რეკლამაspot_img

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

  • რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას, ზოგადად, კაცობრიობისათვის და თქვენთვის კონკრეტულად, როგორც ერთი ადამიანისთვის?ახერხებთ თუ არა ბუნებაში გასასვლელად დროის გამონახვას და რა აქტივობებს ანიჭებთ უპირატესობას?

საქართველო გამორჩეულია უნიკალური ბუნებით, მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მთებსა და ტყეებს უკავია, რაც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი სიმდიდრეა. იგი გამორჩეულია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ენდემური სახეობებით, რაც ამ პატარა ქვეყნის ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. ამ სიმდიდრეს ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და განვავითაროთ.

ბუნებაში ყოფნა იმ პირველყოფილ სრულყოფილებასთან დაბრუნების მცდელობაა, რომელსაც, ურბანული განვითარების ტემპების გამო, ადამიანი ასე ძალიან დაშორდა, თუმცა ჩვენ, ყველას, ამ შეგრძნებების ნოსტალგია და მასთან დაბრუნების სურვილი გამუდმებით თან გვდევს და ბედნიერები ვართ, როცა ამას ვახერხებთ.

მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, ჩემს ყოველდღიურობაში მაინც ვპოულობ დროს, არ გავწყვიტო ბუნებასთან კავშირი. მაგალითად, კვირაში რამდენჯერმე თბილისის ზღვაზე, მთაწმინდასა და კუს ტბაზე ვასეირნებ ძაღლს. ბუნებასთან თუნდაც მცირეხნიანი კონტაქტი ჩემთვის ერთგვარი თერაპიის საშუალებაა. რეალურად ძალიან ბევრი მწვანე ადგილია თბილისში, ახლო მანძილზე, რასაც ჩვენ ვერ ვიყენებთ.

პირველი დღიდანვე ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაცია და დაცვაა. უკვე ვიყავი არაერთ დაცულ ტერიტორიაზე და ნაკრძალში: ვაშლოვნის, კოლხეთის, თუშეთისა და სხვა. სულ ახლახანს კი გახლდით თუშეთში, სადაც ადგილზე გავეცანი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს.

  • უკავშირებთ თუ არა ბოლოდროინდელ მოვლენებს (პანდემიას) ბუნებისადმი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას, არის თუ არა ეს მისი პასუხი ან გაფრთხილება?

ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე ძალზე საგრძნობია. ზოგადად, სწრაფი ეკონომიკური განვითარების/ურბანიზაციის პირობებში ეს გარკვეულწილად გარდაუვალია, მაგრამუკიდურესად მნიშვნელოვანია დაცული იყოს ზომიერება და ბალანსი. ამისათვის კი, საჭიროა, მეტად დავნერგოთ ბუნების რესურსების უფრო გონივრული და მდგრადი გამოყენების პრაქტიკა. გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადადგმულია, თუნდაც საკანონმდებლო გარემოს დახვეწის კუთხით, მიწისა და ტყის მდგრადი მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით, და ა.შ.

რაც ეხება კავშირს ბუნებრივ ცვლილებებსა და Covid -19-სგლობალურ პანდემიას შორის -ეს ჯერჯერობით უფრო სიღრმისეული სამეცნიერო კვლევების საკითხია, თუმცა, დღეს არსებობს მოსაზრებები, რომ ბუნებრივი ეკოსტისტემების რღვევა, შესაძლოა, ინფექციური აგენტების გავრცელების ხელშემწყობი გახდეს. ზოგადად,არამარტო პანდემიაა,ასე ვთქვათ,გარკვეული ნიშანი, ბუნება უკვე მრავალი წელია ბევრ გაფრთხილებას გვაძლევს, თუნდაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებით, იქნება ეს ხანძრები, თუ სხვა მოვლენები.

  • მონაწილეობთ თუ არა ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის წარმართვაში და კონკრეტულად რომელი მიმართულებით უნდა ველოდოთ აქტივობებს?

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვითი პოლიტიკის ფორმულირება და წარმართვა არ არის პრეზიდენტის უშუალო სამოქმედო არეალი, ჩემთვის გარემოსდაცვითი მიმართულება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამ კუთხით მჭიდროდ ვთანამშრომლობ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზებსა და დარგობრივ სააგენტოებთან. ჩემი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიო გარემოსდაცვითი და ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვას. ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე ინიციატივაზე, რომლებიც მალე გახდება ცნობილი.ეს არის ასევე, საზოგადოებისთვის გარემოს დაცვის შესახებ განათლებისა და ცნობადობის ამაღლება. ვფიქრობ, ეს ის მიმართულებაა, რაზეც კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს და სურვილი მაქვს, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიური ვიყო.

საქართველოს უამრავი სხვადასხვა ვალდებულება აქვს აღებული საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით და ამ ნაწილში უფრო მეტად ვარ ჩართული.

ჩემი,  როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, მიზანია უზრუნველვყო საქართველოს მონაწილეობა გარემოს დაცვის თემაზე ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებში. ვფიქრობ, ეს კარგი პლატფორმებია, რათა დანარჩენ მსოფლიოს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები, ასევე გავიზიაროთ მათი გამოცდილება. სულ ახლახანს მონაწილეობა მივიღე გაეროს ბიომრავალფეროვნების სამიტში. საერთაშორისო ასპარეზზე კვლავაც გავაგრძელებ აქტიურობას.

ამასთანავე, გასულ წელს, გავწევრიანდი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალურ კომისიაში, რომლის მიზანია ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა, განახლებადი და სუფთა ენერგიის კუთხით რეკომენდაციების შემუშავება.

ასევე, როგორც აღვნიშნე, რეგულარულად ვსტუმრობ საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიას, სადაც ადგილზე ვეცნობი გარემოსდაცვით სამუშაოებს.

გარემოზე ზრუნვა ჩვენი ყველას, ერთობლივი, ვიტყოდი, მორალური ვალდებულებაა. გარემოს დაცვა არამარტო ჩვენი ბუნებრივი კაპიტალისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მყარი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საწინდარია განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის რეგიონებისთვის.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები