ასეთი მეურნეობების სიმძლავრეები უნდა შეესაბამებოდეს თევზების ბუნებრივი საკვები ბაზის მდგომარეობას.

როგორც ვხედავთ, ბუნებრივი წყალსატევების პოტენციური შესაძლებლობების რეალიზაცია მოითხოვს გადასვლას თევზჭერიდან თევზმოშენებასა და მართვაზე. ასევე მნიშვნელობას იძენს მაღალპროდუქტიული წყლის ეკოსისტემების შექმნა და მათი მართვა წყალსატევის თითოეული ტიპის გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნას ყოველი ტიპის წყალსატევისათვის დამახასიათებელი ბიოლოგიური პროდუქციის შექმნის კანონზომიერება.

 

აკვაკულტურის განვითარებისაკენ მიმართული ზომები

 მტკნარი წყლების თევზების წარმოების მოცულობის ზრდისაკენ მიმართული სახელმწიფო მიზნის დასახვა მოითხოვს შიდა წყლების თევზის მეურნეობის განვითარების მართვისა და მეცნიერული უზრუნველყოფის სისტემის შექმნას.

ზომები უნდა მოიცავდეს ექვს ძირითად ბლოკს (მიმართულებას):

  • რესურსები – საქართველოს მტკნარი წყლების თევზის რესურსების ინვენტარიზაცია, პერსპექტიული თევზის სახეობებისა და წყლის ეკოსისტემების ფონდის განსაზღვრა, თევზის რესურსების მდგომარეობის ეკოლოგიური და ეკონომიკური შეფასება, მდგომარეობის პროგნოზირება;
  • თევზჭერა – თევზის რესურსების სტაბილური გამოყენების მეთოდების შემუშავება, მიმართული წყლის ეკოსისტემების ძირითადი ფუნქციონალური თავისებურებების შენარჩუნებით რესურსების გაფართოებული აღწარმოებისაკენ;
  • თევზმოშენება – სამრეწველო თევზმოშენების ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ტექნოლოგიების შექმნა, იხტიოფაუნის რეკონსტრუქციის ხერხებისა და სანასუქე აკვაკულტურის წყალსატევების პროდუქციული პროცესების მართვის მეთოდების შექმნა;
  • სელექცია – სელექციის, გენური და უჯრედული ინჟინერიის ეფექტური მეთოდების შემუშავება, თევზების მაღალპროდუქტიული ჯიშების შექმნა;
  • ტექნიკა – ეფექტური ტექნიკის, თევზმოშენებისა და თევზჭერისათვის მანქანების სისტემების შემუშავება, საწარმოო პროცესების მართვის ავტომატური სისტემების შექმნა;

ეკონომიკა – თევზის მეურნეობის წარმართვის რაციონალური სისტემების შემუშავება, ქვეყნის თევზის მეურნეობის ტერიტორიულ-საწარმოო სტრუქტურის ოპტიმიზაცია.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები