რეკლამაspot_img

ეთნოსი და ბუნება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე

ეთნოლოგიის დოქტორი

მირიან ხოსიტაშვილი

 ჟურნალ „ველური ბუნების“ წინა ნომრებში გამოვაქვეყნე  საინტერესო ინფორმაცია გურიის ცხოვრებიდან, კერძოდ,  მეოცე საუკუნის დასაწყისის ამბების,  ნადირობის, სამეურნეო ვითარებისა და, ზოგადად, იმ დროის ყოფა-ცხოვრების შესახებ.  მოგონებებში საინტერესოდაა აღწერილი გურულების ურთიერთობა ბუნებასთან, ეკოლოგიასთან, ასევე – სამეურნეო თავისებურებები. ვაგრძელებთ მოგონებებს გურიის ცხოვრებიდან.

თითქმის მთელ გურიას აღმოსავლეთითა და სამხრეთით გურია-აჭარის მთა საზღვრავს. ამ მთის აღმოსავლეთის ფერდობი ახალციხის მაზრას ეკუთვნოდა, სამხრეთის ფერდობი – აჭარას, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფერდობები კი-გურიას.

ვინც ლომისციხის მწვერვალზე ასულა და მოწმენდილ დარში აქედან გადაუხედავს, მან კარგად იცის, რომ აღმოსავლეთით ამ მთიდან  კარგად მოჩანს ახალციხის  ზოგი სოფელი და მათი სახნავ-სათესი-ყანები, დასავლეთით კი – მთელი გურია; აგრეთვე, ვისაც ბახმაროდან გურია-აჭარის მთის მეორე მაღალი მწვერვალიდან, საყორნიადან, გადაუხედავს, კარგად იცის, რომ აქედან სამხრეთით მოჩანს აჭარა და ჩრდილოეთით კი – ასევე მთელი გურია, ქვემო იმერეთი და ოდიში.

ერთი მხრით ახალციხის მაზრისა და აჭარის და მეორე მხრით გურიის საზღვარი  გურია- აჭარის უღელტეხილის საზაფხულო საძოვარ-საბალახოებს შუაზე ყოფს.

გურია-აჭარის მთის ჩრდილო-დასავლეთი ფერდობები მეტად ნაოჭიანი, ძალიან დასერილი ადგილია. თითოეულ შეკეცილსა და ნაოჭზე ან დიდი მცენარე ხარობს, ან პატარა ანკარა ღელეები  ჩამოურბის და თავიანთი ხმაურით ამშვენებენ და აცოცხლებენ მათ; ყველა ეს ღელე შუა ზაფხულშიაც ყინულივით ცივია. როგორც დასავლეთის, ისე ჩრდილოეთის ფერდობი მოზრილი მდინარეებითა და ღელეებით ერთობ მდიდარია.

ამ მდინარეთა შორის პირველი ადგილი ეკუთნვის სუფსასა და გუბაზეულს; ისინი ღომისციხის ჩრდილოეთით იღებს სათავეს, მათ შუაზე მხოლოდ ერთი, სურების სერი ყოფს; ორივე მდინარე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიედინება და შავ ზღვას ერთვის.

სუფსა სათავიდან სოფ. ციხემდე ორ მაღალ ქედშუა მიედინება ძალიან ვიწრო ხეობაში, გაშლილი ადგილები – ჭალები – ძალიან ცოტაა, ამ ხეობას სურები ეწოდება.

გუბაზეულიც, აგრეთვე, ორ მაღალ მთას შუა მიედინება, ჩრდილოეთით მას სურების სერი დაჰყვება, რომელიც გუბაზეულისა  და სუფსის ხეობას (სურებს) საზღვრავს,  სამხრეთით კი -გურია-აჭარის მთავარი მთის შტოები, სახელდობ არჩილოურის ქედი და მისი გაგრძელება-ქეციმერას სერი.

გუბაზეულიც სათავიდან დაბა ხიდისთავამდე ვიწრო ხეობაში მიედინება, მაგრამ ამ ხეობას გაშლილი ადგილები-ჭალები-მეტი აქვს, ვიდრე სუფსის ხეობას-სურებს.

მდინარე სუფსა სოფ. ციხეს ქვემოთ და გუბაზეული დაბა ხიდისთავიდან დაწყებული – უფრო გაშლილ,  ვაკე ადგილებზე მიედინება, იმ ვაკეზე, რომელიც ერთის მხრით გურია-აჭარისა და მეორეს მხრით ტოლების (ნიგოითის) მთებშუა მდებარეობს და შუა გურიას წარმოადგენს.

ამ ვაკეზე გასვლის შემდეგ ორივე ეს მდინარე ერთმანეთს უახლოვდება და სოფელ ბერეჟოულში, რომელიც გურიის თითქმის შუაგულია, ერთმანეთს უერთდება. ბერეჟოულის ქვემოთ ამ შეერთებულ მდინარეს სუფსას უწოდებენ,  მაშასადამე, გუბაზეული სუფსის მარცხენა შენაკადად უნდა ჩაითვალოს.

სუფსასაც და გუბაზეულსაც მათ შეერთებამდე ბევრი შენაკადი ერთვის. თითქმის ყველა ამ მდინარის ნაპირი და ფერდობი, სადაც სახლის დადგმა  მოხერხდება, ამჟამად  დასახლებულია, ორმოცი-ორმოცდაათი წლის წინათ კი აქ მცხოვრებთა რიცხვი შედარებით  ცოტა იყო, და ამიტომ მთელი ეს ხეობა ტევრით იყო დაბურული, სადაც მრავალგვარი ნადირი და გარეული ცხოველი ბინადრობდა; მათ შორის ძალიან ბევრი იყო დათვი, რომლებიც განაპირა მცხოვრებთ დიდ ზარალს აყენებდა და ზოგან დღესაც ასეა; იგი ანადგურებდა დიდი შრომით გაშენებულ სასკეს (საფუტკრეს), იტაცებდა საქონელს, არა მარტო წვრილფეხს: ღორს, თხას, ცხვარს, ხბოს, არამედ ძროხას, ხარსა და, წარმოიდგინეთ, ცხენსაც კი, თანაც არა თუ მხოლოდ ღამით, როცა საქონელი შემთხვევით ტყეში ან მინდორში დარჩებოდა,  არამედ ძალიან ხშირათ დღისითაც, თუკი გარემოება ხელს შეუწყობდა. არაერთხელ მომხდარა, რომ დღისით დათვი ძროხას ან ხარს ტყეში საძოვარზე მიჰპარვია,  გავაზე შეხტომია, შემჯდარა საქონელზე,  ბრჭყალებით ჩაჰფრენია, კბილები უტაცნია, საქონლის დამორჩილება და წაქცევა მოუნდომებია, მაგრამ ღონიერი საქონელი ისე მალე ვერ წაუქცევია, საქონელი ბღავილით დაღმართში შინისაკენ დაშვებულა და  მოსისხლე მტერი თითქმის ეზომდე ჩამოუყვანია…

გამოცდილი ხალხი ასეთ შემთხვევაში  ბღავილით მიხვდებოდა ხოლმე, რომ საქონელს უჭირს,  დათვი ჭამს, – ატყდებოდა მთელ სოფელში კიჟინა და თოფის სროლა დათვის შესაშინებლად. თუ ეს ხმაური  დათვის სიახლოვეს ატყდა, მაშინ იგი  თავის მსხვერპლს თავს დაანებებს და გაიქცევა; თუ გრძნობს, რომ ხმაური შორიდანაა და ვერაფერს დააკლებს, რადგან ხალხი საქონელს მალე ვერ მოეშველება, მაშინ კი იგი საკბილოს აღარ მოეშვება, კარგადაც  დაბეგვავს და მიაძღება.

თოფის სროლითა და კიჟინით არაერთი სული საქონელი გადაურჩენიათ ჩვენში დათვისაგან. გურიაში,  განაპირა მთიან სოფლებში, დღესაც ხშირად შეხვდებით დათვისაგან გავაამოჭმულ ან ბარკალგამოგლეჯილ ძროხასა და ხარს.

დათვი სიმინდის ყანებსაც არანაკლებ ზიანს აყენებდა და აყენებს: როცა სიმინდი „დაიფოჩვება“და მარცვალს ჩაისახავს, დათვი, თუ იგი სადმე ახლოსაა,  მაშინვე ესტუმრება მას და შემოეჩვევა: მას ძალიან უყვარს სიმინდის ნედლი, რძიანი ტარო,  თუ სიმინდის პატრონმა რამე არ იღონა, დათვი რამდენიმე კვირაში მთლად გაუნადგურებს სიმინდის ყანას.

ზემოთქმულის გამო გურიაში დათვთან გამკლავების რამდენიმე ხერხი არსებობს:

  1. I. ღამე დათვის დაშინება

სარაკუნათი, საბუატათი1), თოფის სროლით, კიჟინით, ყანაში ძაღლის ჩაბმითა და ცეცხლის ანთებით.

თუ სიმინდის ყანა ახოში ან დათვის საბინადრო ტყის პირასაა, პატრონი წინასწარ იჭერს ხოლმე მისგან თავდაცვის თადარიგს: როგორც კი სიმინდი „დაიფოჩვება“, ყანის შუაგულში, იმ მხარეს, საიდანაც დათვის შემოსვლა უფრო მოსალოდნელია, კარავს აშენებს   სადმე მაღლობზე, ანდაც -ბოძებზე (ბარჯგებზე), დახურავს  სიმინდის ჩალით, ტაფელათი1), გვიმრით, ნოშოთი, წყავის ტოტებით, ან კიდევ „ტყობერათი“ (ხის ქერქით); თუ ყანა დიდია, მაშინ პატრონი ორ-სამ კარავსაც კი ჩადგამს ხოლმე  სხვადასხვა ადგილას. კარვის შუაგულში ცეცხლის ასანთებ ადგილს ამზადებენ, სახურავი კარავს მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს, დანარჩენი სამი მხარე კი უმეტესად ღიაა ხოლმე.

აშენების შემდეგ კარავში სარაკუნას ჩამოკიდებენ. სარაკუნა წარმოადგენს ერთი გოჯის ან უფრო სქელ ხმელ  ფიცარს, რომელსაც  კარავში გარდიგარდმო თოკით, მავთულით, დაგრეხილი წნელით ან სუროთი ჩამოკიდებენ ხოლმე; როცა ამ ფიცარს ჯოხს დაჰკრავ,  ხმას გამოსცემს და კარგა შორს ისმის. გარდა ამისა, ყანის მცველები საბუატასაც ხმარობენ. საბუატას ხმა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შორს ისმის, ვიდრე – სარაკუნასი და მეტად აფრთხობს ნადირს.

როცა სიმინდი „შეიფოჩვება“, პატრონი მას ყოველდღე ათვალიერებს და, შეამჩნევს თუ არა დათვის სტუმრობას, იმ დღიდანვე შეუდგება ყანის დაცვას.

ყანის მცველი ყოველ საღამოს კარავში მიდის და  მთელ ღამეს ფხიზლად ატარებს. იგი კარვიდან დროგამოშვებით, რაც ძალა და ღონე აქვს, გაჰკივის სხვადასხვა ხმაზე, ვიდრე დაიღლება; ხან თავის საბუატას ჩაჰბერავს და ააბღავლებს; ამის შემდეგ კიდევ დაისვენებს და მერმე სარაკუნას შემოჰკრავს… მთელ ღამეს იგი ასე ატარებს.

საყვირისა და სარაკუნას ხმა ყანაში შემოსასვლელად მომზადებულ დათვს თავზარსა სცემს,  მას ეშინია და ვერ ბედავს ნორჩი სიმინდით პირის ჩატკბარუნებას. დათვის შესაშინებლად მცველი ხშირად თოფსაც კი გაისვრის ხოლმე.

გარდა ამისა, როდესაც დათვი მეტად ძალამოცემულია, ყანაში რამდენსამე ალაგს ცეცხლს ანთებენ მთელი ღამით და ძაღლებს დააბმენ ხოლმე; ისინი მთელ ღამეს ყეფენ და დათვს აშინებენ.

ყანებს დათვი განსაკუთრებით მაშინ აჩანაგებს, როდესაც ტყეში საზრდო – წყავი, მაყვალი, მოცვი, მორცხულა (კრიკინა), წიწიბო, წაბლი, კაკალი, მსხალი, ვაშლი, მარწყვი, ბალი, ლეღვი და სხვა ხილეულობა- გამოელევა. ეს ხდება ისეთ წლებში, როდესაც ხეხილის ყვავილს გვიან მოსული თოვლი და ყინვა დააზრობს. ასეთ დროს მშიერი დათვი შორეული მთიდანაც კი ჩამოდის ყანებში და თავგანწირვით, უშიშრად, შეუტევს მათ. ამ შემთხვევაში დათვთან ბრძოლა მეტად დიდ ენერგიას მოითხოვს ყანების პატრონებისგან. ხოლო როდესაც ტყეში ხილეული საკმაოდაა, მაშინ ყანებიც შედარებით ადვილი მოსავლელი, ადვილი საპატივებელია დათვისგან, რადგანაც ეს უკანასკნელი ტყეშიაც საკმაო საზრდოს პოულობს.

დათვი ყანების მთლად ამომგდები, მომსპობი განსაკუთრებით მაშინ არის, როდესაც ბელები ჰყავს:  სამი-ოთხი სული  ერთად შედის ყანაში; ადვილი წარმოსადგენია, რა შავ დღეს დააყრიან ისინი სიმინდის ნორჩ ტაროებს, თუ  ხელი არაფერმა შეუშალა…

თუ დათვი შიმშილისგან გამწარებული და ამიტომ მეტად მოძალებული არ არის, მაშინ  ყანის პატრონი თავისი ჭინახულის დათვისაგან დასაცავად მარტო ძაღლების დაბმითა და ცეცხლის ანთებით კმაყოფილდება.

1)საბუატა – საყვირის მსგავსი დასაკრავი იარაღი, რომლის ხმა დიდ მანძილზე მიდის. სოფლელები საბუატას სულ უბრალოდ და ადვილად აკეთებენ რომელიმე მოზარდი ხის, მაგ. თხმელის ტყავისაგან.

1)ტაფელა – გვიმრის ჯიშის მცენარე, რომელსაც ნოტიო ადგილი უყვარს.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები