რეკლამაspot_img

მცირე მდინარეთა რევიტალიზაციის ეკოლოგიური პრაქტიკა და ევროპული გამოცდილება

ირაკლი როსტომაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

 

ცნობილია, რომ უხსოვარი დროიდან ადამიანები თავიანთ დასახლებებს აფუძნებდნენ საწყლოსნო წყაროთა სიახლოვეს, კერძოდ, მდინარეთა სანაპიროებზე. თითქმის ყველა ქალა­ქი, შუა საუკუნეების ჯერ კიდევ არამჭიდროდ დასახლებულ ევროპაში, თავისი საკუ­თა­რი სამდინარეო ქსელით იყო გამორჩეული. ქალაქებისათვის მდინარეები წარმო­ადგენდა არა მარ­ტო სასმელი წყლის წყაროს, არამედ თევზჭერისათვის გამორჩეულ ადგილ­საც, გამო­იყენებოდა აგრეთვე სანაოსნო და სავაჭრო გზების სახით, უფრო მეტიც, აუცილებ­ლობის შემთხვევაში, ისინი მოსახლეობას ემსახურებოდა, როგორც ბუნებრივი თავდაცვითი საშუალე­ბა მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად.

XIX-XX საუკუნეებში საქალაქო სამდინარეო რესურსების სამართავად შემუშავდა მთე­ლი რიგი კონცეფციებისა, რომელთა პრაქტიკული განხორციელება ძირითადად ითვა­ლისწი­ნებ­და  მდი­ნა­­რეთა გარდაქმნას არხებად და, უფრო მეტიც, წყალდიდობისაგან დაცვის მიზნით, ამ სამ­დი­ნა­რეო არტერიების მილგაყვანილობებში განთავსებას, რასაც შედეგად მოჰყვა ზოგადად მდი­ნარეების, განსაკუთრებით კი მცირე ზომის არტერიათა განადგუ­რება. ამან კარდინა­ლუ­რად შეცვალა მდინარეთა არსებობის პირობები ქალაქების ტერი­ტო­რი­ებ­ზე, ასევე შეიცვა­ლა საქალაქო ეკოსისტემებიც. მე-20 საუკუნის ბოლოსაკენ ადამი­ანებმა მეტ-ნაკლებად შეიგნეს, რომ საქალაქო მდინარეები აღარ უნდა განი­ხი­ლებოდეს როგორც მხოლოდ პო­ტენ­ციური საფ­რთხე წყალდიდობის თვალსაზ­რისით, რად­გა­ნაც მდინარეებს ასევე შეუძლი­ა მოახდინოს სასურველი ზემოქმედება ესთეტიკაზეც იმ ადგილ­მდე­ბა­რეობისა, რომ­ლებ­შიც ისი­ნი მიედინება; ამავე დროს მათი გამოყენება შესაძლებელია აქტიური დასვენების ზო­ნება­დაც.

ამჟამად არსებულ გამოკვლევათა [1-3] შედეგების შესაბამისად, ქალაქის ფარგლებში ეკოლოგი­ურად მიმზიდველი სამდინარეო ქსელის ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირო­ბების დაცვით:

  • მდინარეთა ხეობების მაქსიმალურად შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს ბუნებრი­ვი კომპლექსის თვითრეგულაციას. საჭიროა თავშეკავება მდინარეთა კალაპოტების გასწო­რე­ბისაგან, ნაპირების მიჯრით მიყრისაგან, ფერდობების დაბეტონე­ბისა ანდა დატერასე­ბი­საგან, ჭალების სამეურნეო ათვისებისაგან, რადგანაც მსგავსი არასასურ­ვე­ლი ღონის­ძი­ებანი ზოგადად არღვევს სამდინარეო სისტემების თვითრეგულაციის მექანიზმებს;
  • სამდინარეო ქსელის უწყვეტობის შენარჩუნება, რადგანაც ამ პირობის იგნორი­რებას, ანუ მდი­ნარეთა ცალკეული უბნების კოლექტორებში მოქცევას, სანაპირო ტერი­ტო­რი­ების გა­მო­ყენებას სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების მქონე განაშენიანე­ბი­სათვის, რომლე­ბიც, თავის მხრივ, არღვევს მიმოცვლას სამდინარეო ქსელის ნაწილებს შორის, მივყავართ ლან­დშაფტების ფრაგმენტაციისაკენ, ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობის ისეთი ცვლი­ლები­სა­კენ, როგორიცაა ტერიტორიების შეტბორვა, გრუნტის წყლების დონეთა მატება და სხვა, რაც თავისთავად აჩქარებს ბუნებრივი კომპლექსის რღვევას;
  • მცენარეთა და ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, რომე­ლიც პირ­ველ რიგში, წარმოადგენს მათივე საცხოვრებელი პირობების ხარისხის განმსაზღვრელ ინ­დი­კატორს; გარდა ამისა, აქტიურად ზემოქმედებს ეკოსისტე­მაზე და გააჩნია თავისებუ­რი რეკრეაციული მიმზიდველობაც.
  • მდინარეთა ჭალიანი და სანაპირო ტერიტორიების კავშირების უზრუნველ­ყოფა ქალაქის ბუნებრივი კომპლექსის მსხვილფართობიან ობიექტებთან და საქალაქო ჰიდ­როქსელის ბაზაზე ურბანულ ტერიტორიათა მდგრადი გამწვანების ერთიანი სისტემის შექმნა.

ამჟამად უკვე არსებული მონაცემები, სხვადასხვა ქვეყნების  განზოგადებული გამოცდილება [2-4] საუკეთესო შედეგს იძლევა ისეთ პროგრამათა პრაქტიკული რეალიზაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფს წყალსადინართა აღდგენას მოცემული რეგიონის ინდუსტრიული ათვისების წინმსწრებ პერიოდის დონემდე. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში მაგალითის სახით შე­იძ­ლე­ბა მოყვანილ იქნას ისეთი ღონისძი­ებე­ბიც, რომლებიც მიმართულია არა მარტო მდი­ნარის წყლის ხარისხის საგრძნობი გაუმჯობე­სე­ბისაკენ, არამედ მასზე არსებულ მოძვე­ლე­ბულ ჰიდ­რო­ტექნიკურ ნაგებობათა რეკონ­სტრუქციისაკენ, რაც, თავის მხრივ, კულტურული მემ­კვიდ­რეობის აღდგენად მიიჩნევა.

ქალაქებში ბუნებრივი ზონების როგორც არსებულის დაცვა, ისე ახლის შექმნა განუყრელად უკავშირდება ადამიანთა სარგებლობაში მათ გადა­ცემას. ამიტომაც ამ ტერიტორი­ების აღდგენამ, რომელსაც რევიტალიზაცია ეწო­დება, უთუოდ უნდა განაპირობოს ბიომრა­ვალ­­­ფეროვ­ნების შექმნა ანდა მისი დაცვა, რეკრეაციის ხელმისაწვდო­მობის ერთდრო­ული უზ­რუნველყოფით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპული მასშტაბით წარმატებით განხორციელდა რიგი პრო­ექ­ტე­ბისა, მაგალითად, „REURIS“ – ცენტრალურ ევროპაში და  „River Restoration Centre“ (RRC) – დიდ ბრიტანეთში.

პროექტის „REURIS“ მიზანს წარმოადგენდა ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომ­ლებიც მიზანმიმართული იქნებოდა  საქალაქო მდინარისპირა ტერიტორიების რევიტალი­ზა­ცი­ისაკენ, რაც გულისხმობდა ბუნებრივი ტერიტორიებისა და კულტურული მემ­კვიდ­რეობის ელემენტების აღდგენას და რევიტალიზაციურ ტერი­ტო­რი­ებზე რაციონალურ მეურნეობრი­ობას. სავარაუდოდ, შემუშავე­ბუ­ლი სტრატეგიის რეალიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს რეგი­ონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ტერიტორიების კეთილმოწყობა, გარე­­მოს ხარის­ხის სასურველი ცვლილება, ნეგატიური ანთროპოგენური ზემოქმედების შემცირება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ურბანიზებული სივრცეების ფუნქცი­ურობის გაზრდას, უზრუნ­ველ­ყოფს ესთეტიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე  მდინარისპირა ტერიტო­რი­ების ფორმირებას [3].

პროექტი „River Restoration Centre“ (RRC) თავიდანვე ორიენტირებული იყო მდინარეთა აუზების (მათივე კალაპოტების, ჭალებისა და მდინარისპირა სივრცეების ჩათვლით) მდგო­მა­რე­ობის მართვის წარმატებული პრაქტიკის  გავრცელებასა და წახალისებაზე დიდი ბრიტანე­თის მთელ ტერიტორიაზე. პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენდა  საკოორდინაციო ცენტრის შექმნა მდინარეთა აღდგენის თაობაზე მიღებული გამოცდილების სხვა დაინტე­რესებულ მხა­რეთათვის გასაზიარებლად [4].

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია „REURIS“-ისა და „RRC“-ის ფარგლებში მდი­ნარეთა რევიტალიზაციის ზოგიერთი წარმატებული ევროპუ­ლი პროექტის  განხორციელებით მიღებული შედეგების მოკლე მიმოხილვა.

 

  1. ქალაქ ბერლინში (გერმანია) მდინარე პანკეს რევიტალიზაციის პროექტი

მდინარე პანკე წარმოადგენს მდინარე შპრეეს შენაკადს. იგი მიედინება აღმოსავლეთ გერმა­ნიაში, მისი სიგრძეა 27 კმ, აქედან 18 კმ ბერლინის ტერიტორიაზეა;  მდინარის აუზის ფართობი შეადგენს 201 კმ2-ს.

პროექტის რეალიზაციის დასაწყისში აღნიშნული მდინარის აუზის მდგომარეობა შეფასებუ­ლი იყო როგორც კრიტიკული. მისი რევიტალიზაციის პროექტი მომზადდა დისციპ­ლინათ­შორის ინტეგრირებულ მიდგომაზე დაყრდნობით და  მოიცავდა სამ  ძირითად ეტაპს:

  • კონცეპტუალურ დაგეგმვას (იგი განხორციელდა 2007-2009 წლებში);
  • არქიტექტურულ დაგეგმვას (განხორციელდა 2010-2013 წლებში);
  • სამუშაოთა პრაქტიკულ რეალიზაციას (შესრულდა 2014-2017 წლებში).

ამ პროექტის შემადგენელ ნაწილს ასევე შეადგენდა გაწეული მუშაობა მდინარის ხეობაში  მცხოვრებ მოსახლეობასთან და აგრეთვე ადგი­ლობრივ ხელისუფ­ლე­ბასთან ეფექტური თანა­მოქმედების ორგანიზება.

გამომდინარე იქიდან, რომ მცირე მდინარეთა რევიტალიზაციისას არ შეიძლება ყურად­ღე­ბის მიღმა დარჩეს ის არსებითი განსხვავებანი, რაც არსებობს ტერიტორიის სხვადასხვა უბნების მახასიათებლებს შორის, რომლის გასწვრივაც გადის მდინარის კალაპოტი და ამასთანავე სრუ­ლი­ად იგნორირებული იქნას მისი მიმდინარე გამოყენების თავისებურებანი,  სავსებით ლოგი­კურია, რომ შეუძლებელია მოცემული წყლის ობიექტის სრული აღ­დგენა მის საწყის ბუნებრივ მდგომარეობამდე. ამიტო­მ, ამ პროექტის მიხედვით, დაიგეგმა მხოლოდ მაღალი ეკო­ლო­გი­ური ხარისხის მქონე ზონების შექმნა, რომელთა შორისაც, შიგადაშიგ, დასაშვებად ჩაითვალა უფრო ნაკლები ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ზონების არსებობა.

აღნიშნული პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მდინარისათვის ბუნებრივი კალაპო­ტის ხელახალი შექმნა ქვიშიანი ნაპირებით, მცენარეულობისათვის განკუთვნილი პატარა კუნ­ძულებით, ასევე ქვებითა და ხის მორებით – ერთგვარი მრავალფეროვნების შესაქმნელად მდინარის დინებაში და მოსალოდნელ წყალდიდობათა თავიდან ასაცილებლად.

ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები (სურ.2):

  • კაშხალი მდინარეზე შეიცვალა ქვის ლოდებით ან გაფართოვდა მდინარის კალაპოტი;
  • შეიქმნა მწვანე ნარგავების (ხეების, ბუჩქნარების) კუნძულები და ისეთი ზონები, რომელ­თაც შეუძლია ხელი შეუწყოს მდინარის კალაპოტის სტაბილიზაციას, მისივე ერო­ზიის თა­ვი­დან აცილებას, მდინარის ზედაპირის დაჩრდილვას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ზა­ფხულ­ში წყლის ტემპერატურის შემცირებას და წყალში გახსნილი ჟანგბადის საჭირო შემცვე­ლობის შენარ­ჩუნებას;
  • წყალმცენარეთა ფორმირებით მდინარეში შეიქმნა წყალმარჩხობის პირობები.

  1. ქალაქ მიუნხენში (გერმანია) მდინარე იზარის  რევიტალიზაციის პროექტი

მდინარე იზარი წარმოადგენს მდინარე დუნაის სიდიდით მეორე შენაკადს. იგი მიედინება ავსტრიისა და გერმანიის  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ტერიტორიაზე. ამ მდინარეს გააჩნია მრავალი შენაკადი, რომელთაგანაც ყველაზე მსხვილად მიჩნეულია მდინარეები ამპერი და ლოიზახი. მდინარე იზარის საერთო სიგრძე შეადგენს 295 კმ-ს. მისი აუზის ფართობი დაახ­ლოებით 9000 კმ2-ია.

აღნიშნული მდინარე ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც სავაჭრო გზა. XX-საუკუნის 20-იანი წლები­დან  დაწყებული და შემდგომ პერიოდშიც ამ მდინარეზე 28 ჰიდროელექტროსადგურის აგებამ გამოიწვია ის, რომ მდინარის დიდი ნაწილი დღემდე წარმოადგენდა 50 მ-მდე სიგანის არხს.

1995 წელს დაიწყო პროექტის „Isar Plan“-ის განხორციელება, რომლის მიზანსაც წარმოად­გენდა მდინარის დაბრუნება ბუნებრივთან მიახლოებულ მდგომარეობამდე. დაიგეგმა შემ­დე­გი სახის ამოცანების შესრულება: უპირველეს ყოვლისა, წყალდიდობებისაგან დაცვის საშუ­ალე­ბათა შემუშავება; შემდეგ კი მდინარის ბუნებრივი ლანდშაფტის ხელახალი შექმნა და ასევე აღნიშნული წყლის ობიექტის  სარეკრეაციო თვისებათა გაუმჯობესება [5].

პროექტის რეალიზაცია მოიცავდა 5 ეტაპს და იგი დასრულდა 2010 წელს. კერძოდ, ჩატარდა  შემდეგი ღონისძიებანი (სურ.3):

ა) მდინარის ზოგიერთ უბნებზე მორღვეულ იქნა ქვიანი სანაპირო სიმაგრეები, მდინარის კალაპოტი გაფართოვდა და ნაპირებზე დაიყარა ხრეში;

ბ) ბეტონის ფილები შეიცვალა ქვის რამპებით, მდინარის ზედა ვაკიანი უბანი მოსწორდა, რითაც ხელახლა იქნა აღდგენილი მდინარის ნაპირებთან მისასვლელი გზა.

2.ქალაქ ოლომოუცში (ჩეხეთი) მდინარე მორავიას რევიტალიზაციის პროექტი

მდინარე მორავია  წარმოადგენს მდინარე დუნაის შენაკადს. მისი სიგრძე შეადგენს 354 კმ-ს, სააუზე ფართობი – 26658 კმ2-ს. იგი ახდენს ბუნებრივი საზღვრის ფორმირებას ჯერ ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის, ხოლო შემდეგ კი ავსტრიასა და სლოვაკეთს შორის. აღნიშნული მდი­ნა­რე მიედინება ისეთი მსხვილი ქალაქების გასწვრივ, როგორებიცაა ოლომოუცი და ბრა­ტის­ლავა.

2011 წელს დაიწყო მდინარე მორავიას იმ უბნის რევიტალიზაციის პროექტის რეალიზაცია, რომელიც გადის ქალაქ ოლომოუცის განლაგების ადგილზე. თავიდანვე განისაზღვრა ამ პროექტის ოთხი ძირითადი მიზანი: წყალდიდობებისაგან დაცვის ხერხების შემუშა­ვება; მდინარის სეგმენტაციის გაზრდა, ანუ მისი სანაპირო ტერიტორიების დაყოფა სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების უბნებად; მწვანე ნარგავების აღდგენა; ალუვიური ზონების, რო­გორც ერთგვარად, მდინარის  წყალთან ღიად მისასვლელი ზონის აღდგენა[6]..

ამ პროექტის მიხედვით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები (სურ.4) :

  • მოხდა მდინარის კალაპოტის განშტოება და ამით ცენტრში შეიქმნა ერთგვარი კუნძული;
  • ხის მორების გამოყენებით შეიქმნა სანაპირო მიწაყრილი;
  • მდინარის მარჯვენა ნაპირის ფერდობი დაიყო ორ საფეხურად, ასევე ქალაქის მცხოვრებ­თათვის შეიქმნა მდინარესთან ადვილად მისასვლელი ახალი ადგილები;
  • ჩატარდა მდინარეზე არსებული კაშხლის თხემის გამაგრებითი სამუშაოები.

  1. შავი ნაკადულის (ჩეხეთი) რევიტალიზაციის პროექტი

შავი ნაკადული მიედინება „Černá louka“-ს ბუნებრივ ნაკრძალში, ჩეხეთის ჩრდილოეთში მდებარე მადნის მთებში, ქალაქ ტეპლიცედან 10 კმ-ის დაშორებით. ამ ნაკადულს გააჩნია ორ-ორი – მარჯვენა და  მარცხენა შენაკადი. მისი საერთო სიგრძე შეადგენს 5 კმ-ს.

XX საუკუნის 80-იან წლებში აღნიშნული ნაკადულის აუზი გადაკეთდა სარწყავ არხად, ხოლო მისი კალაპოტი გასწორდა. ხელუხლებლად დატოვებული პლასტმასის მი­ლე­ბისაგან შექმნი­ლი სადრენაჟო სისტემა თანდათანობით მოირღვა. 2001-2003 წლებში წლებ­ში ჩატარდა ნაკადულის შენაკადების რევიტალიზაცია „Černá louka“-ს ნაკრძალ­ში. თავიდან შეიქმნა 25-ზე მეტი გუბურა, ამასთანავე დაირგო მწვანე ნარგავები. 2009 წელს კი დაიწყო უშუალოდ შავი ნაკადულის რევიტალიზაციის პროექტის განხორციელება. სამუ­შა­ოები დაიყო ორ ეტა­პად: ტექნიკური (ნაკადულის აღდგენა) და ბიოლოგიური (მწვანე ნარგავების დარგვა) [6].

ტექნიკური ეტაპის ფარგლებში გაყვანილ იქნა ახალი წყალმარჩხი არხი, რომელიც, თავისი გეომორფოლოგიური აღნაგობის მიხედვით, იმეორებს ბუნებრივი ნაკადულების აგებულებას. ეს არხი კარგად არის დაკლაკნილი, ანუ მეანდრირებული. მასზე არის რამდენიმე გუბურა  და სარინი ღარაკები, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა არხის სტაბილიზაცია. ნაპირების გამაგ­რე­ბითი სამუშაოები ჩატარებული არ ყოფილა. ზოგიერთ ადგილებში ახალმა არხმა გადაკვეთა ნაკადულის ძველი კალაპოტი, რომელიც ამჟამად არსებობს რამდენიმე დიდი გუბურის ქსე­ლის სახით. ზოგიერთ ადგილებში კი ძველ კალაპოტზე მოეწყო კაშხლები (როგორც მიწაყ­რი­ლის სახით, ასევე ხის მორებისაგან გაკეთებული), რომლებიც, თავის მხრივ, წარმოქმნის გუბურათა კასკადს (სურ.5).

  1. დარჰემის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი) მდინარე სკერნეს რევიტალიზაციის პროექტი

მდინარე სკერნე, რომელიც წარმოადგენს მდინარე ტისის შენაკადს, მიედინება დარჰემის საგრაფოში (ინგლისი). მდინარის სიგრძე შეადგენს  40 კმ-ს. ქალაქებში ჰაუფტონ-ლა-სკერნესა და დარლინგტონში ეს მდინარე მიედინება საქალაქო პარკის ზონაში, რომელიც გარემოცულია საცხოვრებელი განაშენიანებითა და სამრეწველო ობიექტებით. უკანასკნელი 200 წლის გან­მავლობაში ამ მდინარის კალაპოტი განიცდიდა მნიშვნელოვან ცვლილებებს. იგი გასწორდა და გაღრმავდა როგორც წყალდიდობისაგან,  ასევე სანაპირო ტერიტო­რიებიდან ზედაპირული ჩამონადენებისაგან დაცვის გაუმჯობესების მიზნით. საცხოვრებელი განაშე­ნი­ანების არსებობა, მისივე სახელდახელოდ გაყვანილი კომუნიკაციებითურთ, წარმო­ად­გენდა ერთგვარ შემზღუდავ წინაპირობას ამ მდინარის აღდგენის პროცესის ჩასატარებ­ლად [7].

ამ მდინარის რევიტალიზაციის პროცესი ხორციელდებოდა 1995 წლიდან 1998 წლამდე. პროექტის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა:

  • მდინარის აღდგენა 2 კმ სიგრძის უბანზე წყალდიდობებისაგან დაცვის გაუმჯობესების მიზნით; მცენარეული და ცხოველური სახეობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნების შენარჩუნება; წყლისა და ლანდშაფტის ჰიდროქიმიური მახასიათებლების გაუმჯობესება;
  • მდინარეთა რევიტალიზაციის ინოვაციური მეთოდებისა და, ამავე დროს, ქალაქის ადგილ­მდებარეობათა ბუნებათსარგებლობის მართვაში უფრო სრულყოფილი ხერხების შემუ­შავება და გამოყენება;
  • მდინარის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის შემუშავება.

პროექტის განხორციელების მსვლელობისას ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები (სურ.6):

  • მდინარის კალაპოტის მეანდრირება;
  • მდინარის სანაპიროთა გამაგრება და მათი უფრო მეტად პროფილირება ბუნებასთან მიახლო­ებული ლანდშაფტების მისაღწევად;
  • საკანალიზაციო ქსელისა და ზედაპირული ჩანადენის წყალარინების სისტემის გაუმჯო­ბესება;
  • მდინარის ჭალებში ისეთი წყალმარჩხი ჭაობიანი ზონის შექმნა, რომელიც, თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნების განვითარებას განაპირობებს;
  • ადგილობრივ მცხოვრებთათვის მდინარესთან მისასვლელი ზონების შექმნა.

  1. ჰემპშირის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი) ქალაქ ჰევანტის ერმიტაჟის ნაკადულის რევიტალიზაციის პროექტი

ერმიტაჟის ნაკადული მიედინება ჰემპშირის საგრაფოში (ინგლისი), ქალაქ ჰევანტის  საცხოვ­რებელ განაშენიანებაში. XX საუკუნის 70-იან წლებში მისი ნაპირები იყო მობეტო­ნებული წყალდიდობებისაგან დაცვის მიზნით. ერმიტაჟის ნაკადულის რევიტალი­ზაციის პროექტი ხორციელდებოდა 1995 წლიდან 1999 წლამდე. ამ პროექტის საგანმანთლებლო ამოცანების რეალიზაციის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთა უმეტესობაც პროექტში მონაწილეობდა მოხალისე ვოლონტიორების სახით [8].

პროექტის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა: წყალდიდობისაგან ქალაქის დაცვის არსებული დონის შენარჩუნება; ნაკადულისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ბუნებასთან მიახლო­ებულ სახემდე მიყვანა; სანაპიროებთან მწვანე ზონების შექმნა მოსახლეობის აქტიური დასვენებისათვის განკუთვნილ ფართობებთან ერთად.

პროექტის განხორციელების მსვლელობაში შესრულდა შემდეგი სამუშაოები (სურ.7):

  • შეიქმნა ნაკადულის ჰიდრავლიკური მოდელი წყალდიდობისაგან დაცვის სისტემის შემუ­შა­­ვებისათვის;
  • მდინარეთა ნაპირებიდან აიღეს ბეტონის ფილები, ამასთან ერთდროულად ნაპირ­გა­მაგრებითი მიზნით განთავსდა ხრეშის ნაყარი;
  • ნაკადულის ნაპირებზე აღდგენილ იქნა მწვანე ნარგავები.

წარმოდგენილ  მდინარეთა ხეობების აღდგენის შედეგების შეფასება საშუალებას იძლევა რე­ვი­ტალიზაციის ზემოაღნიშნული ექვსივე ევროპული პროექტი ჩაითვალოს წარმა­ტებულად.

ანთროპოგენური ზემოქმედება მდინარის არხებზე და მცირე მდინარეების აუზებზე იწვევს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვან ცვლილებებს მდინარის არხების მორფოლოგიასა და დინამიკაში. ამასთან, მდინარეთა აუზში, ხეობასა და კალაპოტზე  ჩატარებული  საინჟინრო ღონისძიებანი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა აშენება ვლინდება როგორც ანთროპოგენური  დატვირთვები იმ საკალაპოტე პროცესებზე, რომლებიც არსებობს მდინარეთა კალაპოტების განვითარების მუდმივად მიმდინარე  ბუნებრივი პროცესების ფონზე [1].

მცირე მდინარეთა რევიტალიზაციის პროგრამები დაკავშირებულია იმ პროცესების შეუქ­ცევადობასთან, რომლებიც მიმდინარეობენ ანთროპოგენურ დატვირთვათა ზრდის შედეგად: თავიანთ ბუნებრივ თვისებათა ცვლილების გამო მდინარეები წარმოადგენენ შედარებით მდგრად და მოქნილ სისტემებს, რომლებსაც გააჩნიათ უნარი წინააღმდეგობა გაუწიონ  ძლიერ ანთროპოგენურ დაწოლას. ამას განაპირობებს მდინარეთა კალაპოტის  რელიეფის ცვალე­ბადობა და განიკვეთის ფორმები. ბუნებრივი სისტემის მდგრადობის ზღვა­რი განისაზღვრება  იმ მდგომარეობის მიხედვით, რომლის დროსაც იგი ჯერ კიდევ შექცევადია, ანუ როდესაც  დაუბრუნ­დება  საწყის მდგომარეობას ზემოქმედების დასრულების შემდეგ.

ცნობილია, რომ მდინარის ხეობის ეკოლოგიური მდგრადობა განისაზღვრება მთელი რიგი ისეთი მახასიათებლებით, როგორებიცაა:

ნაპირებისათვის – კალაპოტის გავსებადობა, გაჭუჭყი­ანე­ბული ჩანადენების, გასწორებული და სალექი უბნების არარსებობა, ბალახოვანი საფარვე­ლის შენარჩუნება და ა.შ.;

ჭალებისათვის – ხე-მცენარეების შენარჩუნება, წყალშეუღწევადი ზედაპირით დაფარული დიდი ფართობების, ასევე შენობა-ნაგებობების არარსებობა და ა.შ.;

ფერდობებისათვის – წყაროთა არსებობა, ზრდადი ხრამების არარსებობა, კორდითა და ხის ბუჩქნარით ნიადაგის დაფარვა და ა.შ.

ამ ნიშან-თვისებათა შესაბამისად, ვიზუალურ დაკვირ­ვებათა გზით შესაძლებელია განისა­ზღვროს ხეობის ლანდშაფტის ეკოლოგიური მდგომარე­ობა და შემუშავდეს მდინარის რევიტა­ლიზაციის პროექტი [1].

მცირე მდინარეთა ეკოსისტემების სტრუქტურისა და ფუნქციონირების შემდგომი აღდგენა, ტრადიციულად, მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: მდინარეთა კალაპოტის ფორმი­რე­ბი­სა და ნაპირების გამამაგრებელი ნაგებობების  შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, უზრუნ­ველყოფს მდინარეთა ჰიდროლოგიური რეჟიმის სტაბილიზაციას; მდინარეზე ბიოტექნიკურ მოწყობილობათა შექმნა წყლის ორგანიზმების ჰაბიტატების გასაუმჯობესებ­ლად; სანაპირო მცენარეულობის განახლება [1].

ამრიგად, მცირე მდინარეთა რევიტალიზაციის ევროპული გამოცდილების განზოგადება სა­შუ­ალებას იძლევა განისაზღვროს ადამიანთა მოღვაწეობის ამ სფეროში პრიორიტეტული მიმარ­თულებანი: პირველ რიგში, ქალაქების მცირე მდინარეების აღდგენით მიზანშეწონილია დაიწყოს ქალაქების ბუნებრივი კომპლექსების გეგმაზომიერი მართვა; მეორე, მდი­ნა­რე­ებისათვის  ბუნე­ბას­თან მიახლოებული მდგომარეობის დაბრუნება მათი  დასვე­ნების ზონებად გამო­ყე­ნების საშუალებას იძლევა; მესამე, ამგვარი პროექტების რეალი­ზაცია მოსახლე­ობის ეკოლოგიური განათლების ამოცანის გადაჭრის საშუალებასაც წარმოადგენს.

ურბანიზებულ ტერიტორიებზე სამდინარეო სისტემების მდგომარეობის მართვა ძალიან პერ­სპექტიულია ქალაქის ზონაში ეკოლოგიური დაძაბულობის შესამცირებლად. მცირე მდი­ნა­რეთა აღდგენის, შენარჩუნებისა და ეკოლოგიური რევიტალიზაციის ამოცანები აუცი­ლე­ბელია გადაიჭრას წყლის ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის ღონისძი­ებებთან  ერთობლივ კომპლექსში. ქალაქის გარემოს ლანდშაფტი მთლიანად დამოკი­დე­ბულია წამოჭ­რილ პრობლემათა კომპლექსურ გადაწყვეტაზე. სწორედ ამიტომ მდინარეთა რევიტა­ლიზა­ცი­ის საპროექტო მეთოდები, რომლებიც მოიცავს აღდგენით სამუ­შაოთა რამდენიმე მიმართუ­ლებას და  გათვლილია რამდენიმე ეტაპად რეალიზა­ციაზე, ითვლება ყველაზე უფრო ეფექტურ მეთოდებად.

 

გამოყენეული ლიტერატურა:

1.Neruda M. – ENWAMA: Environmental Water Management 2008-2010. Ústi nad Labem:   Univerzita J.E. Purkuně, 2010, 79 p.

  1. Lange K., Nissen S. – Urban Rivers -Vital Spaces. Guide for Urban River Revitalization. REURIS Project Team., 2012, 82 p.
  2. Urban Rivers –Vital Spaces. Manual for Urban River Revitalization. REURIS Project Team., 2012, 327 p.
  3. Manual of River Restoration Techniques. The River Restoration Centre, 2002, 80 p.
  4. Arzet K., Joven S. – The Isar Experience – Urban River Restoration in Munich, Semantic Scholar, 2008, 11 p.
  5. REURIS- Revitalization of Urban River Spaces: Examples of Good Practice, Brno, 2009, 104 p.
  6. River Skerne restored 1995/98 .Brochure.- The River Restoration Centre,1998, 6 p.
  7. The Hermitage Stream: Restoration Project, River Restoration News: Newsletter of the River Restoration Centre, 2000, Issue 6, p.4-5.
რეკლამაspot_img
წინა სტატია
შემდეგი სტატია

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები