რეკლამაspot_img

მთები – გეოგრაფიული და ეკოლოგიური სპეციფიკა

ნოდარ ელიზბარაშვილი – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე

ნაწილი II

მთიანი  ტერიტორიების მოსახლეობა, მსოფლიოს არაერთ რეგიონში მიგრაციას განიცდის. მოსახლეობის გადაადგილება ძირითადად ორი მიმართულებით ხორციელდება: მთის სოფლებიდან ბარის სოფლებისკენ და მთის სოფლებიდან ქალაქებისკენ. მაღალია სახელმწიფოებს შორის შრომითი მიგრაციის მაჩვენებლებიც.  ამგვარ პროცესს რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს: სახელმწიფოს უყურადღებობა, დეცენტრალიზაციის პრობლემები, რთული ბუნებრივი პირობები, კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური და სოციალური სტიმულირების დაბალი დონე, ადგილობრივი მოსახლეობის პასიური მონაწილეობა ადმინისტრირებასა და მართვაში.

გეოპოლიტიკური ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ მთებთან დაკავშირებულია არაერთი კონფლიქტი, რაც ასევე აფერხებს მთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. კონფლიქტები უკავშირდება სამხედრო და ეკონომიკურ ბლოკებს, მწირ ეკონომიკურ პოტენციალს, მცირე მიწიანობას, წყლისა და მინერალური რესურსების განაწილებას, რელიგიებს, ისტორიულ და ტერიტორიულ პრეტენზიებს, გზებს, კომუნიკაციებს და სხვ. არადა, მთიანი რეგიონების ბუნებრივი და ეთნოკულტურული პოტენციალი იძლევა მრეწველობისა და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის, ტურიზმის, დაცული ტერიტორიების, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისა და სხვა მიმართულებების განვითარების შესაძლებლობებს.

უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიოს მთიან რეგიონებში გაიზარდა ინტერესი ბუნებრივი და ეთნოკულტურული ფასეულობების დაცვისადმი. აღინიშნება არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოება და ახლის შექმნა,  რასაც გარკვეულწილად მოსახლეობის მიგრაცია და „თავისუფალი“ არეალების არსებობა უწყობს ხელს. დაცული ტერიტორიებიდან განსაკუთრებული პოპულარობით ეროვნული პარკები და ბიოსფერული რეზერვატები სარგებლობს, სადაც შენარჩუნებულია საზოგადოებისა და ბუნების თანაცხოვრების გამორჩეული მაგალითები, ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნება.

გარკვეული მთიანი სისტემები ინარჩუნებენ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, რადგან მათზე გადის უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ეკონომიკური დანიშნულების გზები და უღელტეხილები. უმეტესწილად მთები წარმოადგენს ბუნებრივ და პოლიტიკურ საზღვარს, რაც  ემთხვევა სახელმწიფოთა ან ეთნიკურ საზღვრებს. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა სამხედრო მოქმედებები მიმართული იყო წყალგამყოფებისა და უღელტეხილების დაუფლებისაკენ.

მთებს დღესაც აფარებენ თავს სხვადასხვა ჯურის ტერორისტული ორგანიზაციები, პარტიზანულ და სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილე დაჯგუფებები, კონტრაბანდითა და არალეგალური ვაჭრობით დაკავებული პიროვნებები. ისინი, როგორც წესი, თავშესაფრად ირჩევენ მთიანი რეგიონების პერიფერიულ, სასაზღვრო ნაწილს, რათა საფრთხის შემთხვევაში ადვილად შეაფარონ თავი მეზობელ სახელმწიფოებს.

მთების ეკოლოგიური სპეციფიკა

მთებში არამდგრადი ბუნებრივი გარემოა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ესენია: ჰაერის მაღალი ტემპერატურული ამპლიტუდა (რაც ფიზიკურ გამოფიტვას უწყობს ხელს), დაბალი წნევა, ამინდის სწრაფი ცვლა, მკვეთრი ექსპოზიციური სხვაობა, ინტენსიური წყლისმიერი ეროზია, თოვლის მძლავრი საფარი, რელიეფის დახრილობა, ნიადაგის დაბალი ნაყოფიერება,  ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე და სხვ. ამას ემატება ისიც, რომ ადამიანის ზემოქმედების შედეგად, მთის ეკოსისტემები კარგავენ მდგრადობას და განიცდიან ძლიერ დეგრადაციას. მთებში შესუსტებულია ბუნებრივი გარემოს თვითაღდგენის მექანიზმებიც.

მთების ბუნებრივი მრავალფეროვნება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ: გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ადგილის სიმაღლესა და ექსპოზიციაზე, ოკეანეებისა და ზღვების სიახლოვეზე, ქარების მიმართულებაზე, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ფორმებსა და მასშტაბებზე. მთების ბუნებრივი მრავალფეროვნება გარკვეულწილად განაპირობებს ეკოლოგიური პრობლემების მრავალფეროვნებასაც, რაც თანამედროვე მსოფლიოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

მთები გამოირჩევიან რისკებით, რასაც ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორები განაპირობებს. ბუნებრივი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ვულკანები და მიწისძვრები, მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები, წყალმოვარდნები და სხვ. აქ სულ უფრო და უფრო იზრდება ადამიანის ზემოქმედება, რაც ძირითადად მოპოვებით მრეწველობაში, ტყეების ექსპლოატაციასა და გზების მშენებლობაში გამოიხატება. სწრაფად ცვალებადი კლიმატური პირობებისა და ადამიანის მზარდი სამეურნეო საქმიანობის გამო მთების ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ცნობილია, რომ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მთიანი რეგიონების ტყიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, ზოგან კი (მაგალითად, პამირი, ტიანშანი და სხვ.) განახევრდა. არადა, მთის ტყეებს უდიდესი, ხშირად გადამწყვეტი ეკოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია. მათ ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, წყალდიდობის, წყალმოვარდნისა და გეოდინამიური პროცესების შემაფერხებელი, ჯანსაღი გარემოს შემქმნელი და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ფუნქციები აქვთ. მთებში მეცხოველეობის განვითარება ძირითადად ზედა მთის ტყეებზე მოქმედებს, რომლებიც ტყის ეკოსისტემებიდან ყველაზე არამდგრადია. ძოვებისა და თიბვის მასშტაბები ხელს უშლის ტყის თვითაღდგენის უნარს, რის გამოც მთებში მეცხოველეობის რეგულირება, ტყეების რაციონალურ გამოყენებასთან ერთად, მთიანი ტერიტორიების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მთიან ტერიტორიებზე ადამიანის ტექნოგენური საქმიანობა სხვადასხვა ფორმებით გამოიხატება. თუმცა მათი შედეგები ძირითადად წყლის რესურსების რეგულირების პრობლემას უკავშირდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი არიდული რეგიონების მთიან ტერიტორიებზე წყლის რესურსების ფორმირებისა და გამოყენების მხრივ.

მისი მოცულობის შემცირება პირდაპირ უკავშირდება კლიმატის გლობალურ ცვლილებებსა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობას. ამგვარ რეგიონებში მოსალოდნელია წყლის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გამწვავება. იგი აისახება არა მარტო მთისა და ბარის მოსახლეობის, არამედ იმ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე, რომლებიც სარგებლობენ ტრანზიტული მდინარეების წყლის რესურსებით.

მსოფლიოს მთიან რეგიონებში წყალსაცავების მშენებლობის ისტორია ასწლეულებს ითვლის. დადგენილია, რომ გარემოზე ზემოქმედებით მხოლოდ დიდი წყალსაცავები (100-150მ სიღრმის მქონე) გამოირჩევა, რომელთა რაოდენობა ამჟამად რამდენიმე ასეულია. წყალსაცავების უმრავლესობა ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლის მთიანი რეგიონების მდინარეზეა აგებული. მისი მეშვეობით ეფექტურად რეგულირდება წყლის რესურსები, თუმცა იზრდება სეისმური დაძაბულობა, იტბორება მთის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მდინარის პირატერასები, ტყეები და მდელოები, გარკვეულწილად იცვლება მიკრო კლიმატი, მიწისქვეშა წყლების დონე, ცოცხალი სამყაროს სახეობრივი შედგენილობა, მათი მიგრაციის გზები და ა.შ.

წყალი სამართლიანად ითვლება 21-ე საუკუნის ძირითად ბუნებრივ რესურსად. მუდმივად იზრდება მოთხოვნა წყლის როგორც რაოდენობაზე, ისე ხარისხზე. არადა, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია მტკნარი წყლის იმ რესურსებთან, რომლებიც თავმოყრილია მთის მყინვარებსა თუ წყალსატევებში. მთებიდან იღებს სათავეს და მთებში ფორმირდება მსოფლიოს ყველა დიდი მდინარე. ამიტომაა, რომ მთებში ფორმირებული წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და მართვა მდგრადი განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული.

მთებში ინტენსიურია სტიქიური ბუნებრივი პროცესები,რაც უკავშირდება სეისმურ აქტივობას, რელიეფის ფორმებს (დახრილობას), წყლის ბრუნვის თავისებურებებს (მაღალ ინფილტრაციას), ამინდის სწრაფ ცვლილებასა და სამეურნეო ზემოქმედების (ძოვებას, გზების მშენებლობა, ტყეების ექსპლუატაცია) მასშტაბებს. ისინი გამოიხატება მეწყრული და დენუდაციური პროცესების, ღვარცოფებისა და თოვლის ზვავების სახით.

მეწყრული და დენუდაციური პროცესებისპ როვოცირებას, რომლებიც წარმოშობის ფაქტორების მიხედვით მსგავსია,  ხშირად მიწისძვრები განაპირობებს. ზოგჯერ ისინი უზარმაზარ მასშტაბებს აღწევენ და შეუძლიათ შეცვალონ როგორც რელიეფი, ისე მდინარი წყლების მიმართულება და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. მეწყერისა და დენუდაციის ფორმები და ინტენსივობა დამოკიდებულია ამგები ქანების, გამოფიტვის ინტენსივობის, ტენბრუნვისა და რელიეფის დახრილობის თავისებურებებზე. თუ დენუდაციური პროცესების შედეგად მოძრავი ქანები „ტოვებს“ ადგილმდებარეობას და ფერდობის დახრილობის მიხედვით გადაადგილდება, იგივე არ ითქმის მეწყერზე. ისინი მთიანი რელიეფის პირობებში ახალ ფორმებს ქმნიან და მუდმივ საშიშროებას წარმოადგენენ.

ღვარცოფი,თავისი შედეგებიდან გამომდინარე, ასევე მიეკუთვნება კატასტროფული ხასიათის მოვლენას. მას იწვევს ნაშალი მასისა და წყლის ერთობლივი გადაადგილება, რაც ძირითადად მდინარეთა ხეობებში ვითარდება. ღვარცოფის გამომწვევ მიზეზებს შორისაა თავსხმა წვიმები, თოვლის ინტენსიური (სწრაფი დნობა), მიწისძვრა, გამოფიტვა (მისი ყველა ფორმა), ვულკანის ამოფრქვევა და ადამიანის სამეურენო საქმიანობა. ისინი, განვითარების მიხედვით, იმპულსური და ეროზიული ფორმისაა, ხოლო შედეგების მიხედვით – აკუმულაციური. შედგენილობისა და სიმკვრივის მიხედვით განარჩევენ: წყალ-ქვიან, ტალახიან და ტალახ-ქვიან ღვარცოფებს. ისინი, განმეორადობისა და ფორმის მიხედვით, შეიძლება საშუალოდ განვითარდეს ერთხელ 3 (თავსხმა წვიმებთან დაკავშირებული), 10 (თოვლის დნობასთან დაკავშირებული) და 20 (მყინვარის ინტენსიურ დნობასთან დაკავშირებული) წლის მანძილზე. ღვარცოფის მასა შეიძლება მერყეობდეს 1-დან 3 ტონა/მ3-მდე, რომლის შედგენილობაში წყლის მოცულობა შესაბამისად 70 – 30%-ს აღწევს. ისინი სწრაფად და მცირე დროში გადაადგილდებიან, თუმცა აქტიურად ცვლიან რელიეფის ფორმებს, ტერიტორიის ბიოგეოგრაფიულ მახასიათებლებს, სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას.

თოვლის ზვავი შეიძლება განვითარდეს ყველგან, სადაც თოვლის საფარი 0.5 მეტრს, ხოლო რელიეფის დახრილობა 150-ს აღემატება. მის ბუნებრივ ხელისშემშლელ ფაქტორად მხოლოდ ტყის მცენარეულობა და რელიეფის გარკვეული ფორმები გვევლინება. ზვავების გააქტიურება რამდენიმე დღიან და ინტენსიურ თოვას, ქარებს, თოვლის დნობას ან არსებულ თოვლის საფარზე მოსულ წვიმას შეუძლია. ზვავის სიჩქარე განსხვავებულია მისი ჩასახვის, ფერდობის შუა წელის და დაბოლოების ფარგლებში. მან შეიძლება 50 მ/წმ ანუ 180 კმ/სთ მიაღწიოს. ზვავის ბოლოში თავმოყრილი თოვლის სიმაღლე ზოგჯერ რამდენიმე ათეულ მეტრსამდე იზრდება, რის გამოც ამგვარ ადგილზე თოვლი შეიძლება წლების მანძილზე იდოს და ვერ დადნეს. სწორედ თოვლის ნარჩენების ანალიზი იძლევა საშუალებას განისაზღვროს ზვავების გავრცელების არეალები და მასშტაბები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მუდმივ ყურადღებას აქცევსმ თების განვითარებას. აქ მიღებულია არაერთი დოკუმენტი, რომლებშიც ყურადღება მახვილდება მთების მდგრადი განვითარების აუცილებლობაზე, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.  მსოფლიო თანამეგობრობა ერთხმად აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაეროს მოწოდებებისა და მთების მდგრადი განვითარებისთვის არაერთი ნაციონალური პოლიტიკის გატარებისა, ამჟამად დადებითი ცვლილებები ნაკლებად აღინიშნება. მიიჩნევა, რომ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სფეროში გატარებული ღონისძიებები და ინვესტიციები შორსაა სასურველი დონიდან. ამასთან ერთად, გლობალიზაციის პროცესები, კლიმატის ცვლილება და მთებში მოსახლეობის ზრდა მოითხოვს სიღმისეულ ცვლილებებს. არადა, ნეგატიური პროცესები აშკარაა –მთიანი ტერიტორიების მოსახლეობა ხასიათდება მასიური სიღარიბით, იზრდება კატასტროფული ხასიათის ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების რაოდენობა, გაიზარდა ნიადაგების დეგრადაციის მასშტაბები, აღინიშნება წყლის რესურსების შემცირება, ხოლო მიგრაცია და სასურსათო უსაფრთხოება კვლავ რჩება მთიანი რეგიონების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

ამჯამად მთებისადმი, მიის ბუნებრივი რესურსებისადმი ინტერესი იზრდება. მთებს სწრაფად ითვისებენ მთელს მსოფლიოში – აქ შენდება დიდი მოცულობის წყალსაცავები, ამუშავებენ წიაღისეულის ახალ საბადოებს, გაჰყავთ გზები და კომუნიკაციები, ვითარდება ტურიზმი, იზრდება საზაფხულო საძოვრების გამოყენების მასშტაბები და დროებით (სეზონურ) დასახლებათა რაოდენობა. მთიანი ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების ინტენსიური გამოყენება, რასაც ბუნებრივი მრავალფეროვნების დეგრადაცია და გაღარიბება მოჰყვება, გარკვეული ტენდენციებით ხასიათდება. მათგან გლობალური ხასიათი აქვს:

  • სუბალპურ და ალპურ საძოვრებზე პირუტყვის სულადობის ზრდასა და მათი პროდუქტიულობის დეგრადაციას;
  • მაღალი მთის მცენარეულობის მრავალფეროვნების გაღარიბებას ინტენსიური ძოვებისა და სამკურნალწამლო ბალახეულობის დიდი რაოდენობით დამზადების გამო;
  • მაღალი და საშუალო მთის ტყეების დეგრადაციას;
  • ეროზიული (გეოდინამიური) პროცესების გააქტიურებას;
  • ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენის ინტენსიურ გადარეცხვას;
  • წყლის რესურსების შემცირებას;
  • ცხოველთა ადგილსამყოფელის, მათი მიგრაციის გზებისა და ეკოლოგიური კორიდორების შეზღუდვას;
  • მთიანი რეგიონების მოსახლეობის სოციალური ინფრასტრუქტურისა და ცხოვრების უკიდურესად დაბალ დონეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) მოუწოდებს და ხელს უწყობს სახელმწიფოებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და ჩართონ მთიანი რეგიონები სტრატეგიული განვითარების გეგმებში. ეს განსაკუთრებით ეხებათ განვითარებად ქვეყნებს, რომელთათვისაც რეკომენდებულია გათვალისწინებულ იქნას განვითარებული ქვეყნების გამოცდილება.  გაეროს სტრატეგიულიმიმართულებები და ამოცანები, რომლებიც უკავშირდება მთიან რეგიონებს, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარება;
  • ბრძოლა გაუდაბნოებასა და გაუდაბურებასთან;
  • ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება;
  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
  • მთის მდგრადი განვითარების პროგრამების ინტეგრაცია ქვეყნების საერთოს ტრატეგიული განვითარების გეგმებში;
  • მთისა და ბარის მოსახლეობის, სასოფლო და საქალაქო დასახლებული პუნქტების ინტეგრირებული განვითარება;
  • ადგილობრივი კულტურის შენარჩუნება და სხვ.

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები