რეკლამაspot_img

გარემოსდაცვითი განათლების ცენტრი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლობა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. 2021 წელს ,,გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის განხორციელდა პროექტის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ინიციატივა „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის (EIEC) შესაძლებლობების გაძლიერება მისი სერვისებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ეროვნული კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით“.

პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას, სხვადასხვა დაინტერესებული მხარისათვის  გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროექტი ითვალისწინებდა შემდეგ აქტივობებს: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღსრულების მიზნით შესაძლებლობების გაძლიერება; დაწყებით სასკოლო განათლებაში გარემოსდაცვითი და აგრარული პროგრამის ინტეგრირება; ცენტრის შიდა შესაძლებლობების შეფასება და განვითარების საჭიროებების განსაზღვრა; მდგრადი განვითარებისკენ მიმართული საკომუნიკაციო და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია გარემოს დაცვის შესახებ.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის ხუთი კანონქვემდებარე აქტი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ძირითადი როლი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების მომზადება, საზოგადოებისთვის გაცნობა და  შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება იყო. აღნიშნული დადგენილებების შესახებ გაიმართა საჯარო განხილვა, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა. შეიქმნა ტრენინგკურსი და სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა”, რომელიც მიზნად ისახავს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს კანონის გაცნობასა და გარემოსთვის ზიანის მიყენების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი რეგულირების -„დამბინძურებელი იხდის“ -პრინციპის შესაბამისად. გაიმართა ტრენინგები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს გარემოსდაცვითი მონიტორინგის მქონე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გააკონტროლონ და ეფექტიანად შეაფასონ გარემოს დაბინძურება. ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი, რომელიც 2021 წელს დამტკიცდა, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება და მისი მიზანი გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული საკითხების პრევენციისა და აღმოფხვრის ხელშეწყობაა. კანონის თანახმად, თუ საწარმო, საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად დააზიანებს გარემოს, ის თავად იქნება ვალდებული, გაიღოს საჭირო ფინანსური რესურსი და აღმოფხვრას გარემოსთვის მიყენებული ზარალი.

პროექტის ფარგლებში, სასკოლო განათლებაში გარემოსდაცვითი და აგრარული პროგრამის ინტეგრირების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ მიხედვით, შეიქმნა ტრენინგმოდული. მიმდინარეობს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადება ცენტრის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს მიხედვით. აღნიშნული მოდულით ცენტრმა პროექტის ფარგლებში გადაამზადა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებით საფეხურის 1500-ზე მეტი მასწავლებელი. ასევე, შეიქმნა ასინქორნული სწავლების მოდელი, რომლის საშუალებითაც დამოუკიდებლად გადამზადდებიან მასწავლებლები მათთვის სასურველ დროს. დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი მომავალ წლებშიც გაგრძელდება.  პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს.  პროგრამის ფარგლებში, პედაგოგების შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული სახელმძღვანელოს გამოყენებით გაძლიერდება, ხოლო  მოსწავლეები ბაზისურ ცოდნას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ფარგლებში გარემოსდაცვით ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, როგორც მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების  და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. პროექტის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გასაუმჯობესებელი აქტივობების შემუშავების მიზნით ჩატარდა კონკურსი რუსთავის საჯარო სკოლებისთვის. განახლების პროცესშია ცენტრის ვებგვერდი, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მომზადდა ორი საინფორმაციო ვიდეორგოლი გარემოსდაცვით საკითხებზე. მომზადდა და დაიბეჭდა პუბლიკაციები: „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი“, “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“ და „ხშირად დასმული კითხვები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის შესახებ“.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები