რეკლამაspot_img

თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია

თბილისის ბოტანკური ბაღი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია დედაქალაქში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ის, დღიდან დაარსებისა, ქალაქის განუყოფელი ნაწილია და თავის უნიკალურ კოლექციებთან ერთად თბილისის ისტორიას გვიყვება.

ისტორია მოგვითხრობს, რომ თურმე ამ ბაღში არ უშვებდნენ ცუ­დად ჩაც­მულ და უტაქ­ტო ქცე­ვის ადა­მი­ა­ნებს.

თბილისი იმთავითვე ცნობილი ყოფილა მშვენიერი ბაღებით, რომლებსაც აღტაცებაში მოჰყავდა უცხოელი მოგზაურები. ისინი სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ დედაქალაქს და ყოველი მათგანი წერდა მისი ბაღების სილამაზეზე. ფრანგი მოგზაური შარდენი თავის ჩანაწერებში ასე აღწერდა მათ: „თბილისის შემოგარენში მშვენიერი ბაღებია, ყველაზე დიდია მთავრის ბაღი. აქ ხეხილი ბევრი არაა, სამაგიეროდ დარგულია ისეთი მცენარეები, რომლებიც ამშვენებენ ბაღს და იძლევიან ჩრდილსა და სიგრილეს ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში.“  შარდენი ასევე აღნიშნავდა, რომ  სამეფო ბაღს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII მეუღლე, დედოფალი მარიამი.

ცნობილი ბოტანიკოსი და მოგზაური, ტურნეფორი, თბილისის დათვალიერების შემდეგ ჰყვება, რომ ქალაქთან მდებარე მთავრის სასახლის ირგვლივ საუცხოო სილამაზის ბაღებია, რომლებსაც უკეთ უვლიან ვიდრე ოსმალეთში – „ამ ბაღებში აღგავფრთოვანა მცენარემ, რომელსაც ისეთივე ფოთლები ჰქონდა, როგორც თამბაქოს.“

მეფის სასახლის გარშემო არსებულ ბაღებსა და სარწყავ არხებს არც ფრანგი მოგზაური, დელაპორტი, დაუტოვებია გულგრილი, მან თბილისში 1786 წელს იმოგზაურა – „ჩვენ გვიჩვენეს მეფის სასახლე საიდაბადზე, რომელიც ამაღლებულ ადგილზეა აშენებული და ჩანს, რომ მისი შემოგარენი ისეთივე ლამაზია, როგორიც სასახლის შიგა მორთულობა. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ დიდი ბორცვები დამრეც კალთებად გადაუკეთებიათ და ზედ ნაკადულები მოსჩქეფენ.“

XVII – XVIII საუკუნეებში დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში 3 მცირე ზომის ბაღი ყოფილა გაშენებული, ისინი მეფეთა საკუთრებას წარმოადგენდნენ. ამის დასტურია ვახუშტი ბატონიშვილის (1735), პიშევიჩის (1735) და ჩუიკოს (1800) შედგენილი თბილისის რუკები.

ვახუშტი ბატონიშვილი თბილისის ბაღების შესახებ წერდა: „ქალაქის შემოგარენში მრავალი ბაღი და ყვავილნარია, რომლებიც სავსეა ყოველგვარი ხეხილითა და ყვავილით, თვით ქალაქი ვიწროა, მოედნები კი ფართო.“

ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი თავის წიგნში, „წარსულის აღწერა“, წერს, რომ „იმ 300 ბაღიდან, რომელიც თბილისს გარს აკრავს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველ მეფეთა ბაღი, რომელიც ლეღვთახევში, სასახლის წინაა გაშენებული. დღეს მას ბოტანიკურ ბაღს უწოდებენ და ხაზინის გამგეობაშია.“

თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორიის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვით აკადემიკოსებს – ნიკო კეცხოველს, მამია გოგოლიშვილს და ვიქტორ სხიერელს, ასევე პროფესორ მიხეილ შენგელიას. მათ შეისწავლეს ევროპელი და მოგზაურებისა და ბოტანიკოსების, აგრეთვე ქართველი გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის შრომები თბილისის ბაღებისა და პარკების შესახებ და დაასკვნეს, რომ ლეღვთახევში მდებარე საქართველოს სამეფო კარის ბაღი, რომელსაც შემდგომ თბილისის ბოტანიკური ბაღი ეწოდა, 1636 წლიდან ასრულებდა ბოტანიკური ბაღის ფუნქციებს.

1801 წლიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ლეღვთახევში არსებული ბაღი, რომელიც ისტორიულ წყაროებში საქართველოს სამეფო კარის ბაღად მოიხსენიებოდა, სახელმწიფო ქონების სამმართველოს განკარგულებაში გადავიდა და თბილისის სახაზინო ბაღი ეწოდა.

1845 წლის 1 მაისს კავკასიის მეფისნაცვლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, სამეფო ბაღს „თბილისის ბოტანიკური ბაღი“ ეწოდა და მისი მოვლა-პატრონობა თავად კავკასიის მეფისნაცვალმა იკისრა. თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი იყო კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა მცირე ორანჟერეა, აშენდა საყრდენი კედლები და მოეწყო სამი ტერასა. ხეხილისა და ვაზის ნერგებს, დეკორატიულ მცენარეებსა და ბოსტნეულის ახალი ჯიშების ჩითილებს მოსახლეობაზე უსასყიდლოდ გასცემდნენ. გაიყვანეს სარწყავი სისტემა.

ვორონცოვის შემდგომ ბაღს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მებაღე-დეკორატორები და დენდროლოგები. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბოტანიკურ ბაღში გაიხსნა მებაღეობის სასწავლებელი და ბაღს ეწოდა „მებაღეთა სასწავლებლის ბაღი“. ბაღი 12 საფეხურად დატერასდა, 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს ორანჟერეის მასალა და 1873 წელს აშენდა მცირე ზომის ორი, თაღოვანი ორანჟერეა.

1875 წლის ბოლოსათვის ბაღში 1238 სახეობის ღია გრუნტისა და საორანჟერეო (მათ შორის ანანასის კულტურაც) მცენარეს ითვლიდნენ. გარდა ამისა, იყო 134 სახეობის ვარდი. გამოიცა ბოტანიკური ბაღის პირველი კატალოგი. მოეწყო ბოტანიკური ბაღის მუზეუმი, საფუძველი ჩაეყარა კავკასიის მცენარეების ჰერბარიუმის შეგროვებას. დაარსდა ბიბლიოთეკა.

1899 წლიდან ბოტანიკური ბაღის გამგის მოვალეობას ასრულებდა ადოლფ ქრისტიან როლოვი. ამ პერიოდში ბოტანიკური ბაღი გადაიქცა მსხვილ სამეცნიერო დაწესებულებად, სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორიებითა და კაბინეტებით.

მეოცე საუკუნეში ბოტანიკური ბაღის აღორძინების და განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ვასილ გულისაშვილს.

აღდგა და აღორძინდა მცენარეთა ინტროდუქციისა და მეყვავილეობის განყოფილებები, დაფუძნდა მცენარეთა დაცვის ლაბორატორია. განახლდა სამეცნიერო შრომათა კრებულის „ბოტანიკური ბაღის მოამბის“ გამოცემა; გაშენდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ნათელი ტყეებისა და ჰიმალაის ხეებისა და ბუჩქების კოლექციები. დაარსდა მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორია, სამკურნალო მცენარეთა, ყვავილოვან-დეკორატიულ მცენარეთა აგროტექნიკის, ბუნების დაცვისა და სამეცნიერო-საინფორმაციო განყოფილებები. აშენდა ადმინისტრაციული და ლაბორატორიული კორპუსი, სამკურნალო მცენარეების ლაბორატორიის კორპუსი და ორანჟერეა ლაბორატორიით. ბაღის მთელ ტერიტორიაზე გაკეთდა ახალი სარწყავი სისტემა. 1956 წელს დასრულდა მხატვრულ-დეკორატიული კუთხის – პარტერის მშენებლობა (ავტორი: ლანდშაფტის არქიტექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიორგი მანაგაძე).

2011    წელს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა მოიპოვა კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღისა და რაფორდის ფონდის (დიდი ბრიტანეთი) დაფინანსება მცენარეთა კონსერვაციის განყოფილების შენობის რეაბილიტაცია-გაფართოების სამუშაოებისთვის. დაიწყო ბოტანიკურ ბაღში არსებული ისტორიული ძეგლების რესტავრაცია, გარემონტდა ცენტრალური ხიდი, ორი კოშკი, ნარიყალის გალავნის ფრაგმენტი, თამარის ხიდი, ცენტრალურ შესასვლელთან არსებული ისტორიული შენობა.

დღეს ბოტანიკური ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. დაახლოებით 40 ჰა ნარგავებს, გზებსა და შენობებს უჭირავს, 58 ჰა – ბუნებრივ მცენარეულობას. ბაღის ადგილობრივი ფლორა საკმაოდ მდიდარია. აქ თავმოყრილია უმაღლეს მცენარეთა 800-მდე სახეობა. ბოტანიკური ბაღის მცენარეების კოლექცია მთლიანად 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს ითვლის.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფუნქციონირებს 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება: კავკასიის იშვიათი გადაშენება დიდა სამკურნალო მცენარეების, მერქნიან მცენარეთა ინტროდუქციის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილება, მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის, მცენარეთა კონსერვაციის, მცენარეთა და ნიადაგის დაცვის განყოფილება. გარდა ამისა, ბაღში ფუნქციონირებს ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა.

 

მოამზადა ირინა ჯაფარიძემ

ფოტოების ავტორი ირაკლი ტყემალაძე

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები