რეკლამაspot_img

მთები – გეოგრაფიული და ეკოლოგიური სპეციფიკა

პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონული გეოგრაფიის და  ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე  თვალსაჩინოა ეკოლოგიური პრობლემების ზრდის ტენდენციები, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.  ყოველწლიურად იზრდება ტყიანი ტერიტორიებისა და ნაყოფიერი ნიადაგების დეგრადაცია, გაუდაბნოებისა და გაუდაბურების მასშტაბები, მცირდება ჭარბტენიანი და მყინვარებით დაფარული ტერიტორიები, მტკნარი წყლისა და მსოფლიო ოკეანის ბიოლოგიური რესურსები, ლითონური და სათბობ-ენერგეტიკული წიაღისეული, თვალსაჩინო ხდება ატმოსფეროსა და წყლის დაბინძურება, ურბანიზაციის უარყოფითი პროცესები და სხვ.

კიდევ უფრო რთულადაა ვითარება მთიან რეგიონებში. ისინი განსაკუთრებული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური გარემოთი გამოირჩევა. მსოფლიოს მთიანი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ცნობილია მკაცრი კლიმატური პირობებით, მიწის რესურსების სიმწირით, სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურით, აქ მცხოვრები მოსახლეობის დაბალი შემოსავლებითა და განვითარების უპესპექტივობით. თუმცა არის ადგილები (ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა), სადაც მთებში მცხოვრები მოსახლეობა თავს კომფორტულად გრძნობს, რადგან იქ მიმზიდველი სოციალურ-ეკონომიკური გარემოა შექმნილი.

მთებს მსოფლიოს 53 ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია, ხოლო 45 ქვეყნის საერთო ფართობის 25 – 50%. მთები მოიცავენ ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრიის 20%, რაც განპირობებულია მაღალი ბიოლოგიური და ისტორიულ-კულტურული მრავალფეროვნებით, რელიგიური ობიექტების სიუხვით, მაღალი პოტენციალის მქონე რეკრეაციული რესურსებით.

მთები უძველესი დროიდან ითვლებოდა ცივილიზაციის გავრცელების  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბარიერად. ამასთანავე, მთებში ჩამოყალიბდა არაერთი თვითმყოფადი ხალხი, კულტურა, ტრადიცია. ერთსა და იმავე მთიან სისტემაში (მაგალითად, კავკასიონში) მცხოვრები ხალხების იზოლაცია იმდენად დიდი იყო, რომ განსხვავებული ენების ფორმირებასაც კი განაპირობებდა. ამჟამად მთებში 700 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 3000 მეტრზე მაღლა (ჰიმალაებსა და ანდებში) – 20 მილიონი, ზღ. დონიდან 2000-3000 მეტრის ფარგლებში კი 120 მილიონამდე მცხოვრებია.

მთები დიდ როლს თამაშობდნენ და თამაშობენ კაცობრიობის ისტორიასა და მის განვითარებაში. ისინი წარმოადგენენ წყლის, ტყისა და არაერთი მინერალური რესურსის არსებით წყაროს, ბიოლოგიური, ლანდშაფტური და ეთნიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ არეალს, რეკრეაციული მეურნეობის მაღალი პოტენციალის მქონე ტერიტორიას. ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 10% ცხოვრობს მთებში, ხოლო სამჯერ მეტი იყენებს მთებში ფორმირებულ ბუნებრივ რესურსებს (განსაკუთრებით წყალს).

ადამიანი მთებში ათასობით წლის მანძილზე ქმნის ბუნებისა და საზოგადოების თანაცხოვრების განუმეორებელ ფორმებს, კულტურასა და ჩვეულებებს.  მთები ჯერ კიდევ გამოირჩევა ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოთი, კულტურული და ბუნებრივი მცენარეულობის ენდემური სახეობებით, სოფლის მეურნეობის, არქიტექტურის, ეთნოკულტურის განუმეორებელი და საინტერესო ფორმებით. მიუხედავად ასეთი მიმზიდველობისა, მთიანი ტერიტორიების უდიდეს ნაწილში მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბესა და თითქმის სრულ იზოლაციაში ცხოვრობს. ფართო მასშტაბებს მიაღწია მიგრაციულმა პროცესებმა, რის გამოც არაერთ მთიან რეგიონს გაუდაბურება ემუქრება.

მთიანი ტერიტორიების ბუნებრივი პირობები და რესურსები რთული გამოსაყენებელია, რის გამოც მოსახლეობას ექსტრემალურ გარემოსთან შეგუება და ბრძოლა უწევს. მთებში მცხოვრებმა ხალხებმა ათასწლეულების მანძილზე შექმნეს მეურნეობის უჩვეულო და სპეციფიკური ფორმები, რაც, ერთი მხრივ, მიწათსარგებლობის არახელსაყრელ (მცირემიწიანობისა და არასაკმარისი აგროკლიმატური რესურსების ფონზე), ხოლო მეორე მხრივ – მეცხოველეობის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს უკავშირდება. მთებში მიწათსარგებლობის ტრადიციული ფორმები მთის ხელოვნურად შექმნილ ტერასებზე განვითარდა, ხოლო მესაქონლეობა – მაღალნაყოფიერ საზაფხულო საძოვრებსა და სათიბებზე.

მთიანი ტერიტორიების გამოყენების ფორმები და მასთან დაკავშრებული პრობლემები პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის განვითარების დონეს. თუ განვითარებად ქვეყნებში მთიანი რეგიონები „გამოირჩევიან“ ეკონომიკური ჩამორჩენილობით, სოციალური დაძაბულობითა და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლებით, საპირისპირო ვითარებაა განვითარებულ ქვეყნებში. ქ მთიანი რეგიონები უკვე ჩამოყალიბდნენ ტურისტულ ცენტრებად და ხასიათდებიან ცხოვრების მაღალი დონით. თუმცა მთებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს – ისინი სამართლიანად ითვლება წყლისა და ჰიდროენერგეტიკული რესურსების ფორმირების არეალად, ბიოლოგიური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ტერიტორიებად. მთები ცნობილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, რის შენარჩუნებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო გეოგრაფიული გარსის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, არამედ კაცობრიობის მომავლისთვისაც.

მთები მდიდარია არაერთი სახეობის ბუნებრივი რესურსით, რომელთაგან კაცობრიობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასმელი წყალი, ჰიდროენერგია, მზისა და ქარის ენერგია, თერმული და მინერალური წყლები. მთებში წარმოდგენილია მრავალი სახის სასარგებლო წიაღისეული საბადო, რომელთაგან მნიშვნელოვანია ფერადი და ძვირფასი ლითონები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები.

მთები განსაკუთრებით მდიდარია რეკრეაციული რესურსებით, კერძოდ: ეფექტური და ულამაზესი პეიზაჟებით, ესთეტიკური ადგილებით, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერით, მრავალფეროვანი მცენარეულობითა და ცხოველთა სამყაროთი. მთები ერთდროულად წარმოადგენს ცოცხალი სამყაროს არაერთი სახეობის ბუნებრივ თავშესაფარსა და კორიდორს. მისი მეშვეობით ხორციელდება ბარისა და მაღალი მთის ცხოველთა თავშეყრა, შერევა და გადაადგილება სხვადასხვა მიმართულებით.

მთებში არაერთი სახის ტურიზმია განვითარებული, რომელთაგან გამოირჩევა : სპორტული, ეკოლოგიური, ექსტრემალური და სამედიცინო (გამაჯანსაღებელი) სახეობები. რთული რელიეფური პირობები ხელს უწყბს მთებში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, რაც მათ სიმაღლებრივ განწილებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი რესურსი შემეცნებითი (სამეცნიერო, საგანმანათლებლო) ტურიზმის განვითარებისთვის.

მთებში მსოფლიოში ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებით, ბუნებრივი სრულყოფილებითა და უნიკალურობით გამოირჩევა, ამიტომაც ისინი მეცნიერებისთვის საუკეთესო „ექსპერიმენტული“ დაკვირვების ადგილია, იქ თვალსაჩინოა ტექტონიკური, გეოდინამიური, კლიმატური და ბიოლოგიური მოვლენებისა და პროცესების გლობალური მიმდინარეობის თავისებურებანი.

მთების განვითარებისადმი საზოგადოებრივი და სამეცნიერო ინტერესი მუდმივად იზრდება. მისი გლობალური, რეგიონული თუ ლოკალური თავისებურებების კვლევა მათი განვითარების ოპტიმალური მოდელების შექმნის წინაპირობად მიიჩნევა. ყურადღების ცენტრშია მთების ბუნებრივი, სამეურნეო, ეთნოკულტურული თუ გეოპოლიტიკური განვითარების ტენდენციები, მოსახლეობის სოციალური ინტერესები, ეკოლოგიური პრობლემატიკა და სხვა მიმართულებები. ამასთან დაკავშირებით, სულ უფრო პოპულარული ხდება მთების ინტეგრირებული (ინტერდისციპლინური) შესწავლის მნიშვნელობა, რომლის მეშვეობით მკაფიოდ წარმოჩინდება მათი მდგრადი განვითარების პრობლემატიკა და მიზნები.

მთების გეოგრაფიული სპეციფიკა

მთები განსხვავდება ადგილის სიმაღლის მიხედვით. ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე დაბალი მთებია, 2000 მეტრამდე – საშუალო, ხოლო უფრო ზევით – მაღალი მთები. გარდა სიმაღლისა, მთების სპეციფიკის წარმოსაჩენად, უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია რელიეფის ფორმები. დაბალმთიანია რელიეფი, რომელსაც ახასიათებს სუსტად დახრილი ფერდობები და მოსწორებული მწვერვალი. მაღალმთიანს მიეკუთვნება ციცაბო ფერდობებით დაპიკური მწვერვალებით გამორჩეული რელიეფი. მათ შორის გარდამავალია საშუალომთიანი რელიეფი. არა მხოლოდ დაბალმთიანი და საშუალომთიანი რელიეფის ფორმები, არამედ ვაკეებიც (ზეგნები, პლატოები) კი გვხვდება მაღალ მთებში, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია საცხოვრებლად და სამეურნეო საქმიანობისთვის.

მთიან ტერიტორიებს მსოფლიოს ხმელეთის თითქმის მეოთხედი უკავია, რომლის მიმდებარე გორაკ-ბორცვებსა და ვაკეებზე ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 40%. ამრიგად, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი დამოკიდებულია მთებიდან მიღებულ წყალსა და ენერგიაზე, კვების პროდუქტებსა და ტყის რესურსებზე.

მთები წარმოდგენილია ყველა კონტინენტზე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მდებარეობის, ფართობის, სიმაღლის, ოროგრაფიის, ბუნებრივიპირობების, სიმაღლებრივისარტყლურობის, ბარიერულითვისებების, წარმოშობის, განვითარების, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების, ჰავის, რესურსების, მოსახლეობის რაოდენობის, გეოპოლიტიკურივითარების, განვითარების დონისა და სხვა არაერთი მაჩვენებლის მიხედვით. მთებში სპეციფიკური ფორმითაა გადაჯაჭვული ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, რაც ყველაზე მკაფიოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების თავისებურებებსა და პრობლემებზე.

გეოგრაფიული (განედური) მდებარეობა განაპირობებს მთების არაერთ ბუნებრივ მახასიათებელს. მათ შორის აღსანიშნავია მაკროკლიმატური მაჩვენებლები, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ვერტიკალური სარტყლურობისა და ლანდშაფტშემქმნელი ფაქტორების გეოგრაფიულ თავისებურებებს. ამ მახასიათებლებით არსებითად განსხვავდება ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლის მთიანი სისტემები.

ოროგრაფიული ფაქტორი ასახავს მთიანი ტერიტორიების სეისმური აქტივობისა და გეოლოგიური აგებულების თავისებურებებს. ეს მახასიათებლები, კლიმატთან ერთად, განაპირობებს რელიეფის დანაწევრებასა და გეოდინამიკურ პროცესთა ინტენსივობას. ისინი უშუალოდ განსაზღვრავენ მთებში სასიცოცხლო და სამეურნეო სივრცის პოტენციალს. ტექტონიკური მოძრაობის ინტენსივობა ახალგაზრდა მთიანი სისტემების ფორმირების მკაფიო მაჩვენებელია, რაც დღემდე ზრდადი მაჩვენებლებით ხასიათდება. მაგალითად, თუ გასული საუკუნის 80-იან წლებში მიიჩნეოდა, რომ კავკასიონი საზევების სიჩქარე წელიწადში 6 მმ-ს შეადგენდა, ამჟამად საუბარია 15 მმ-ზე. მთიანი რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ოროგრაფიული ერთეულების თანაფარდობა, როგორებიცაა: ქვებულები, პლატოები, საშუალო და დაბალმთიანი რელიეფის ფორმები, რაც განაპირობებს ამგვარი რეგიონების სამეურნეო გამოყენებისა და განვითარების მასშტაბებს.

მთებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა სიმაღლებრივი სარტყლურობის თავისებურებანი, რაც არაერთ ფაქტორს უკავშირდება. მათგან მთავარია სიმაღლის მატებასთან ერთად ჰაერის ტემპერატურის კლება და ფერდობების ექსპოზიცია. ტემპერატურული გრადიენტი ყოველ 100 მეტრზე ასვლისას საშუალოდ 0.50-ს შეადგენს, მაგრამ იგი განსხვავდება ადგილმდებარეობის და კლიმატური სარტყლის მიხედვით. მაგალითად, ზღვიური ჰავის პირობებში ჰაერის ტემპერატურა 0.20-ით ეცემა, ხოლო კონტინენტური ჰავის პირობებში – 0.9-1.00-ით. იგივე შეიძლება ითქვას გეოგრაფიულ სარტყლებზეც. მაგალითად, ზომიერი სარტყლის მთებში ჰაერის ტემპერატურის კლება სიმაღლის მატებასთან ერთად უფრო ინტენსიურია, ვიდრე არქტიკულ ან ეკვატორულ სარტყელში. სიმაღლებრივი სარტყლურობა ანუ სიმაღლებრივი ზონალობა არაერთ გეოგრაფიული თავისებურებას უკავშირდება, მათ შორის მნიშვნელოვანია ადამიანის ეკოლოგია, ბიოლოგიური პროდუქტიულობა და პოტენციალი, მიწისა და წყლის რესურსების განაწილება, სამეურნეო საქმიანობის ტიპები და მასშტაბები, რეკრეაციული პოტენციალი და სხვ.

აღსანიშნავია მთიანი სისტემების ბარიერული თვისებებიც, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს არა მარტო ბუნებრივი გარემოს ფორმირების ან ბუნებრივი მოვლენების ხასიათს, არამედ გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თავისებურებებს. ისტორიულ წარსულში მაღალი და საშუალო მთები ძირითად გეოგრაფიულ ბარიერად წარმოჩინდებოდა, რაც განსაზღვრავდა ჰავის, მდინარეთა აუზების და შესაბამისად – გეოგრაფიული გარემოს, ეთნოსის და სახელმწიფოთა კონფიგურაციის ფორმირებას. სწორედ ამგვარ მთიან სისტემებს მკაფიოდ მიეკუთვნება კავკასიონი, რომლის ბარიერული თვისებები არაერთი ხალხის სახელმწიფოებრივი ფორმირების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ამჟამად მთიანი სისტემების ბარიერული თვისებები, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, თითქმის ნიველირებულია, თუმცა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში (ცენტრალურიაზია, ანდები, კორდილიერები, ეთიოპიის მთიანეთი, ჰიმალაები, ტიბეტი, კავკასია და სხვ.) კვლავ რჩება არსებით გეოპოლიტიკურ ფაქტორად.

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები