რეკლამაspot_img

ტყე – ბაღის დაგეგმვა პერმაკულტურის პრინციპების მიხედვით

სიტყვა „პერმაკულტურა“ წარმოდგება ინგლისური  permanent agriculture-სგან, რაც ნიშნავს უწყვეტ სოფლის მეურნეობას. ამ სიტყვის ავტორები არიან ავსტრალიელი ბილ მოლისონი და დევიდ ჰოლგრენი, რომლებმაც შეიმუშავეს ეკოლოგიურად მიზანშეწონილი სოფლის მეურნეობა, რომელიც დაფუძნებული იყო კულტურების მრავალფეროვნებაზე, ეს კი გულისხმობს ხეების, ბუჩქების, ბალახების ინტენსიურ ჩართვას მეურნეობაში. თანამედროვე იაპონელი მოაზროვნის – მასანო ბუფუკუოკას განმარტებით, პერმაკულტურა – ეს არის ბუნებასთან თანამშრომლობის და არა მასთან ბრძოლის ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივ და გააზრებულ დაკვირვებას და არა ხანგრძლივ და უაზრო ფიზიკურ შრომას; ესაა ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს მცენარეებისა და ცხოველებისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციის გათვალისწინების აუცილებლობას. პერმაკულტურის ეთიკა წარმოადგენს მორალური მრწამსისა და კონკრეტული საქციელის ერთობლიობას, რომლის მიზანი ჩვენი დედამიწაზე არსებობის უზრუნველყოფაა. ეს ეთიკა მოიცავს სამ მომენტს: ზრუნვას დედამიწაზე, ზრუნვას ადამიანებზე და  აგრეთვე საკუთარი თავისუფალი დროის, ფულისა და ენერგიის დათმობას იმისათვის, რომ შეიქმნას შესაძლებლობა, პირველი ორი მიზნის საუკეთესოდ მიღწევისათვის.

წარმოგიდგენთ პერმაკულტურის 12 პრინციპს, რომელიც შეიმუშავა დევიდ ჰოლმგრენმა წიგნში„პერმაკულტურა: პრინციპები და გზები მდგრადობის მიღმა“ (2002 წ.):

  1. დააკვირდი და შედი ურთიერთქმედებაში – „მშვენიერება დამკვირვებლის გონებაშია“. დრო, რომელსაც ბუნებაზე დაკვირვებას დაუთმობ, კონკრეტულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მისაღებად დაგეხმარება.
  2. მოიპოვე და შეაგროვე ენერგია„თივა მაშინ მოაგროვე, როცა მზე ანათებს“. რესურსები იმ დროს უნდა შეგროვდეს, როდესაც ისინი უხვადაა და იმ დროს გამოვიყენოთ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება.
  3. მიიღე მოსავალი„მშიერ კუჭზე ვერ იმუშავებ“. დარწმუნდი, რომ ნამდვილად საჭირო ჯილდოს იღებ იმ საქმიდან, რასაც აკეთებ.
  4. იმუშავე თვითრეგულაციაზე და მიიღე უკუკავშირი„მამების ცოდვა შვილების 7 თაობას ეწვევა“. სისტემების გამართულად მუშაობისთვის ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ უსარგებლო და არაადეკვატურ ქმედებებს. ნეგატიური უკუკავშირი ხშირად ნელა აღმოცენდება ხოლმე.
  5. გამოიყენე და დააფასე განახლებადი რესურსები და მომსახურებები„მიეცი ბუნებას თავისუფლად განვითარების საშუალება“. კარგად გამოიყენე ბუნების მრავალფეროვნება იმისათვის, რომ შემცირდეს ჩვენი მომხმარებლური ჩვევები და არაგანახლებად რესურსებზე დამოკიდებულება.
  6. არ წარმოქმნა ნარჩენი„არ დაანაგვიანო, არ გჭირდება“ ან „დროული ნაკერით გადაარჩენ მთელს“. ყველა არსებული რესურსის დაფასებითა და გამოყენებით ნაგავში არაფერი იყრება.
  7. დააპროექტე მოდელებიდან (patterns) დეტალებამდე„ხეების ძიებაში მთლიანი ტყის ხედვა არ დაკარგო“. თუ ერთი ნაბიჯით უკან გავდგებით, უკეთ შევძლებთ დავაკვირდეთ ბუნებისა და საზოგადოების სტრუქტურას, ეს ჩვენი დიზაინის საფუძველს შექმნის, დეტალებს კი განვითარებასთან ერთად შევავსებთ.
  8. გაერთიანდი განცალკევების ნაცვლად„ბევრი ხელი საქმეს აიოლებს“. თუ ყველაფერს სწორ ადგილსა და დროს შევურჩევთ, სწორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება, ისინი ითანამშრომლებენ და ერთმანეთს დაეხმარებიან.
  9. გამოიყენე მცირე და დინჯი გადაწყვეტილებები„ნელი და დინჯი იგებს რბოლას“ ან „მაღალი უფრო მტკივნეულად ეცემა“. პატარა სისტემები უფრო ადვილად შესანარჩუნებელია, ვიდრე დიდები. ადგილობრივი რესურსების სწორი ათვისება და წარმოება უფრო მდგრად შედეგებს იძლევა.
  10. გამოიყენე და დააფასე მრავალფეროვნება„ყველა კვერცხს ერთ კალათში ნუ მოათავსებ“. მრავალფეროვნება სხვადასხვა საფრთხეს ამცირებს და სადაც ვითარდება, იმ გარემოს უნიკალურ თავისებურებებს მაქსიმალურად თავის საკეთილდღეოდ იყენებს.
  11. გამოიყენე კიდეები/შეხების წერტილები და დააფასე საზღვრები/მოსაზღვრეობა„არ გეგონოს, რომ სწორ გზაზე დგახარ მხოლოდ იმიტომ, რომ ის დატკეპნილია“. ყველაზე საინტერესო მოვლენები საგნების (things) ურთიერთქმედებისას ხდება. ეს ხშირ შემთხვევაში სისტემის ყველაზე ძვირფასი, მრავალფეროვანი და პროდუქტიული ელემენტია.
  12. შემოქმედებითად გამოიყენე და შეხვდი ცვლილებებს – „ხედვა არ ნიშნავს იმის დანახვას რაც არის, არამედ იმისას,რაც იქნება“. გარდაუვალ ცვლილებებზე პოზიტიურ გავლენას დაკვირვებითა და სწორ მომენტში ჩარევით შევძლებთ.

 

ტყე-ბაღის დაგეგმვას ვიწყებთ ნაკვეთზე დაკვირვებით, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების შერჩევით, გილდიების მოწყობით, საჭიროების შემთხვევაში სადრენაჟო თხრილების გაკეთებით. რაც ყველაზე მთავარია, არ ვნახავთ მიწას, ხოლო ბუნების მიბაძვითა და მაქსიმალურად ტყის ეფექტის მისაღებად ვრთავთ ცხოველებსა და ფრინველებს მონაცვლეობითი ძოვების სისტემების გამოყენებით.

დაკვირვება – ტყე-ბაღის დაგეგმვის საუკეთესო საშუალება

ტყე-ბაღის დაგეგმვა ადამიანისთვის არის დედამიწასთან თანამშრომლობის რეალური შანსი. ეს არის საშუალება შევაღწიოთ ბუნებრივ სივრცეში და გავხდეთ მისი ურთიერთკავშირებისა და ცოცხალი ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი. ამისთვის აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ბუნების კანონების შესაბამისად, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები. არასწორი ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელია დავაზიანოთ გარემო, ამიტომ ჩვენი პირველი მოვალეობაა, ვიყოთ ფრთხილი დამკვირვებლები.

ტყე-ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია მიწის ნაკვეთის სექტორული და ზონობრივი დაყოფა, ასევე მისი სიმაღლის მიხედვით დაგეგმარება. სამივე ემყარება ენერგოეფექტურობის პრინციპს.

სექტორული დაყოფის მიზანია გარე ენერგიების გამოვლენა და მათთან ინტეგრირება, მაგ: ზამთრისა და ზაფხულის მზე, ქარი, ცივი ჰაერის დინება, წყალდიდობა ან ხანძრის საშიშროება, დაბინძურება და ა.შ. ამ ენერგიების ვიზუალიზაციით ჩვენ შევძლებთ მათ ურთიერთდაკავშირებას ანუ შეძლებისდაგვარად ჩავსვამთ ზომიერების ფარგლებში – გავაუმჯობესებთ დეფიციტურს ან შევამცირებთ ჭარბს.

ზონირების მეთოდი ემყარება რესურსების შიდა მართვის ოპტიმიზაციისა და ადამიანის ენერგიის ხარჯვის შემცირების იდეას. სახლის გარშემო არსებული ძირითადი ზონიდან დაწყებული, ძირითადი ელემენტები და სისტემები მოთავსებულია 1-დან 5-მდე ზონებში საჭირო ვიზიტების, შენატანისა და შენახვის შესაბამისად.

სიმაღლის მიხედვით დაგეგმვის მიზანია ფერდობებისა და სიმაღლეების ენერგიების ეფექტური გამოყენება. აქ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია წყლის დაღმავალი ნაკადის პრობლემა, ჰუმუსის შესაძლო გადარეცხვა, ასევე ცივი ჰაერის მასების ქვევით მოძრაობა და თბილი ჰაერის აღმასვლა.

ბუნებრივ სისტემებსა და პროცესებს ახასიათებს დიდი სირთულეები, რაც ძნელად გასაგებია ამ საკითხში გამოუცდელი ადამიანისთვის. ამიტომ ტყე-ბაღის დაგეგმვისას გვმართებს ბევრი ფიქრი, მაქსიმალურად ყველა მეთოდისა და საშუალების გამოყენება, რათა გავაანალიზოთ ბუნებაში მიმდინარე პროცესები და სწორად შევაფასოთ ურთიერთკავშირები. ეს არის ჩვენი შანსი, ვითანამშრომლოთ ბუნებასთან და ვიყოთ მისი სრულფასოვანი წევრები.

ჭიაყელები – მიზეზი რატომ არ ვხნავთ მიწას!

ჭიაყელები არიან დედამიწაზე მცხოვრები უნიკალური არსებები. ისინი არიან დაუღლელი და სუპერ ეფექტური ნიადაგის მთხრელები, რომელთა შრომის გამეორება ადამიანებს არ შეგვიძლია, მიუხედავად ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიებისა.

ბუნება აკეთებს უკეთესად იმას, რაც ჩვენ ოდესმე შეგვეძლო ან დღეს შეგვიძლია. ამას მოწმობს შემდეგი მტკიცებულებები:

* ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუძლია უზრუნველყოს 7 მილიონამდე ჭიაყელის სიცოცხლე, რომელთა საერთო წონაა 2,4 ტონა, ხოლო ხელსაყრელ პირობებში მათ შეუძლიათ 50 ტონა ნიადაგის დამუშავება, რაც საკმარისია 5მმ სიღრმის ზედაფენის შესაქმნელად. დადასტურებულია, რომ ერთმა საცდელმა ჭიაყელამ 30 წლის განმავლობაში წარმოქმნა 18სმ-ის ფენა.

*ჭიაყელების გათხრილი ხვრელები ახდენს ნიადაგის აერაციას და ხელს უწყობს წყლის 10-ჯერ უფრო სწრაფად გადინებას, ვიდრე მათ გარშემო მყოფი ნიადაგი. მთლიანობაში კი ამ არსებებით სავსე ნიადაგს აქვს 6-ჯერ უფრო მეტი შეღწევადობა კულტივირებულ მიწასთან შედარებით, რომელშიც,რა თქმა უნდა, მათი რაოდენობა შემცირებულია.

*ჭიაყელები ხელს უწყობენ მცენარეების უკეთ ზრდას. მათი გადამუშავებული მასა შეიცავს ბევრ საკვებ ნივთიერებას, ფოსფორის გაოთხმაგებულ დოზას და მცენარეებისთვის ადვილად მისაწვდომ აზოტს. სწორედ მათ მიერ წარმოქმნილი ხვრელით გადაეცემა ფესვს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტები.

*ჭიაყელები აუმჯობესებენ ნიადაგის ნაყოფიერებას – ახალ ზელანდიასა და ტასმანიაში ჩატარებული კვლევით, მრავალწლოვან საძოვრებში ჭიაყელების დამატებამ (სადაც მანამდე არ არსებობდნენ) თავდაპირველად საძოვრები 70-80%-ით გაზარდა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში – 25%-ით. ნიდერლანდებში იგივე მეთოდით დაფიქსირდა მატება 20%-ით, ხოლო ირლანდიაში 10%-ით. CSIRO-ს ორგანიზებით ჩატარებულ ხორბლის წარმოების კვლევაში, სათბურის პირობებში მიიღეს 35%-იანი ზრდა.

ნაკვეთზე სადრენაჟო თხრილების მოწყობა:

1) ჰეჯირება

არასასურველი რისკებისგან თავის დასაცავად (მაგ: მიწის ჩამოშლისგან) მიწაყრილის შუაში, გვერდიგვერდ, ერთმანეთთან ახლოს დარგული ბუჩქები.

2) თხრილი

90 სმ-დან 2,5 მ-მდე სიგანის თხრილი შიგნით მჭირდოდ ჩათესილი სამყურით.

3) მიწაყრილი (ბორცვი)

თხრილის ამოჭრის შედეგად ამოღებული მიწა – დაყრილი ნაკვეთის დაღმა მიმართულებით.

4) ნიადაგის საფარი

მიწის ამოჭრისა და გვერდით გადატანის შემდეგ ითესება როგორც სწრაფად მზარდი ერთწლიანი, ასევე მულტიფუნქციური მრავალწლიანი კულტურების ნარევი.

5) სამულჩე ჯამი

ნერგის გარშემო 8-15 სანტიმეტრის სიღრმეზე გაკეთებულ ჯამში დაფენილი ბურლაპის იგივე ჯუთას (ბიოდეგრადირებადი ქსოვილი) მულჩი.

6) ლაშქარა

გამძლე, მრავალწლიანი, ადვილად მოსავლელი მცენარე, მისი ფოთლები გამოიყენება მწვანე მულჩისთვის. ასევე მოიაზრება როგორც ნიადაგიდან საკვები ნივთიერებებისა და მინერალების შემგროვებელი.

ტყე – ბაღის 7 ფენა

1) მაღალიხე

ეს შეიძლება იყოს დიდი ზომის ხილის, კაკლოვანი ან სხვა თქვენთვის გამოსადეგი ხე, რომელიც გაიზრდება ისე, რომ არ შეზღუდოს მზის სხივის ჩაღწევა ტყე-ბაღის სხვა უფრო დაბალ ფენებში. ჩრდილის მომცემი კლასიკური ხეები,როგორებიცაა: ნეკერჩხალი, ჭადარი ან წიფელი,ვერ იმუშავებს ამ სტილის ბაღში, რადგან წარმოქმნიან ღრმა ჩრდილს დიდ სივრცეზე.

უკეთესია ავირჩიოთ ვაშლის, მსხლის, ნუშისა და ბლის ხეები, ასევე იმუშავებს დიდი წაბლიც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას გავსხლავთ და მივცემთ სინათლის გამტარ ფორმას. უკეთესი იქნება, თუ ამერიკულ წაბლს შედარებით მომცრო ზომის ჩინურ ჯიშს ვამჯობინებთ.

აზოტფიქსატორი და თაფლოვანი ხეებიდან შეგვიძლია დავრგოთ: ცრუაკაცია, მესკიტი, მურყანი (თხმელა), სამეფო დელონიქსი.

2) დაბალი ხე

აქ შეგვიძლია მაღალი ხის სახეობებიდან ბევრი გადმოვიტანოთ, ოღონდ ჯუჯა ან ნახევრად ჯუჯა საძირეებით, ისევე,როგორც შეგვიძლია გავსხლათ და მივცეთ დაბალი ხის ფორმა.

ასევე შეგვიძლია დავრგოთ შედარებით მცირე ზომის ხეები: გარგარი, ატამი, ვაშლატამა, ნუში, ზღმარტლი და თუთა.

ჩრდილის მოყვარული ხეებიდან შეგვიძლია ავირჩიოთ აზიმინა (ამერიკული პაპაი) დახურმა; ნელა მზარდებიდან – შინდი და ცირცელი, ხოლო აზოტფიქსატორებიდან – ოქროწვიმა ან აბრეშუმა აკაცია (ლენქორანული ალბიცია). როგორც დიდი, ასევე პატარა აზოტფიქსატორი ხეები სწრაფად იზრდებიან და მათი ხშირი გასხვლის შემთხვევაში გვეძლევა მასალა როგორც მულჩის, ისე კომპოსტისათვის.

3) ბუჩქი

ეს ფენა აერთიანებს ყვავილოვან, ხილის მომცემ, მწერების მიმზიდველ და სხვა სასარგებლო ბუჩქებს: მოცვი, თხილი, ბუდლეა, დრაცენა, ფშატი, უძრახელა.

ჩვენ შეგვიძლია საჭიროებისამებრ ავარჩიოთ სხვადასხვა ზომის ბუჩქები – დაწყებული მცირე ზომის მოცვიდან – დამთავრებული თითქმის ხის ზომის თხილამდე.

4) ბალახოვანი საფარი

აქ მოიაზრება ბოსტნეული, ყვავილები, მწვანილი, მულჩის მომცემი და ნიადაგის გასაუმჯობესებელი მცენარეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩრდილის მოყვარულებს მოვუძებნოთ ადგილი მაღალი მცენარეების ქვეშ, ხოლო მზის მოყვარულებს გამოვუყოთ ღია სივრცეები.

5) მიწის მფარავი ფენა

ესენი არიან დაბალი, მიწაზე გართხმული მცენარეები. საუკეთესო შემთხვევაში მათ აქვთ კვებითი ღირებულება ან და არიან ადგილობრივი სარეველები, რომლებიც შეავსებენ სივრცეს ბუჩქსა და ბალახოვან საფარს შორის. ამ კატეგორიაში მოიაზრება: მარწყვი, ნასტურცია (დედოფლის ყვავილი), სამყურა, ფლოქსი და ვერბენა. ისინი თამაშობენ დიდ როლს სარეველების პრევენციაში – იკავებენ მიწის იმ ნაწილს, სადაც გაიზრდებოდა არასასურველი მცენარე.

6) ლიანები

განასხვავებენ ხვიარა და მცოცავ ლიანებს. ხვიარა ლიანები საყრდენს გარს ეხვევიან, მცოცავები კი საყრდენს ემაგრებიან ულვაშებით. ამ ჯგუფებში შედიან: კივი, ვაზი, სვია, ცხრატყავა, ბრუგმანსია (ანგელოზის საყვირი). ასევე შეგვიძლია დავასახელოთ გოგრა, კიტრი და ნესვი.

7) ფესვების ფენა

ამ კატეგორიაში შეგვყავს ნიორი, ხახვი, კარტოფილი, მიწავაშლა, სტაფილო. თუმცა სტაფილოს ფესვთა სისტემა მოუხერხებელს ხდის მის გამოყენებას ტყე-ბაღში, რადგან ამოღებისას აუცილებლად დააზიანებს ახლო მყოფ მცენარეს.

ცხოველებისა და ფრინველების მონაწილეობა ტყე–ბაღში მონაცვლეობითი ძოვების სისტემები ფუნქციონირებს ღობეებით გამოყოფილი საძოვრის რამდენიმე ნაკვეთის მეშვეობით. მაშინ, როდესაც ერთი ნაკვეთი გამოიყენება, ბალახი და მცენარეულობა იზრდება დანარჩენ შემოღობილ საძოვარზე. ამ სისტემას აქვს ორი უპირატესობა:

  1. 4-6 კვირიან რეაბილიტაციის ფაზაში გაცილებით მეტი რაოდენობის ბიომასა შეიძლება გაიზარდოს, ვიდრე მუდმივად ძოვების რეჟიმის ქვეშ არსებულ საძოვრებზე.
  2. ძოვების მაღალი ინტენსივობა დროის მოკლე პერიოდში იწვევს არასასურველი მცენარეებისგან გასუფთავებას და,შესაბამისად, საძოვარი ნაკლებ მოვლას საჭიროებს ადამიანისგან.აღნიშნული შესაძლებელია პროდუქტიულობის (ნასუქობა, რძისწარმოება) გაზრდის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოყენება საუკეთესო გზაა ტყე–ბაღის სრულყოფისათვის. მათი უნარების სწორად შეფასების შემთხვევაში მაქსიმალურად მცირდება ადამიანური შრომისა და წიაღისეული საწვავის გამოყენების აუცილებლობა. ამგვარად, შესაძლებელია შევქმნათ იდეალური პირობები ჩვენს ბაღში, ხოლო არასწორად დაგეგმვის შემთხვევაში – გამოვფიტოთ ნიადაგი და გავანადგუროთ ნათესები.

პირველი ნაბიჯი არის ადგილის შერჩევა, იმ ადგილების შემოღობვა, სადაც არის მათი გამოყენების საჭიროება და შემდეგ როტაციული პრინციპით ძოვება. უცნაურია, როდესაც ფერმერი ირთულებს საქმეს დათიბავს ბაღს, როდესაც ამას მარტივად გააკეთებ და ცხვარი, ბატი, იხვი ან სხვა.

ბატები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ტყე–ბაღში. ისინი დიდი ეფექტურობით გამოირჩევიან სარეველების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასუფთავებენ და აკონტროლებენ მათ ნარგავების გარშემო. მექსიკაში, ლასკანადასში გაშენებულ ტყე–ბაღში, აფრიკულ ჯუჯა ბატს არაჩვეულებრივად იყენებენ კოჭას (Zingiber officinale), ტკბილი კარტოფილის (Ipomoca batatas) და ტაროს (Colocasia esculenta) გარშემო მიწის სარეველებისგან გასასუფთავებლად, რაც ბევრ ადამიანურ შრომასა და დროს ზოგავს ფერმერებისთვის.

ქათმები ამცირებენ მავნებელ მწერებს, იხვებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ კალიები და ლოკოკინები, იგივე შეიძლება ითქვას ინდაურზეც. ყველაზე დიდი სარგებლიანობით გამოირჩევა ციცარი, რომელიც ანადგურებს მავნე მწერების 90%–ს, აყენებს მინიმალურ ზიანს მცენარეებს, რაც მას ქათამთან შედარებით დიდ უპირატესობას აძლევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ბაღში ხიდან ჩამოვარდნილი ხილის ან კაკლოვანის ნაყოფი, რაც თავისთავად სიდამპლის პროცესის დაწყების მიზეზია და წარმოადგენს მავნებელი მწერების გამრავლების ერთ–ერთ წყაროს. ამ პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია ღორების, ქათმებისა და ინდაურების ჩართვით. ამ მოქმედებებით ჩვენ ავაწყობთ ბუნებრივ ციკლს და ამავდროულად ჩვენს ცხოველებსა და ფრინველებს მივაწვდით საჭირო პროტეინებს.

გილდიისთვის საჭირო მცენარეების არჩევა მათი ფუნქციების მიხედვით

ატმის ხის გილდია:

  • ვარდკაჭაჭა – აგროვებს საკვებ ნივთიერებებსა და მინერალებს ნიადაგიდან, გარდაქმნის მათ ბიოშეღწევად ფორმად და ინახავს მაღალი კონცენტრაციით ქსოვილებში. გამოიყენება სასუქად ან უბრალოდ მულჩის გასაუმჯობესებლად;
  • ნარინჯისფერი კოსმია – იზიდავს ისეთ სასარგებლო მწერებს,როგორებიცაა – ტრიქოგრამა, რომელიც პარაზიტობს პეპლების 100-მდე სახეობაზე (მათ შორის ვაშლის ნაყოფჭამიაზე, კომბოსტოს და ზამთრის ხვატარებზე, სიმინდის ფარვანაზე და სხვა.);
  • წითელი სამყურა – მასზე დიდი რაოდენობით ვითარდება აზოტის შემთვისებელი ბაქტერიების კოჟრები, რომლებიც ამდიდრებენ ნიადაგს აზოტოვანი შენაერთებით;
  • ლაშქარა – ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული სამულჩე მასალა პერმაკულტურაში. ის არის გამძლე, მრავალწლიანი, ადვილად მოსავლელი მცენარე, რომლის ფოთლები ქმნიან შესანიშნავ მულჩს;
  • მარწყვი – მისი ზრდის თავისებურებები დამთრგუნველად მოქმედებს სხვადასხვა სახის სარეველაზე;
  • ნიორი – ხშირად იყენებენ მავნე მწერებისგან დასაცავად. არსებობს ვარაუდი რომ ის იგერიებს ატმის ხის ხოჭოს (Synanthedonexitiosa).

ვაშლისა და მსხლის ხის გილდია:

1) შავი მოცხარი Ribes nigrum

2) ოქროსფერი მოცხარი Ribes aureum

3) გუმი Elaeagnus multiflora

4) ხურტკმელი Grossularia

5) წითელი მოცხარი Ribes rubrum

6) წითელყვავილა მოცხარი Ribes sanguineum

7) მონარდა Monarda

8)კიტრისუნა Borago officinalis

9) ლაშქარა Symphytum

10) ექინაცია Echinacea

11) ბაღის ტუხტი Alcea rosea

12) ჰისოპი Hyssopus officinalis

13) ხაჭიჭორაCynaria scolymus

14) ნაცარქათამა Chenopodium

15) ძირტკბილა Glycyrrhiza glabra

16) ლოიჯი Levisticum officinale

17) ფაცელია Phacelia tanacetifalia

18) დამიანაTurneradiffusa

19) მიწავაშლა Helianthus tuberosus

20) რევანდი Rheum

21) ღიმიChaerophyllum

22) მჟაუნა Rumex acetosa

23) სვინტრიPolygonatum

24) ასფურცელა Tanacetum

25) უძრახელა Caragana arborescens

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები