რეკლამაspot_img

პანდემიები

იუსტინიანეს ჭირი

541-549 წლებში ე.წ. იუსტინიანეს ჭირი (THE PLAGUE OF JUSTINIAN), პირველი ჭირის პანდემია გავრცელდა.ჭირისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: მსუბუქი ცხელება და შეშუპება, რომელსაც რამდენიმე დღეში კომატოზურ მდგომარეობაში აგდებდა დაავადებულს.ჭირი ხმელთაშუა ზღვის აუზიდან გავრცელდა ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში.ჭირის სახელწოდება დაკავშირებულია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე I-თან (527-565), რომელიც დაავადდა და 542 წელს გამოჯანმრთელდა.მე-8 საუკუნის შუა წლებამდე ჭირის პანდემია რამდენჯერმე გავრცელდა.

 

შავი ჭირი, შავი სიკვდილი

XIV საუკუნეში „შავი ჭირის“, „შავი სიკვდილის“ (ლათ. ATRA MORS) პანდემია გავრცელდა.  ჭირის პანდემია თავდაპირველად გობის უდაბნოში შეინიშნებოდა, მალე კი – აზიის, ევროპის, ჩრდილო აფრიკის მრავალ ქვეყანას მოედო და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე (60 მილიონი ადამიანი) იმსხვერპლა.დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: ციებ-ცხელება, კანკალი, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ასევე წყლულები, ე.წ. „ბუბონები“(BUBONIC PLAGUE). ბუბონები კისრის, იღლიისა და ბარძაყის მიდამოებში ჩნდებოდა. წყლულები თავდაპირველად ვარდისფერი შეფერილობის იყო,შემდეგ წითელ ფერს იღებდა, ბოლოს კი შავდებოდა. XIV საუკუნის დოკუმენტებში პანდემია „უდიდესი სიკვდილიანობის“ სახელწოდებითაა მოხსენიებული (ინგ. HYGE MORTALYTE, გერ. GROSZE PESTILENTZ,ესპ. PELIGRO GRANDE).პანდემიის რამდენიმე ტალღა გავრცელდა. პირველი ტალღა 1346-1353 წლებში დაიწყო, მეორე 1369 წელს, მესამე 1369 წელს და  მსოფლიოს რამდენჯერმე შეახსენა თავი. „შავმა ჭირმა“ სხვადასხვა დროს არაერთი სამეფოს ოჯახის წევრი შეიწირა. მათ შორის: ბიზანტიის იმპერატორის მანუელ II პალეოლოგოსის ორი შვილი – მიხეილი და დიმიტრი; ბიზანტიის იმპერატორის იოანე VIII მეუღლე; საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალე; საქართველოს მეფე ბაგრატ IV მეუღლე დედოფალი ელენე და სხვ.

1885 წელს ექიმმა ჯეიმს ფერანმა ქოლერის პირველი ვაქცინა შექმნა.

დღეს მესამე დღეა, რაც ავდექი. 3 კვირა ლოგინში ვიწექი. ამ ახალმა ავადმყოფობამ ჩემზედაც სინჯა თავისი ძალა. ერთხელ10 დღე ვიწექი, მოვრჩი, ავდექი. მეორედ კიდევ გავცივდი და უფრო საშინელი რამ დამემართა. მთელ ჩემს სხეულს დაუარა ამ „ისპანკად“ წოდებულმა სატკივარმა. სიცხე დიდი მქონდა, 40 გრადუსზე მეტი. ძალიან და ძალიან დავიტანჯე. ორი დღე სულ გაუნძრევლად ვიწექი, რადგანაც ყველა ძვლები მტკიოდა. ეპიდემიაა თბილისში. ერთი სახლი არ არის, რომ ავადმყოფი არ იყოს იქ. თუ გაცივდა ადამიანი და ფილტვების ანთებაზე გადავიდეს, ძალიან ძნელია. ამ მოკლე ხანში ძალიან ბევრი მოკვდა. გაფრთხილება უნდა. ჩვენთან: მე, დედა და კატუნა ვიწექით. დედაკაცი არა გვყავდა. მამა სამსახურში არ დადიოდა და გვივლიდა. სადილსაც ის აკეთებდა, მაგრამ ვაი იმ სადილს,სუფის მაგივრათ რაღაც ფაფას აკეთებდა.“

მარო მაყაშვილის ჩანაწერები, 1918 წელი

ქალაქში უკვე იყო ხოლერის შემთხვევა. უკვე სიცხე იწყება და შეიძლება ხოლერის ეპიდემიამაც იფეთქოს, იცოდეთ, რომ ეხლანდელ პირობებში, საუკეთესო საშუალება ხოლერის წინააღმდეგ არის აცრა. აკცინაციები დამზადებულია ქალაქთა კავშირისა და სამხედრო მედიცინის ლაბორატორიაში და გადასინჯულია სპეციალური კომისიის მიერ.

ეს აცრა უვნებელი და უმტკივნეულოა. აცრა მოხდება 1 ივლისიდან, დილის ათიდან დღის 3 საათამდე ქალაქის საავადმყოფოებში: ცენტრალურ(სალდათის ბაზრობა), ავლაბრის (კახეთის მოედანი) და კუკიის (ანდრეევის ქუჩა). მოქალაქენო! აიცარით ხოლერა, ურჩიეთ აცრა თქვენს ნაცნობებსაც, ამით თქვენ დაიფარავთ თქვენ თავსაც და ახლობლებსაც საშინელი ავადმყოფობისაგან.

ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი.

ანატორის აკლდამები

„შატილიდან 4 კილომეტრის მანძილზე მდინარე არდოთის და არგუნის შესართავთან, მაღალ კლდეზემდებარეობს მკვდარი ქალაქი – ანატორი, რომლის აღმოცენებაც, თუ ძველ თქმულებებს დავუჯერებთ, ეკუთვნის იმ დროს, როდესაც ამ მხარეში ძვინვარებდა ეპიდემია და ხალხი ამ ავადმყოფობის თავიდან აცილების მიზნით აგებდა განსაკუთრებულ ბინებს, სადაც ათავსებდენ ავადმყოფებს და სადაც ეს ავადმყოფები იხოცებოდენ კიდეც. რამდენიმე ასეთი ნაგებობაა ხევსურეთში, ზოგიერთ მათგანში დღესაც შეხვდებით ადამიანის ჩონჩხებს“.

ოფიციალური ცნობანი ხოლერის შესახებ

მიხეილის სამკურნაშო, დილით, 20 ივლისს იყო ხოლერით ავადმყოფი 11 კაცი და ოთხი ქალი; იმ დღეს მოიყვანეს 3 კაცი და ერთი ქალი: ეს ავადმყოფნი საეჭვონი არიან. მორჩა ორი კაცი: იმ ღამეს არავინ მიუყვანიათ. გარდაიცვალა 3 კაცი. ტფილისის მაზრის უფროსი იუწყება: წყნეთში ავად გახდა ხოლერით ერთი კაცი; სოფ. გოუბანში 14 ივლისს ავად გახდა სამი, მოკვდა ორი. გორის მაზრაში უფროსი იუწყება: 20 ივლისს არავინ გადაცვლილა. ავად 10 კაცია. 20 ივლისს ბორჯომში გარდაიცვალა მარიამ პორტნოვი. სიციხურში გარდაიცვალა ერთი გლეხის დედაკაცი. რუისშიც მოკვდა19 ივლისს ერთი ავადმყოფი. სოფ. ურბნისში მოკვდა ერთი დედაკაცი; 20 ივლისს სამი ავადმყოფიღა დარჩა. სოფ. ცხრამუხაში გარდაიცვალა ერთი გლეხი. საქართველოს სამხედრო გზაზედ, დიღმის საყარაულოსთან, იპოვეს გვამი ხოლერით გარდაცვალებულისა. სიღნაღის მაზრის უფროსი იუწყება: დედოფლის წყაროზედ დაბინავებულ გადმოსახლებულთა შორის, 16 ივლისს, კიდევ გარდაიცვალა ერთი დედაკაცი. სხვა აღარავინ გამხდარა. ზემო მაჩხაანში და მირზაანში ავად გახდა 3, მოკვდა ერთი. სამნივე ავად გამხდარან შირაქის მინდორში. ბორჩალოს მაზრის უფროსი იუწყება: სოფ. კაჩულოს ახლოს იპოვნეს ხოლერით ავადმყოფი სპარსელი, რომელიც გარდაიცვალა 14 ივლისს. სოფ. ძველ-ქვეშში გარდაიცვალა ჩაფარი ყარაჰუსეინ ოღლი. სოფ. ჯიღაურში, დუშეთის მაზრა, 16-21 ივლისამდე ავად გახდა17, გარდაიცვალა ერთი. ბიწმენდში გარდაიცვალა ერთი. სოფ ზეიდლიანთკარში ავად გახდა 5 კაცი, გარდაიცვალა 4.

გაზ. ივერია,1892, 22 ივლისი, №154

ბორჯომი: ხოლერამ აქაც იჩინა თავი. აგარაკად მოსულებს გულები დაუსკდათ. ბევრი აბასთუმანში აპირებდა გაქცევას, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან აბასთუმანთან მისვლა-მოსვლა, მთავრობის განკარგულებით შეწყვეტილია. ბევრი მაინც გავიდა ბორჯომიდგან.

თიანეთი: ხოლერას ამბებმა აქამდისაც მოაღწია და არა მარტო ამბად, არამედ საქმითაც. ერწოში სოფ. თრანის მახლობლად ოთხი თუ ხუთი კაცი იმსხვერპლა.

საგურამო (დუშეთის მაზრა): ყველაზედ ძალიან თავი იჩინა სენმა სოფელს ჯიღაურაში. მცირე ხანში რვა კაცი მოკვდა და ცხრაც ავად არის. ამ სოფლის მცხოვრებთა რიცხვიკი თოთხმეტს კომლს არ აღემატება. საჭიროა მოშველება ექიმისა და წამლებისა. ხალხი სწუხს და აღარ იცინის, რა ჰქნას.ბიწმენდშიაც მოკვდა იმერელი ხორველით. ქალაქიდან იყო მოსული. ხალხი ახლოს არ მიეკარა და მიცვალებულის ძმა, რომელიც აქ მებაღედ იყო, იძულებული შეიქნა თვითონ გაეთხარა საფლავი ბაღის ბოლოს და მარტოკას დაემარხნა. დამარხა კი თვითონაც შიშით მეორე დღეს იმერეთისკენ გაიქცა და თან გაჰყვნენ დანარჩენი მებაღეებიც და თავიანთ ნამუშევარზედ ხელი აიღეს. მართალია აქ ერთი ფერშალია, მაგრამ ოთხი სამამასახლისო აბარია და აბა რას გახდება. ბიწმენდის მცხოვრებნიც გახიზვნას აპირობდნენ ტყეებში, მაგრამ დავამშვიდეთ და ეხლა სასოფლოს ფული გამოიღეს და სხვადასხვა წამლებს ჰყიდულობენ. ერთის, სიტყვით, ზრუნვა და დახმარებაა საჭირო, თორემ შეიძლება ჯიღაურას დღე ყველასხვა სოფელსაც დაადგეს.

სოფ. ხორგი: (ზუგდიდის მაზრა): თუ ხოლერის გაჩენა ცუდ-ჰაერსა და სიბინძურე-უწმინდურებაზეა დამოკიდებული, პირველად უთუოდ აქ იჩენდა თავს; მაგრამ ადგილობრივი ბოქაული ბ-ნ ბ. გაბუნია მხნედ შეუდგა სიბინძურე-უწმინდურების მოსპობასა და ამ გარემოებამ ბევრი უშველა სოფელს. როგორც ყველა სხვა საქმეს, ამ საქმესაც მარჯვედ და მხნედ შეუდგა ბოქაული. ყოველგან სადაც ჭაობები იყო, აშრობენ, სწმენდნენ ასუფთავებდნენ გზებს, ეზოებს, აგრეთვე თხრილებში ჩარჩენილ წყლებს აშრობენ.“

გაზ. ივერია,1892, 22 ივლისი, №154

წერილი ქართლიდან

„დღეს დღის ვარმად გამხდარა ხორელა, ანუ როგორც ხალხი ხმარობს-ხორველა. ყველას ენის წვერზედ ეს სიტყვა აკერია; გაგვიჭირვა საქმე, რაღა! ამ თვალთ უჩინარმა, პაწაწკინტელა ჭიამ გაზაფხულზედვე გამოაცხადა ომი და ნელ-ნელა შემოუდგა სპარსეთიდგან ხალხის მუსვრას, შემობრძანდა ბაქოში და აქედგან რაზმები გაჰფანტა მთელს ვოლგის ნაპირზედ რუსეთში და არც ჩვენი ქვეყანა დააგდო უნუგეშოდ. საქართველო მაინც ძველის-ძველადვე სპარსეთისაგან იყო აკლებულ-ამოვარდნილი და, რა დააკლდა, ახლა ამ გასაოხრებელის ბაცილებით გვიჭირვებს საქმესა. მტრობაც ამისთანა უნდა აი“!…

გაზ. ივერია, 1892, 22 ივლისი, №154

წერილი დუშეთის მაზრიდან

„ვერ წარმოიდგენთ რა საშინელ ყოფაშია დუშეთის მაზრა: სრულად უპატრონოდ დაგდებულია მაშინ, როდესაც ხოლერა გაძლიერებული დაიარება. … სოფლებიდამ ხალხი მირბის ტყეში, შინა ჰრჩებიან იმისთანანი, ვისაც ილაჯი არა აქვს წასვლისა სიღარიბით თუ სხვა რამ მიზეზით. ბულაჩაური მთალ აიყარა, საგურამო, წინამძვარიანთ კარი სულ გაიხიზნა ტყეებში. შინ მოტანილს მოსავალს ძაღლი და ღორი სჭამს. ერთი სოფელი ჯიღაური ლამის მთლად ამოწყდეს. … ეხლა თითქმის სახლი არ არის, რომ__

1772 წელს საქართველოს ისტორიაში მასობრივი აცრის პირველი შემთხვევა უკავშირდება. ერეკლე მეორემ ყვავილის დაავადებისგან ასზე მეტი ბავშვი აცრა, რაც საკუთარი შვილის, იულონის საჯარო აცრით დაიწყო.

1772 წლით დათარიღებულ წერილში ერეკლე მეფე წერს, რომ მის შვილს იულონს მაღალი სიცხე აქვს და უნდა აიცრას, რადგან ქალაქში ყვავილის ეპიდემიაა მოდებული.

,,ჩვენს შვილ იულონს ყვავილი აუჭერით და გაცხელებული არის. ქალაქში დიაღ მრავალი ყვავილი გაჩნდა და გახიზვნას ვაპირობთ.“

ერეკლე II ყვავილის ეპიდემია მე-20 საუკუნეშიც გაგრძლედა, მაგრამ ვაქცინაციის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ვაქცინის ტექნოლოგიურად დახვეწის შედეგად კი 1979 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი ოფიციალურად გამოაცხადა გამქრალ დაავადებად. ცენტრალურმა ბაქტერიოლოგიურმა ლაბორატორიამ (სერგიევის ქუჩა №4) მიიღო პარიზიდან პასტერის ინსტიტუტიდან დიფტერიტის საწინააღმდეგო ახალი შრატი, რომლის თვითეული ამპული შესდგება 2500 ერთეულიდან. შრატის გაცემა ავადმყოფთათვის შეიძლება მხოლოდ ექიმების გამოწერით. ავადმყოფის პატრონმა შრატის მოთხოვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შედეგები ტფილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში წარმოებულ ანალიზისა.
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920, 1 თებერვალი, №24

ყოველწლიურად სხვადასხვა ვაქცინას მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ. მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად.COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ საყვარელი საქმეების კეთებას, საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ.

შავი-ჭირი (ჟამი) და მის წინააღმდეგ საბრძოლო საშუალებანი „ინდოეთში მოვლენილი შავი ჭირის გავრცელებადა შორეულ ქვეყნებში მისი გადასვლა-გადმოსვლა იმდენად მოსალოდნელი გახდა, რომ კარგა ხანია ყველა სახელმწიფოებმა მის დასახვედრად გაცხარებული მზადება დაიწყეს. ევროპას შავი ჭირით მოდებულ ქვეყნებთან მისვლა-მოსვლა აქვს გამართული, და ამ მისვლა-მოსვლას ადვილად შესაძლებელია შავი ჭირიც გადმოჰყვეს, კარანტინებმა ვერ დაგვიფარონ, და ევროპის
სახელმწიფოებს და ქვეყნებს შემოერიოს…თუ შავი ჭირის შემოსვლა მოსალოდნელია,
მაშ საჭიროა ყველა ღონის-ძიება ვიხმაროთ, მოვემზადოთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად; საჭიროა გავიცნოთ საზარელი მტერი, მისი ძალა, თვისებები, რომ ჩვენი ბრძოლა უფრო საზრიანი და მოფიქრებული იყვეს. მხოლოდ საჭიროა, რომ მეცნიერებისაგან შეძენილი ცოდნა და გამოკვლეული საშუალებანი ყველამ შეიტყოს, ყველამ გაითვალისწინოს, რათა უფრო ყველა წინადვე მოემზადოს, რომ თავის თავს
და მეცნიერებას ამ მოსალოდნელ ულმობელ ბრძოლაში საუკეთესო და შეგნებული სამსახური გაუწიოს.“
ჟურ. მოამბე, 1897, №9

ხოლერასთან ბრძოლა
„საგუბერნიო სასანიტარო სააღმასრულებლო კომისიამ დაიწყო თავისი მოქმედება.
პირველი კრება ამ კომისიისა შესდგა 21ივლისს გუბერნ. კომისარის თანაშემწის მისენკოს თავმჯდომარეობით. კრებას დაესწრნენ სამკურნალო პერსონალი თბ. ყველა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენელნი. დაისვა საკითხი თბ. გუბერნიაში ხოლერასთან ბრძოლის შესახებ. ა. მიხენკომ მოახსენა კრებას, რომ ქ. თბილისი ხოლერის მხრივ აღიარებულია საშიშრად…ხანგრძლივ აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ კრებამ მიიღო მთელი წყება იმ ზომებისა,რომელიც ეხლავე უნდა გატარებულ იქმნეს ცხოვრებაში, მაგალითად ლექციების კითხვა, სხვადასხვა პლაკატების და მოწოდებათა გამოცემა, აგრეთვე ნამდვილ სასანიტარო ხასიათის ზომების მიღება. სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე კავკ. ამხანახობის წარმომადგენელმა
კ. სარქისოვმა მოახსენა კრებას სამკურნალო მასალის უქონლობის შესახებ, გარდა ამისა მოითხოვა დახმარება აღმოეჩინოს მის დარწმუნებულ კავკ. ამხანაგობას სამკურნალოს საქონლის შემოსატანათ ცენტრალურ რუსეთიდან, უკრაინიდან და ყირიმის სანაპიროებიდან; აგრეთვე მოითხოვა დახმარება აღმოეჩინოს მათ რწმუნებულს გერმანიაში წასასვლელად და იქიდან სხვადასხვა მედიკამენტების მისაწვდენად. კრებამ მოიწონა სარქისოვის წინადადება და მიიღო მხედველობაში მისი განცხადება“.
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №2

საექიმო-სასანიტარო საქმეები
5 ნოემბერს რესპუბლიკის საექიმო სასანიტარო განყოფილებასთან გაიხსნება ექიმთათვის განმეორებითი ექვს-კვირეული საეპიდემიო-სასანიტარო კურსები. კურსებზე პირველი შესავალი ლექცია დანიშნულია 5 ნოემბერს,საღამოს 5 საათისთვის, ქსენიევის ქუჩაზე №10. პირველ ლექციას წაიკითხავს პროფესორი შიროკ ოგოროვი.საექიმო-სასანიტარო განყოფილებამ ქალაქის თვითმმართველობის წინაშე შუამდგომლობა აღძრა კურსებზე მომუშავე ექიმების ბინის შესახებ და სთხოვა, რომ ექიმებს უფასოდ დასთმობოდათ ზუბალაშვილის სახელის თავშესაფარი სუდებნის ქუჩაზე. საექიმო სასანიტარო განყოფილებას ქ. ყვირილისთავი ბ. ბუაჩიძე დეპეშით სთხოვს, არ დაიხუროს მერვე ეპიდემიური ლაზარეთი, რადგანაც მაზრაში სხვადასხვა ეპიდემიაა გავრცელებული.
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №77

ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდი „შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამფუძნებელ კრებას წარუდგინა პროექტი დეკრეტისა მიმდინარე წელს ეპიდემიასთან საბრძლოვლელად 2 მილიონი მანეთის გადადების შესახებ. დეკრეტის განმარტებით ბარათში სხვათა შორის ნათქვამია, რომ გასულ წელს მოულოდნელათ გავრცელებულ პარტახტიან სახადის წინააღმდეგ დროით ვერ მოხერხდა ბრძოლის დაწყება და აგრეთვე ამ მიზნით გადადებული 1 მილიონი მანეთი საკმარისი არ აღმოჩნდა. წელს კი ამ მხრივ მდგომარეობა ასეთია: პარტახტიანი სახადი უკვე გავრცელებულია თიანეთის, ლეჩხუმის და ქუთაისის მაზრებში და ვრცელდება აგრეთვე გორის და ოზურგეთის მაზრებში. ეპიდემიასთან ბრძოლაში უმწეონი არიან თიანეთის, ბორჩალოს, ლეჩხუმის, ზუგდიდის და დუშეთის სამაზროერობები, ხოლო რაც შეეხება ახალციხის და ახალქალაქის ერობებს, იქ ჯერ არ არის მოწყობილი სათანადო ორგანიზაცია. ყველა ამის გამო საჭიროა ეპიდემიასთან ბრძოლა წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღოს თავის ხელში“.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდი, 1920, №39

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები