რეკლამაspot_img

წყლის ჩამონადენის ცვლილება საქართველოში და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები

კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე ბოლო ათწლეულში ძალიან შეიცვალა მდინარული ჩამონადენი საქართველოში.  მდინარის ჩამონადენის შემცირება იწვევს ბიომრავალფეროვნების, გაუდაბნოების, ჭალის ტყეების, მყინვარების, ნიადაგების, სამელიორაციო სისტემების პრომლემების გააქტიურებას.

საქართველოს მდინარეების წყალშემკრებ აუზში წყლის ფორმირებაში მონაწილეობს ატმოსფერული ნალექები, მყინვარები, თოვლის საფარი და მიწისქვეშა წყლები.

ჩამონადენის შემცირების რაოდენობისა და პარამეტრების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა საქართველოში არსებული სამი ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები (ჰიდროლოგიური სადგურებიდან ორი მდებარეობს- აღმოსავლეთ, ერთი დასავლეთ საქართველოში), რომლებზეც უწყვეტ რეჟიმში დაკვირვება წარმოებს დღემდე. მონაცემების შესადარებლად გამოყოფილია ორი პერიოდი, პირველი პერიოდი მოიცავს 1960- 1990 წლების მონაცემებს, ხოლო მეორე  მოიცავს  ხუთწლიან (2016-2020 წ.წ.) პერიოდს. სტატიაში დამუშავებულია 1 – მდ. მტკვარი ჰ/ს თბილისი, დაკვირვების პერიოდი შეადგენს 1862-66, 1914-16,1923-1993, 1995-2021 წწ. წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 21 100 კმ2-ს. 2 – მდ. ალაზანი – ჰ/ს შაქრიანი, დაკვირვების პერიოდი შეადგენს 1925-27, 1933-34, 1936-44, 1946-2021 წ.წ.  წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს 2190  კმ2-ს. 3 – მდ. ყვირილა – ჰ/ს საჩხერე, დაკვირვების პერიოდი შეადგენს 1925-27, 1937-39, 1967-2021 წ.წ.  წყალშემკრები აუზის ფართობი შეადგენს  533  კმ2-ს.

1 – მდ. მტკვარი ჰ/ს თბილისი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში. მდ. მტკვარს თბილისის ჰიდროლოგიურ სადგურამდე აქვს რამდენიმე დიდი და  მნიშვნელოვანი შენაკადია (ფოცხოვი, ფარავანი, ლიახვი, ქსანი, არაგვი და სხვა). ერთმანეთთან შედარებულია 1961-90 და 2016-2020 წლების მონაცემები.

სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად მდ. მტკვარი – თბილისის სადგურის საშუალო მრავალწლიური (1961-1990) წყლის ხარჯი შეადგენს  196 მ3/წმ-ს, 2016-2020 წლების წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 178 მ3/წმ-ს. ტენდენცია არის კლებისკენ და ბოლო 5 წლის მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ საშუალო წლიური ხარჯის კლების ტენდენცია შეადგენს 9,2 %-ს. ნახაზზე N 1 -ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. მტკვარი – ჰ/ს თბილისის წყლის საშუალო ხარჯების შესახებ თვეების მიხედვით, ნახაზზე N 2 -ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. მტკვარი – ჰ/ს თბილისის წლიური წყლის საშუალო ხარჯების შესახებ.

2 – მდ. ალაზანი ჰ/ს შაქრიანი მდებარეობს მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში. ალაზნს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაკადი (ილტო, სტორი, დიდხევი, ლოპოტა, თურდო და სხვა), რომლებიც მდინარეს უერთდება შაქრიანის ჰიდროლოგიურ სადგურამდე. ერთმანეთთან შედარებულია 1961-90 და 2016-2020 წლების მონაცემები.

სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად მდ. ალაზანი – შაქრიანი სადგურის საშუალო მრავალწლიური (1961-1990) წყლის ხარჯი შეადგენს  42,5 მ3/წმ-ს, 2016-2020 წლების წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 30.3 მ3/წმ-ს. ტენდენცია არის კლებისკენ და ბოლო 5 წლის მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ საშუალო წლიური ხარჯის კლების ტენდენცია შეადგენს 28,7 %-ს. ნახაზზე N 3 -ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. ალაზანი – ჰ/ს შაქრიანი წყლის საშუალო ხარჯების შესახებ თვეების მიხედვით, ნახაზზე N 4 -ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. ალაზანი – ჰ/ს შაქრიანი წლიური წყლის საშუალო ხარჯების შესახებ.

3 – მდ. ყვირილა ჰ/ს საჩხერე მდებარეობს მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, ქალაქ საჩხერეში მდ. ყვირილას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაკადი (ჩიხურა, ლაშურა, იზვარა, შუშა, დარკულა, ხახიეთისწყალი და სხვა), რომლებიც მდინარეს უერთდება საჩხერის ჰიდროლოგიურ სადგურამდე. ერთმანეთთან შედარებულია 1967-96 და 2015-2019 წლების მონაცემები.

სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად მდ. ყვირილა – საჩხერე სადგურის საშუალო მრავალწლიური (1976-1996) წყლის ხარჯი შეადგენს  16,9 მ3/წმ-ს, 2015-2019 წლების წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 13.9 მ3/წმ-ს. ტენდენცია არის კლებისკენ და ბოლო 5 წლის მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ საშუალო წლიური ხარჯის კლების ტენდენცია შეადგენს 17,7 %-ს. ნახაზზე N 5 -ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. ყვირილა – ჰ/ს საჩხერე წყლის საშუალო ხარჯების შესახებ თვეების მიხედვით, ნახაზზე N 6 -ზე მოცემულია ინფორმაცია მდ. ყვირილა – ჰ/ს საჩხერე წლიური წყლის საშუალო ხარჯების შესახებ.

სამი ჰიდროლოგიური სადგურის ანგარიშიდან ჩანს, ბოლო ხუთ წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირებულია წყლის ჩამონადენი. კატასტროფული ვითარებაა აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ალაზნის აუზში სადაც წლიური ჩამონადენის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება და კლება, 1960-1990 წ.წ-თან შედარებით, ბოლო ხუთ წელიწადში 28,7 %-ია. ჩამონადენის შემცირება მთელ რიგ ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებს უკავშირდება.

ბუნებრივი ფაქტორებიდან გამოსაყოფია: ატმოსფერული ნალექები სიმცირე, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აორთქლების მაღალი მაჩვენებელი, თოვლის საფარის სიმაღლის სიმცირე. გაზრდილი გავლვიან დღეთა რაოდენობა და ა.შ. ანთროპოგენული ფაქტორებიდან უმთავრესია ირიგაციული და ენერგეტიკული მიზნით წყალაღება. სწორედ ამ ფაქტორების კომპლექსური მოქმედებების შედეგია, რომ მდინარეებში წყლის ჩამონადენი მცირდება, ტბებში კატასტროფულად იკლებს წყლის დონე (მაგ: ლისის ტბა, კუმისის ტბა), გრუნტის წყლები იწევს დაბლა, რაც იწვევს ჭალის ტყეების განადგურებას (მაგ: ჭიაურის ჭალის ტყის პრობლემა მდინარე ალაზნის აუზში, ჭაჭუნას აღკვეთილში ჭალის ტყის მასიური გახმობა მდინარე ივრის აუზში და ა.შ.).

განხილული სამი ჰიდროლოგიური სადგურის მაგალითზე ყურადღება გამახვილდეს მდინარე ალაზნის აუზზე, რადგან ყველაზე სენსიტიური მდ. ალაზნის აუზია (ანალოგიური ვითარებაა მდინარე იორის აუზში). მდ. ალაზნისა და მდ. ივრის აუზში ჩამონადენის შემცირების ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად უმნიშვნელოვანესია ანთროპოგენული ფაქტორი. მდ. ალაზნის აუზში ქვემო წელში წყლის ჩამონადენის შემცირების რამდენიმე მიზეზთაგან მთავარია მელიორაციული სისტემები და ტყის გაჩეხვა, რომელიც წყალმარეგულირებელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს. მდინარეთა ხეობებში არსებული მცირე თუ დიდი ზომის წყალსაცავები ამცირებს ჩამონადენს მდინარის ქვემო წელში, ასევე, ერთი ხეობიდან მეორე ხეობაში წყლის გადაგდება იწვევს ჩამონადენის კლებას. დადებითი, წყალსაცავების მხრივ, შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ წყალსაცავებს აქვს წყალ მარეგულირებელი ფუქნცია და როდესაც წყლის დეფიციტი იქმნება მდინარეთა ქვემო წელში, მეტნაკლებად არეგულირებს წყლიანობის რეჟიმს.

ალაზნის აუზში ორი დიდი სარწყავი სისტემაა: ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი არხი. მაღალი ტემპერატურისა და კლიმატის გლობალური დათბობის გამო გაიზარდა წყალაღების რაოდენობა, გაიზარდა მოსარწყავი მიწების რაოდენობა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ, ანომალური სიცხეები გამო, ადრეულ წლებში თუ მიწის ნაკვეთი  ერთხელ ირწყვებოდა, ახლა უკვე სჭირდება 4-5 მორწყვა წლის ცხელ პერიოდში, რაც, ბუნებრივია, იწვევს მეტი რაოდენობის წყალაღებას. აღსანიშნავია, რომ მელიორაციული სისტემებიდან ოფიციალურ წყალამღებ პირებზე მეტი არაოფიციალური წყალამღებია, რომელიც იპარავს წყლის რესურსს განუსაზღვრელი რაოდენობით და ხელს უწყობს მდინარეთა ქვემო წელში წყლის შემცირებას. პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება და წყალმოსარგებლეთა კონტროლი.

ტყის საფარს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ჩამონადენის ფორმირებაში. ტყე ხელს უწყობს მდინარეების, ტბების, წყაროების წყლით ნორმალურ და თანაბარ მომარაგებას, აფერხებს წყალდიდობებს, არეგულირებს თოვლის დნობის ინტენსივობას, უზრუნველყოფს წყლის ხარისხს და ა.შ. მთელს საქართველოში, განსაკუთრებით ალაზან-ივრის აუზში, კანონიერად თუ უკანონოდ  მასიურად იჭრება ხე-ტყე. ტყე-კაფეები გვხვდება როგორც ძირითად მდინარეზე, ასევე მის შენაკადებზე. აქტიური ხასიათი მიიღო ჭალის ტყეების ჭრამ. ყველა ეს ფაქტორი იწვევს ჩამონადენის შემცირებას, არღვევს მდინარეთა კვების რეჟიმს, ფუნქციონირებას, წყლის ნაკადის ჰიდრომორფოლოგიას, სიღრმეში იწევს გრუნტის წყლები და ა.შ. ჭალის ტყის პრობლემები აქტუალურია ალაზნისა და ივრის აუზში, მასიურად იჭრება და ხმება ჭალის ტყე. ირიგაციული, ენერგეტიკული წყალმოხმარების, ხე-ტყის ჭრის გამო მდინარეთა ხეობებში სეზონური წყალდიდობა/წყალმოვარდნა არ ფორმირდება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჭალის ტყეებისთვის, რასაც საბოლოოდ მივყავართ უნიკალური ეკოსისტემების ჭალის ტყეების განადგურებისკენ.

აუცილებელია საქართველოში კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე შეფასდეს ყველა მდინარის აუზი, დადგინდეს ჩამონადენის კლების ტენდენცია, რეალურად შესწავლილ იქნეს წყლის რესურსები და ამის შემდეგ დაიგეგმოს მელიორაციული სისტემებისთვის  მისაწოდებელი წყლის რაოდენობა, ენერგეტიკული მიზნით წყალაღება, მდინარის ხეობაში დასატოვებელი წყლის რაოდენობა და ა.შ. სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა წყამოსარგებლეთა ინტერესები და არ დაზიანდება ბუნება და ეკოსისტემები.

       

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები