ჩვეულებრივი თევზიყლაპია
(მდინარის თევზიყლაპია)
Sterna hirundo
აღწერა: სხეულის სიგრძე: 34-37 სმ, ფრთების შლილი: 70-80 სმ. დამახასიათებელია გრძელი, ვიწრო ფრთები; ღრმად ამოკვეთილი კუდი, წითელი ფეხები და ნისკარტი შავი წვერით. სხეულის ზედა მხარე ნაცრისფერია, ქვედა – თეთრი; კისრისა და თავის ზედა ნაწილი შავია.
ჰაბიტატი: ტბების, მდინარეებისა და ზღვების ქვიშიანი სანაპიროები.
ბუდობა: ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე დებს 2-3 კვერცხს.
კვება: პატარა ზომის თევზები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი/მოზამთრე.
IUCN – ის სტატუსი: LC
შოშია (შროშანი)
Sturnus vulgaris
აღწერა: სხეულის სიგრძე: 19-22 სმ. დამახასიათებელია სხეულის მკვეთრი შავი შეფერილობა, მომწვანო-მოლურჯო ელფერით და ყვითელი ნისკარტი. ზამთარში სხეული ხშირი, თეთრი ლაქებით ეწინწკლება და ნისკარტი უმუქდება. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო შეფერილობისაა, ღია ფერის ყელით.
ჰაბიტატი: მეჩხერი ტყეები, ბუჩქნარები, ველები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ადამიანის სამოსახლო.
ბუდობა: ბუდობს როგორც კოლონიებად, ისე ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ფუღუროში, სოროში ან შენობის ხვრელში. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად – მაისში და მეორედ-ივლისში. დებს 5-8 კვერცხს.
კვება: პატარა ზომის უხერხემლოები, მცენარის კენკრა და ნაყოფი.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე
IUCN – ის სტატუსი: LC
თოხიტარა
Aegithalos caudatus
აღწერა: სხეულის სიგრძე: 13-15 სმ. დამახასიათებელია პატარა, ფუმფულა მომრგვალო ფორმის სხეული; პატარა ნისკარტი და გრძელი შავი კუდი. სხეულის ქვედა ნაწილი მოთეთრო-მოვარდისფროა, ზურგი რუხია, მხრებზე მოვარდისფრო ხაზები აქვს, თვალის რგოლი მოყვითალოა.
ჰაბიტატი: ფოთლოვანი, შერეული და ჭალის ტყეები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს ხეზე ან ბუჩქზე. აპრილში დებს 10-12 კვერცხს.
კვება: წვრილი მწერები და ობობები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: მობინადრე.
IUCN – ის სტატუსი: LC
იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)
Spatula querquedula
აღწერა: სხეულის სიგრძე: 37-41 სმ, ფრთების შლილი: 59-67 სმ. მამლისთვის დამახასიათებელია ყავისფერი თავი დიდი თეთრი წარბით, რომელიც გასდევს კისრის უკანა მხარემდე; მუქი ყავისფერი მკერდი და თეთრი, შავზოლებიანი გვერდები; ფრთების სარკე მოშავო-მომწვანო თეთრი კიდეებით. დედლის სხეულის საერთო შეფერილობა მოყავისფროა; თხემი და თვალის ხაზი შავია; ფრთის სარკე მამლის მსგავსია.
ჰაბიტატი: ჭაობები, ტბები, წყალმარჩხი ადგილები, მდორე მდინარეები.
ბუდობა: ბუდეს იკეთებს მტკნარი ტბის ნაპირებზე ან ჭაობში. მაისში დებს 8-10 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 21-23 დღე გრძელდება. ბარტყებს გამოჩეკიდან 30-35 დღის შემდეგ შეუძლიათ ფრენა.
კვება: მცენარის მწვანე ნაწილები და თესლები.
კრწანისის ტყეპარკში ყოფნის სტატუსი: გადამფრენი.
IUCN – ის სტატუსი: LC