რეკლამაspot_img

ინტერვიუ მაია ბითაძესთან

ჟურნალ „ველური ბუნების“ დღევანდელი ნომრის სტუმარია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ქ-ნი მაია ბითაძე.

  • მოგესალმებით, ქალბატონო მაია, პირველ რიგში ვისაუბროთ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესახებ, რას გვეტყვით უკვე მიღებულსატყეო კოდექსზე და ასევე განვიხილოთმიმდინარე კანონპროექტები, დეტალურად რომ აგვიხსნათ,რა იგეგმება საკანონმდებლო ბაზის კუთხით?

–  კანონმდებლობის ფორმირება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობის სფეროში გადასულია ახალ ეტაპზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე პროცესია. ერთი მხრივ,  ჩვენ გვაქვს ვალდებულება ასოცირებისადა ჩვენი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გარემო სათანადოდ იქნას დაცული და უზრუნველვყოთ ადამიანის ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება გარემოსადმი ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა. დღესდღეობით მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებაზე, როგორც სოფლებში ასევე – ქალაქებში. მსგავსი დამოკიდებულება უკვე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ გაზრდილია საზოგადოების ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებით.

შესაბამისად, კანონმდებლობა, რომლის ფორმირებაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ  საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია იმის გათვალისწინებით,თუ რა პერიოდი გაიარა ქართულმა კანონმდებლობამ 90-იანი წლებიდან დაწყებული 2000-იანების ბოლომდე. განსაკუთრებით 2000-იანი წლები ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი,რადგან სახელმწიფომ მოახდინა მთლიანი დერეგულაცია გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და დანერგა ისეთი მძიმე პრაქტიკები, როგორებიცაა, გეოლოგიური შესწავლის კომპონენტის პრაქტიკულად გაუქმება, გარემოსდაცვითი დაკვირვების სისტემების, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე კანონმდებლობის მოშლა.ფაქტობრივად, ზღვარი გაქრა ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ტყის წიაღის მოხმარებასა და გარემოს დაცვას შორის. როგორც წიაღისეული, ასევე ტყისა და ბიომრავალფეროვნების რესურსი იქცა მხოლოდ მოხმარების ობიექტად ისე, რომ არ ფიქრობდნენ მათ მდგრად გამოყენებასა და ამ რესურსის მომავალი თაობისთვის შენახვაზე.აღსანიშნავია ის ინსტიტუციური ცვლილებებიც, რომლებიც ამ დერეგულაციის ძალიან მძიმე და არასწორი ნაბიჯი იყო.

გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ნადირობის დაშვებაზეც კი იყო საუბარი. ძალიან რთული იქნება ამ პრაქტიკის შეცვლა, თუმცა ამას ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება გარემოსადმი და ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა შეიცვალა ამ მიმართულებით, მაგრამ,მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ბევრი რამაა კიდევ გასაკეთებელი.

რაც შეეხება იმას, თუ რა გაკეთდა აქამდე, დაწყებული 2012 წლიდან, მნიშნველოვანია, რომ მიღებულია რამდენიმე ახალი კანონი, ისეთები,როგორებიცაა:კანონი ნარჩენების მართვისა და რადიოაქტიული ნარჩენების მართვის შესახებ, გარემოს ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი და, რაც მთავარია, ტყის კოდექსი. ეს,ფაქტობრივად, არის ოთხი ახალი კანონი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას  ან არ ჰქონდა, ან ჰქონდა, თუმცა მოძველებული, პოსტსაბჭოთა დებულებებით აღსავსე. სწორედ ამ კანონპროექტებმა ჩამოაყალიბეს ის ახალი მიმართულებები თუ სისტემები, სადაც, თუ, მაგალითად, ტყეზე გავაკეთებთ აქცენტს, ტყის კოდექსის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ზეწოლა ტყეზე და სახელმწიფომ უარი თქვას ტყის რესურსისმხოლოდ სოციალური მიზნით გამოყენებაზე.

ტყის კოდექსი თანამედროვე მექანიზმებს გვთავაზობს, როგორც ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენების, ასევე ნარჩენების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვების თვალსაზრისით და იძლევა იმის საშუალებას, რომსოფლებში მოქმედებდეს ეკოსერვისები.ეკოსერვისი გულისხმობს, რომ ტყის რესურსის, როგორც მერქნული, ასევე არამერქნულის –პირველადი თუ მეორადის– გამოყენებით მოსახლეობამ შეიძლება ისე მიიღოს ეკონომიკური სარგებელი, რომ მისი რესურსი არ გააჩანაგოს.

ამ კოდექსის ამოქმედებას, რამდენიმე წელი სჭირდება. ეს კი გულისხმობს, რომ სრულფასოვნად შეიქმნება ტყის მდგრადი მართვის სისტემა. ასეთი სისტემა მოიაზრებს მინიმალურ ზეწოლას ტყესა და ტყის რესურსის გამოყენებაზე. ასევე, სახელმწიფოს ექნება ჩამოყალიბებული თანამედროვე პრაქტიკული მექანიზმები  როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქნის გამოყენების შესახებ.

რაც შეეხება ნარჩენების მართვის კოდექსს, უნდა აღვნიშნო, რომ ის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ძალიან კარგი მაგალითია და ამ საკითხთან მიმართებითკარგი გამოხმაურებები გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც ასევე ერთმანეთთან აკავშირებენ ეკოლოგიასა და ეკონომიკას. ეს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ერთ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან კარს უხსნის ჩვენს სახელმწიფოს, თუმცა, აქაც არის კიდევ საკითხები, რომლებიც კვლავ დარეგულირებას საჭიროებს, მათ შორის უნდა შეიქმნას გარკვეული საშეღავათო პირობები მოსახელეობისთვის, რომ მოსახლეობამ დაიწყოს ადგილზე, მათ შორის სახლებში ნარჩენების სეპარირება. ეს იმის წინა პირობა იქნება, რომ გვექნება სეპარირებული ნარჩენი, რომლებიც გადამუშავდება ადგილობრივ წარმოებაში და მივიღებთ მეორად პროდუქტს, რითიც,ბუნებრივია, შეიქმნება ახალი კუთხე ახალი ბიზნესისთვის.

დღეს, სამწუხაროდ ნარჩენები, მათ შორის ზოგიერთ გადამამუშავებელ  ქარხანაში, სეპარირებული შემოაქვთ უცხოეთიდან, აქ ამუშავებენ და კვლავ გადის ექსპორტზე, რაც ძალიან მძიმეა ზოგადი კუთხით. ჩვენ ამდენი ნარჩენი გვრჩება, ნაგავსაყრელები გადავსებულია. ტყის ნარჩენების მართვის კოდექსი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პლასტიკის პარკებთან მიმართებით შექმნილი კანონმდებლობა, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ, რომ პრაქტიკულად სრულად ამოვიღოთ ხმარებიდან არადეგრადირებადი პროდუქტი.

  • ქართული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ, მიუხედავად საკანონმდებლო კუთხით მიღებული ცვლილებებისა, ხშირია აღსრულების პრობლემა. შესაძლოა კანონი მიღებული გვქონდეს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდებოდეს სათანადო დონეზე. ამ მიმართულებით რა დამოკიდებულება გაქვთ? გეგმავს თუ არა პარლამენტი კონტროლის გაძლიერებას?

– უპირველესყოვლისა განვიხილოთგარემოს შეფასების ახალი კოდექსი, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს, ასევე პასუხისმგებლობის კანონი, რომელიც მესამე მოსმენით უნდა მივიღოთ და კანონი რადიაქტიული ნარჩენების შესახებ. ვერ ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით აღსრულების პრობლემა გვაქვს. მაგალითად, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის შესახებ არსებულმა კანონპროექტმა შექმნა საფუძველი, რომ საქართველოში, ევროკავშირის დახმარებით, აბსოლუტურად შეიცვალოსრადიოაქტიური ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის სისტემა. როგორც ვიცით, რადიოაქტიური ნარჩენი უმეტესად წარმოიქმნება წარმოებისა და სამედიცინო საქმიანობის შედეგად. ჩვენს ქვეყანაში კი პრაქტიკულად არ არსებობდა ადგილი, სადაც მათი უსაფრთხო განთავსება მოხდებოდა, ამ კანონის მიღების შემდგომეს სისტემა უკვე მუშაობს.

რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსს, ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური საკითხი, თუმცა მაინც შეიქმნა თანამედროვე სისტემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კოდექსმა მოიცვა ისეთი საქმიანობები, რომლებიც ადრე არ ექვემდებარებოდა შეფასებას. ესენია ქალაქმშენებლობის გარკვეული ასპექტები და წიაღით სარგებლობა, რაც საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი კანონმდებლობისთვის.

ტყის კოდექსი კი, როგორც უკვე ვახსენეთ,სულ ახლახან მივიღეთ. კოდექსიდან გამომდინარე, ჩვენ ახლა კანონქვემდებარე აქტების მიღების პროცესში ვართ, რომლის შემდგომაც უკვე უშუალოდ დაიწყება კოდექსის ამოქმედება. აღსანიშნავია, რომ ე.წ საქმიანი ეზოების მოწყობისთვის ფინანსური რესურსი როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე დონორების მხრიდან უკვე გამოყოფილია და გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით გადაიდგა, თუმცა აუცილებელია, რომ მოხდეს მეტი კონტროლი, აღსრულება და ფინანსურ და ინსტიტუციურ დონეზე გაძლიერდეს გარემოსადცვით სფეროში მომუშავე უწყებები. ეს იგულისხმება როგორც ქალაქების დონეზე, ასევე სამინისტროსა და სააგენტოების თვალსაზრისითაც. პირველადი ინვესტიციებისთვის აუცილებელია მეტი ფულადი რესურსის დახარჯვა, მათ შორის შესამაბისი ტექნიკის შეძენა, გადამზადება და აღჭურვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად ფუჭი იქნება ამ კანონმდებლობის შენარჩუნება.

აქ იგულისხმება ძალიან ბევრი კომპონენტი, მათ შორის – ადამიანების კვალიფიკაცია, მეტყევეობის, გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის კუთხით. გარემოსდაცვითი სფერო ეს არის ის სფერო, რომელიც პირდაპირ გვაკავშირებს ბუნებასთან, სადაც აუცილებელია სწორი ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ ყველაფერს კი საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება.მართალია, დონორი ორგანიზაციები ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავენ ყოველწლიურად იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები გაძლიერდეს, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი.

კომიტეტი იზრუნებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სხვანაირად იყოს ფორმირებული, რადგან, თუ მეტი თანხა არ გამოიყო, წარმოუდგენელი იქნება სისტემის მართვა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანიამუნიციპალიტეტების გაძლიერების საკითხიც. დღეს ჩვენ გვაქვს, პრაქტიკულად, მხოლოდ თბილისი, რომელმაც გააძლიერა თავისი ინსტიტუციური და ფინანსური რესურსი გარემოსდაცვის კუთხით, თუმცა ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გარკვეული რესურსი, რომ მან, როგორც ნარჩენების მართვის, ასევე ტყის რესურსების, მათ შორის ურბანული ტყეების დაცვის, ფიტოსანიტარიის გამოყენების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ეს,ერთი მხრივ, გააძლიერებს და, მეორე მხრივ, რეგიონს შეუქმნის იმის განცდას, რომ მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები არ არიან პასუხისმგებლები სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებაზე.

  • თქვენ ახსენეთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსის მიღება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტების კომპეტენცია, რადგან ხშირად სწორედ მათ კვალიფიკაციას აყენებენ ხოლმე კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოს მონაწილეობა ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში?

– ეს ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევაა და გულწრფელად მწამს, რომ ეს გამოწვევაც, მათ შორის კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების, გამოწვეულია აი, იმ ათ წლიანი დერეგულაციის შედეგად, როდესაც ადამიანებს,განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ინტერესი დაეკარგათ გარემოსდაცვითი მეცნიერებების მიმართ.

დღეს კი ზოგი კეთილსინდისიერად, ზოგი კი არაკეთილსინდისიერად იყენებს იმას, რომ სპეციალისტების რაოდენობა ძალიან მწირია ამ მიმართულებით. ეს თვალნათლივ მიგვითითებს, რომ ეს სახელმწიფოს მიერ დასარეგულირებელი სფეროა. იყო გარკვეული მოსაზრებები გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, მათ შორის სამშენებლო ინჟინერიის, გეო ინჟინერიის კუთხით, აკრედიტაციის სისტემის შექმნისა, თუმცა გარკვეულწილად ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. აქ მთავარი არის ის ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფო ეტაპობრივად დგამს ამ კუთხით.სუბიექტურადყოველთვის უფრო დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობის, რომელთა ცნობიერება, სამშობლოსადმი დამოკიდებულება, გარემოსდაცვის მნიშვნელობის აღქმა უფრო სხვანაირია, ამიტომ, ვფიქრობ, მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს ამ საკითხებში, მათ შორის – ფინანსური თვალსაზრისითაც.

რეალურად ხელფასების კუთხით სახელმწიფო სექტორმა კონკურენცია უნდა გაუწიოს კერძო სექტორს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ძალიან კარგი სპეციალისტები ჰყავს, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ვერ იღებენ სათანადო ანაზღაურებას, გადადიან კერძო სექტორში და ეს წრე კიდევ ვიწროვდება. ასე რომ, სახელმწიფოს ორი შესაძლებლობა აქვს, ეს არის ცოდნასა და განათლებაში მეტი რესურსის ჩადება, მოხელეების სოციალურ პირობებსა და ხელფასზე ზრუნვა.

მაშინ,როდესაც სახელმწიფოში გვყავს რაოდენობრივად ბევრი, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი, რომელსაც ეჭვი შეაქვს არსებულ დასკვნაში და აქვს იმის უნარი და ტექნიკური აღჭურვილობა, რომ მთლიანად გაერკვეს საკითხში და გადაამოწმოს თითოეული დეტალი, ბუნებრივად ხდება არსებული სისტემის დახვეწისა და კერძო სექტორის არაკეთილსინდისიერი წარმომადგენლების გამოვლენის საკითხი.

ამის ნიშნები გვაქვს,მაგალითად, სამინისტროში,მიმდინარეობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გაძლიერების პროცესი და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ინსტიტუციურად და ფინანსურად ის ინსტიტუტები, რომლებიც გარემოსდაცვით სფეროში მუშაობენ, გასაძლიერებლები არიან და კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იქნება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ამ ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

  • აუცილებლად მინდა ერთი სიტყვით შევეხო ქალაქს, რომელია წლების განმავლობაში თქვენთვის ყველაზე საამაყო პროექტი, რა შეცვალეთ ან რის შეცვლას ისურვებდით მომავალში გარემოსდაცვითი მიმართულებით?

– მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საჯარო სექტორში ვმუშაობ, მათ შორის მეტწილად გარემოსდაცვის სფეროში, თბილისის მერის მოადგილედ მუშაობა ჩემთვის იყო უნიკალური გამოცდილება და ვამაყობ იმ 3 წლით, რომელიც კახი კალაძის გუნდთან ერთად გავატარე. ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან შეკრულია დამთლიანად საქმეზეა ორიენტირებული.

ძნელად თუ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ ვინმე, რომ ქალაქის მერის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა გამწვანებული ტერიტორიების მნიშვნელობის ასეთ სიმაღლეზე აყვანა. პრაქტიკულად, თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ქალაქში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება და მეამაყება, რომ ამ წლების განმავლობაში მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც გარემოსდაცვითი, ასევე სატრანსპორტო და სამშენებლო, როგორც კერძო სექტორის, ასევე თვითონ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ინტეგრაციის კუთხით.

ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთი სამშენებლო პროექტიარ ხორციელდება ისე, რომ გამწვანების კომპონენტი არ იყოს გათვალისწინებული. ჩვენ შევქმენით სტანდარტები როგორც მერქნული, ასევე არამერქნული რესურსისა თბილისში დასარგავად, რაც ვიზუალურად გამოჩნდა ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ხარისხი აიწია, მოთხოვნები გამკაცრდა და მოვლის სტანდარტი შეიქმნა.ასევე ჩამოვაყალიბეთ ეკოსერვის ჯგუფიიმ ტენდერების ეკონომიის ხარჯზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებდა.

ჩვენ განვახორციელეთ ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვის ძალიან მასშტაბური პროექტი და თბილისში ავტობუსისა და ველობილიკის ქსელის პროექტის წყალობით დღესგვაქვს ტრანსპორტის ერთიანი სქემა. ამ სქემის მიხედვით, ერთი წლის თავზე მთლიანად მთელი თბილისი დაკმაყოფილებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, რაც ნიშნავს, რომჩვენს მოსახლეობას საშუალებას მიეცემა,ნაკლებად იფიქრონ ავტომობილის შეძენაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ავტობუსები ივლიან მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, ქალაქში შემცირდება საცობების მასშტაბი, რაც ნაკლები გამონაბოლქვის გარანტია. ეს კი პირდაპირ კავშირშია ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან.

ასევე ძალიან მეამაყება ე.წ შუქნიშნების პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში მთლიანად შესწავლილია შუქნიშნების სისტემა.ეს არის გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც თბილისი მთლიანად შეივსება ჭკვიანი შუქნიშნებით. სწორედ ეს არის ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც ქალაქში ეკოლოგია, ტრანსპორტი და მშენებლობა ერთმანეთთან დააკავშირა და არსებულად განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა ქალაქი, რაც თავის თავში გულისხმობს საცობების მართვისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციას.

ძალიან მეამაყება ასევე ტაქსების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ეკოლოგიური კომპონენტი საკმაოდ დიდი იყო. ჩვენ  უფასოდ გვაქვს ტაქსის ნებართვები ჰიბრიდული და ელექტრო ტაქსებისთვის, ასევე განვახორციელეთ ელექტრო დამტენების უფასოდ განთავსების ძალიან მასშტაბური პროექტი.

დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ყველა საკითხში ეკოლოგია და გარემოსდაცვა პრიორიტეტია, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ თბილისში დღეს რამდენიმე, არათუ ძველი პარკების რეაბილიტაცია, არამედ ახალი პარკების მშენებლობა მიმდინარეობს. მათ შორის ერთი ნათელი მაგალითია თემქის ხევში, 23 ჰექტარზე მიმდინარე ძალიან მასშტაბური სამშენებლო სამუშაო, რაც ქალაქის მასშტაბის სარეკრიაციო სივრცეს შეგვიქმნის.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება დიღმის ჭალებში ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა, რომელიც ასევე გენერალური გეგმით არის გათვალისწინებული და ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დიღმისა და გლდანის მოსახლეობის ეკოლოგიური წონასწორობის გაუმჯობესებისთვის.

სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს გამოწვევა, რომელიც ფიჭვების ხმობას უკავშირდება და ესეც ერთ-ერთი ის სატკივარია, რომელიც დამრჩა თბილისის მერიიდან წამოსვლის შემდგომ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ პარლამენტის დონეზე  შევძლებთ ბიოსანიტარიის საკითხის გადაჭრას არამხოლოდ თბილისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

ის დახმარება,რომელიც ქალაქს გაუწია „ქართუ ფონდმა“, იყო,ფაქტობრივად,მხარში ამოდგომა მთელი ქალაქისთვის. „ქართუ ფონდმა“ განახორციელა რამდენიმე უმსხვილესი პროექტი, მათ შორის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის ჩუქება.ამას მთლიანად „ქართუ ფონდი“ აფინანსებს და არის დაახლოებით 50 მილიონიანი აქტივი. ასევე დაახლოებით ამისი ნახევარი დაჯდება, თუ არა მეტი, თვითონ პროექტის განხორციელება და ქალაქს ერთხელ და სამუდამოდ გაუქრება ის შიში, რომელიც ჩვენ წლებია გვაქვს, რომ აქ კორპუსები უნდა აშენდეს და გახსოვთ, რომ იყო კიდევაც ამის პროექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციის პროექტი. ამ შემთხვევაში ქალაქი პრაქტიკულად გადაარჩინა ფონდმა “ქართუმ“ და ვფიქრობ ეს უნიკალური საჩუქარია, რომლის წყალობითაც ქალაქში ახალი ფილტვები შეიქმნება და ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიამაყებთ ამ პროექტით.

  • თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების გაერთიანებამ?

– სუბიექტურად რომ გითხრათ, ეს მოხდა ჩემი სამინისტროდან წამოსვლის შემდგომ და ჩემთვის ეს იყო ერთი ძალიან დიდი ტკივილი, რადგან 2013 წელს პირადად ვმონაწილეობდი სამინისტროს აღდგენაში, მას ენერგეტიკიდან დავუბრუნეთ ფუნქციები და, შესაბამისად, ის, რაც 2017 წელს მოხდა, ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ვფიქრობ, რომ გარემოსდაცვის სფერო თვითონ იმდენად დიდი და თვითმყოფადი სფეროა, რომ არ შეიძლება მისი გაერთიანება სხვა, მათ შორის მომიჯნავე სფეროებთანაც, თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გარემოსდაცვის სფერო თავისი შინაარსით ყველა სფეროს ებმის, მათ შორის ადამიანის უფლებებს, სამართლიანობას, ჯანდაცვას, ასე რომ ეს სფერო ინსტიტუციურად ცალკე მყოფი და გაძლიერებული მესახება მე სამომავლოდ.

 

  • დაკავებული გრაფიკიდან გამომდინარე, გრჩებათ თუ არა დრო რომ ბუნებაში გახვიდეთ განსატვირთად? ოჯახთან ერთად გასვლას ანიჭებთ უპირატესობას, თუ მარტო, საერთოდ რა ადგილი უკავია ბუნებას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

– ძალიან ცოტა დრო მრჩება იმისთვის, რომ ბუნებაში გავიდე, თუმცა ბუნებაში გასვლას ხშირად ვუწოდებ ახლად რეაბილიტირებულ პარკებში გასეირნებას ჩემს ძაღლთან ერთად, ასე რომ, საკმაოდ ხშირად ვსეირნობ გოძიაშვილის პარკში.

ჩემი შვილები ახლა ძალიან დიდები არიან, ამიტომ, პრაქტიკულად, შვილებთან ერთად ბუნებაში ვეღარ ვხვდები, თუმცა ჩემთვის ბუნებაში გასვლა ეს არის დასვენება, პოზიტივის მიღება და განტვირთვა. ეს მაძლევს იმის იმპულსს, რომ განტვირთვის შედეგად მეტი რესურსი ჩავდო იმაში, რასაც გარემოსდაცვის საკითხების კიდევ სხვა დონეზე აყვანა ჰქვია ჩვენს სახელმწიფოში. შეიძლება ითქვას, რომ შეპყრობილი ვარ გარემოსდაცვითი სფეროთი, დაინტერესებული ვარ იმით, რომ ინსტიტუციები გაძლიერდეს ამ მიმართულებით და, ვფიქრობ, რომ ის წარმატებული პროექტები, რომლებიც ჩემი ცხოვრების განმავლობაში განხორციელებულა, როგორც სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობის დროს კანონმდებლობის ფორმირების კუთხით, ასევე თბილისის მერიაში კანონმდებლობის ფორმირებისა და თბილისის ვიზუალის შეცვლის თვალსაზრისით, მაძლევს იმის სტიმულს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში ხშირად ვერ ვისვენებ, მაინც არასდროს ვკარგავ პირდაპირ კავშირს გარემოსთან.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები