რეკლამაspot_img

გზა

წარმოსახვითი დოკუმენტური მოთხრობა 

-იცით რა, ბატონო გია, – ხანმოკლე დუმილის მერე ჩაილაპარაკა სანდრომ, – ეს ყველაფერი, შესაძლოა, ეგრეც იყოს, როგორც ამბობთ, მაგრამ იაპონია იაპონიაა, ჩვენ კიდევ, ჩვენა ვართ…  რაც იქ მუშაობს, აქაც იმუშავებს ვითომ? ეგ ხო მანქანა არაა და მექანიზმი, მეთოდია, რომელსაც პირობებიც თავისი უნდა, გარემოც და შემსრულებელიც… მერე, რაც პატარა ფერმაზე კარგად გამოდის, დიდი ფართობზეც კარგად იმუშავებს? საეჭვოა… გასარკვევია… არა, ბატონო გია, ჯერჯერობით ვერაფერშიც ვერ დამარწმუნეთ!

– არც ველოდი, რომ ასე უცბად დაგარწმუნებდით, ბატონო სანდრო, – მშვიდად მიუგო გიამ,-მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველ პრინციპზე ვსაუბრობთ… მიწის მექანიკურ დამუშავებაზე უარის თქმა ნატურალური მიწათმოქმედების ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ანუ არ ვხნავთ, არ ვბარავთ, არ ვთოხნით… ასევე არ უნდა ამოვთხაროთ ფესვები. ნიადაგში ჩარჩენილი ფესვები გახრწნის შემდეგ ორგანიკით სავსე ხვრელებს ტოვებს, სადაც ჰაერი და წყალი მოძრაობს და სადაც სხვა მცენარეთა ფესვები კარგად ვითარდება.

-მე ეგრე ვიცი, ფესვების ამოღება აუცილებელია…

-არა,ბატონო სანდრო, ეგ სწორედაც შეცდომაა… ნიადაგი უნდა იყოს დაუნგრეველი და მისი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს ორმაგი საფარველით: მკვდარი ორგანული ნარჩენებით და ცოცხალი ბალახის საფარით…  ერთი სიტყვით, ასეთი ნიადაგი თვითონ აფხვიერებს თავის თავს მცენარეთა ფესვების მეშვეობით, მიკროორგანიზმების,ჭიაყელებისა და წვრილ-წვრილი ცხოველების აქტივობის შედეგად…

-კარგი, კარგი, გვეყოფა არ გვინდა ამდენი… იქნებ მეორე პრინციპზე გადავიდეთ? – მოუთმენლად ჩაილაპარაკა სანდრომ.

-გადავიდეთ… მეორე პრინციპია უარის თქმა ქიმიურ სასუქზე… ფუკუოკა ბიოლოგიურ სასუქს იყენებდა, ვთქვათ, სამყურას… სამყურას ფესვებში სიმბიოზურად ცხოვრობენ აზოტფიქსატორი ბაქტერიები, რომლებიც ატმოსფერულ აზოტს იჭერენ და ნიადაგში აფიქსირებენ. ზოგიერთ სხვა მცენარესაც აქვს ეს უნარი. მაგალითად, იონჯას, ლობიოს, სოიოს, ფშატს, აკაციას, მურყანს.

-ჰმ, მეგონა ეგ პირველ პრინციპში იგულისხმებოდა, ქიმიაც და ბუნებრივი სასუქიც, – გააწყვეტინა სანდრომ.

-არა, პირველია უარის თქმა ხვნაზე, მეორე – უარის თქმა ქიმიურ სასუქზე…

-მესამე?

-მესამეა უარის თქმა მარგვლასა და ჰერბიციდებზე, ანუ სარეველებთან ბრძოლის ქიმიურ საშუალებებზე. ფუკუოკას სწავლებით, სარეველები კი არ უნდა მოსპო, არამედ უნდა შეაკავო. ისინი ნიადაგის ნაყოფიერი ფენისა და დაბალანსებული ბიოლოგიური სისტემის შექმნაში  თავიანთ როლს ასრულებენ. ამისთვის ფუკუოკა მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდა: თივის მულჩას, სამყურას შეთესვას იმ საკვები კულტურების, ბრინჯისა და ქერის ქვეშ, რაც მოჰყავდა, დროებით წყლის მიშვებას, მინდვრის დატბორვას…

-აი, ხო ვამბობდი, იაპონელების მეთოდები არ გამოგვადგება – მეთქი!

-ბატონო სანდრო, იმას კი არ გეუბნებით,გინდა თუ არა, ბრინჯი გაამრავლეთ ფუკუოკას მეთოდით,არა… ეს ბუნებრივი, არაქიმიური საშუალებების მაგალითად მოვიყვანე მხოლოდ… დატბორვაში არაა საქმე, სხვა საშუალებებიც არსებობს…

-ჰო, კარგი, გავიდეთ ბოლოში… მეოთხე რა პრინციპია?

-უარის თქმა შხამქიმიკატების გამოყენებაზე, პესტიციდებზე… ჰერბიციდი მცენარის მკვლელია, პესტიციდი კი ზოგადი სახელია ყველა მკვლელი ნივთიერებისა – რაც ხოცავს მწერებს, ბაქტერიებს, სოკოებს… ეს უძლიერესი მომწამლავი ნივთიერებები მავნებლებს კი ანადგურებს, მაგრამ მათთან ერთად იღუპება უამრავი სასარგებლო არსება, ეკოსისტემისთვის აუცილებელი მიკროორგანიზმი, სამუდამოდ ირღვევა ბალანსი, იწამლება ის კულტურები, რაც მოჰყავთ და რასაც მერე ჩვენ მივირთმევთ სუფრაზე. გვგონია, რომ ვიტამინებს ვიღებთ, არადა, სინამდვილეში… – გიამ ხელი ჩაიქნია და დადუმდა.

-სულ ესაა? – იკითხა სანდრომ

-დიახ,-თავი დაუქნია გიამ, – მოკლედ თუ გინდათ,ესაა. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მეურნეობაში ჩავრთოთ შინაური ცხოველები და ფრინველები. ჯერ ერთი, ზოგიერთი მათგანი მწერებითა და ლოკოკინებით იკვებება. გარდა ამისა, მათი ნაკელი ჰუმუსის წარმოქმნის პროცესს ააქტიურებს და კიდევ, მაქსიმალურ ბიომრავალფეროვნებას უნდა მივაღწიოთ: ბალახის საფარი,ბუჩქები,ხეები,ლიანები… უნდა მოვაწყოთ „ხელშეუხებელი ადგილები“, მაგალითად,ქარსაფარში, სადაც სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმი შეძლებს დასალებას…

-ჰო, კაი, რაც მეტი, მით უკეთესი… მაგრამ ოთხი კი არა, ორი პრინციპი ყოფილა… – დაფიქრდა სანდრო, – არა მიწის ხვნას და არა ქიმიკატების გამოყენებას!

-ეგრე მაშინ სულაც ერთ პრინციპზე შეიძლება დავიყვანოთ,უფრო სწორად,ლოზუნგზე: ნუ კლავთ მიწას,თავი გაანებეთ და ბუნებრივად მოგცემთ ყველაფერს!

-მერე ეგ ხომ სისულელეა? ტყუილი!

-რატომ?

-იმიტომ,რომ ბუნებრივად,ანუ თავისით,არავინ არაფერს მოგცემს,არც მიწა და არც ადამიანი…არვინ!-სანდრომ სვლა შეანელა,ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდა,მიმოიხედა,მაგრამ ჩამომსხმელი არ გამოჩნდა,-მთელი ცხოვრება მატყუებენ,ზღაპრებს მიყვებიან და,აი,თქვენც…აღარ ვენდობი არავის!-გააგრძელა სანდრომ წყენით, კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა.

-არადა,სწორედ ეგაა რევოლუციური გადატრიალება,საწინააღმდეგოს რომ მიხვდება კაცი. ჩალის ღერის რევოლუცია…-თავისთვის ჩაილაპარაკა გიამ და ამოიოხრა. მერე კი დაუმატა-თუ მიხვდება საერთოდაც…-და ისიც გადავიდა მანქანიდან.

ამ დროს სანდრო და ბენზინის ჩამომსხმელიც გამოჩნდნენ. გიამ უთხრა:

-გავისეირნებ ერთ ადგილას და მოვალ,სანამ ბენზინს ჩაასხამთ… სანდრომ უხმოდ დაუქნია თავი. ცოტა ხნის შემდეგ გია მანქანაში ჩაჯდა. ხელში ცელოფნის პაკეტები ჰქონდა.

-ეგ რა არის?- იკითხა სანდრომ, თუმცა პასუხი ისედაც ცხადი იყო. მანქანაში გემრიელი სუნი დატრიალდა.

-საცხობი დავინახე,თონის პური, ნაზუქები და ხაჭაპურები ედოთ დახლზე,ჰოდა,ვიყიდე,დილით არ მისაუზმია,ისე წამოვედი ბათუმიდან…მოდი ცოტა წავიხემსოთ,აგერ ლიმონათიც ვიყიდე და ლიკანიც… – გიამ პაკეტებიდან ახალგამომცხვარი, მადისაღმძვრელი გემრიელობების ამოღება დაიწყო,სანდროს მიაწოდა.

-დიდი მადლობა,-გაუღიმა სანდრომ,-ახლავე,მანქანას მივაყენებ გვერდზე და…რამდენიმე წამში უკვე გემრიელად ილუკმებოდნენ.

-იცით რა ვიფიქრე,ბატონო გია? – დაიწყო სანდრომ,როცა ჭამას მორჩნენ, – არ გვინდა ეგ ნიძლავი… გავაუქმოთ.

-ვითომ რატომ? – გაუკვირდა გიას.

-არ ავიღებ და იმიტომ, – მიუგო სანდრომ, – ორმაგი საფასური ნამეტანი უნამუსობა იქნება ჩემი მხრიდან…

-ვახ,უფრთო ანგელოზი ყოფილხართ,ჩემო სანდრო, – გიამ ჩაცინებით, ცოტა არ იყოს,ფამილარულადაც კი უთხრა,-მაგრამ იქნებ აქეთ გქონდეთ ბოლოს გადასახდელი?

-გამორიცხულია,- ასპროცენტიანი დარწმუნებით უპასუხა სანდრომ-ანგელოზი არა ვარ,მაგრამ არც გნიდა მინდა ვიყო… ამ ბავშვურ ნიძლავში ორმაგი თანხა როგორ გამოგართვათ?…

-მაშ, ბავშვური ნიძლავია? თუ ბავშვივით გულუბრყვილო ვარ,პირიქით,უნდა გამწეწოთ ბოლომდე,ასეთი წესი არაა ახლა? – გიამ ღიმილით გააქნია თავი, – მაგრამ ნუ ჩქარობთ,ბატონო სანდრო, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი…სანდრომ ალმაცერად გაიღიმა და მანქანა უხმოდ დაქოქა. ტრასაზე გავიდნენ.

-მოდი, ახლა პერმაკულტურულ რევოლუციაზე ვისაუბროთ… -დინჯად დაიწყო გიამ.

-ისევ რევოლუცია? – დაიჯღანა სანდრო,-ის ერთი რა, არ გვეყო? იაპონური?

-არა,არ გვეყო…“გვაქვს უთვალავი ფერითა“!…ხალისით ჩაილაპარაკა გიამ,-იაპონურ რევოლუციაზე ხო უკე ვისაუბრეთ მოკლედ,ახლა ავსტრალიურს მივხედოთ…ერთიმეორეს კი ჰგავს,მაგრამ განსხვავებაც არის,ცხადია,ჰოდა,მოდი,გავარკვიოთ…

-გავარკვიოთ,სხვა რა გზაა…-ჩაიბურტყუნა სანდრომ.

-იყო და არა იყო რა,იყო ერთი პიროვნება,სახელად ბილ მოლისონი…-დაიწყო გიორგიმ,-საკუთარ თავს საველე ბიოლოგსა და მოხეტიალე მასწავლებელს უწოდებდა…

-ეგ „იყო და არა იყო რა“,უკაცრავად და, რა პონტია?-ეჭვით იკითხა სანდრომ, ხომ არ მაშაყირებენო.

-საკაიფო პონტია, – ღიმილით უთრა გიამ, – ნუ ღელავთ… ამქვეყნად ყველაფერს პიროვნება იწყებს… ენთუზიასტი პიროვნება…

-აბა, ცხოველი ხომ არ დაიწყებს…ოღონდ ზღაპრები არ გამაგონოთ! თუნდაც საკაიფო!

-არავითარი ზღაპრები, მხოლოდ ფაქტები, ცარიელი, მშრალი, დოკუმენტური ფაქტები!-გამოაცხადა გიამ ლამის საზეიმოდ,-ბილ მოლისონმა, ფუკუოკას პარალელურად, შეიმუშავა სივრცის, გარე სამყაროს ორგანიზების, დაპროექტების ანუ დიზაინის სისტემა,რომელსაც დაარქვა „პერმაკულტურა“…

-„პერმაკულტურა?“ რას ნიშნავს? პირველად მესმის, – გააწყვეტინა სანდრომ, – ისე პერმში კი ვარ ნამყოფი…

-პერმი რა შუაშია?- გაოცდა გია, – რუსული ქალაქი პერმი?

-ჰო,რუსული, – სანდრომ თავი სერიოზულად დაუქნია,მერე კი ჩაეცინა,-ჰოდა, მეც ეგ გამიკვირდა, სად პერმი და სად კულტურა?

-რუსეთი რა შუაშია, ავსტრალიელი იყო ბილ მოლისონი, ავსტრალიელი!

-და რაო კენგურუმ?-ისევ ჩაიცინა სანდრომ,-სკუპ-სკუპ?

გიამ არ უპასუხა. დაფიქრდა, ეტყობა, ვერ გადაეწყვიტა, როგორი რეაქცია ჰქონოდა ამ უკბილო ხუმრობაზე. პაუზა გაიწელა. ბოლოს გიამ ჩაილაპარაკა:

ბილ მოლისონი                                        დევიდ ჰოლმგრენი

მასანობუ ფუკუიოკა

-ბატონო სანდრო, მოდი,  აგიხსნით ზედმეტი გართულების გარეშე, რა არის ეს „პერმაკულტურა“, თქვენ კი შეგიძლიათ მერე იხუმროთ, რამდენიც მოგესურვებათ.

-მე საწყენად არ მითქვამს, -მიუგო სანდრომ,- გისმენთ,ჩემო ბატონო!

-პერმაკულტურა შეიქმნა ორი სიტყვის შეერთებით-Permanent, ანუ მუდმივი და Agriculture, ანუ სოფლის მეურნეობა.

-მუდმივი რა გაგებით?

-იმ გაგებით ,რომ არაერთჯერადია, უწყვეტია, ციკლურია…თავიდან პერმაკულტურა ჯანსაღი საკვების წარმოებას ისახავდა მიზნად, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ყოვლისმომცველი დიზაინის, ან პროექტირების სისტემა,რომელიც ეკოლოგიურად აგეგმარრებს ნებისმიერ გარემოს…

-რას ნიშნავს ეკოლოგიურად აგეგმარებს?

-ეს ნიშნავს, რომ ადამიანი წინასწარ ქმნის მის მიერ დაკავებული თუ ასათვისებელი სივრცის იმგვარი ორგანიზების გეგმას, რომ იყოს ეკოლოგიურად გამართლებული, ეკოლოგიური მოდელების თარგზე აწყობილი…

-ანუ?

-იყოსბუნებრივი,ჯანსაღი,დაბალანსებული,სიცოცხლისუნარიანი,აღწარმოებადი,ნაყოფიერი, ეფექტური…

-ეგ სიტყვებია,ცარიელი სიტყვები, – ჩაილაპარაკა სანდრომ ცალყბად.

-ჰოო…-გია დაფიქრდა წამით და მერე იკითხა,-„ცარიელი სიტყვები“, ანუ გულს არ ეხება?…

-არც გულს ეხება და არც… – სანდრომ ფრაზა აღარ დაამთავრა. გიამ ოდნავ გასაგონად ამოიოხრა და ჩაილაპარაკა:

-სიგარეტს ვეწეოდი მთელი ცხოვრება, როგორც იქნა დავანებე,  უკვე აღარც კი მესიზმრება და ეხლა მომინდა,ისე მომინდა,რომ… ხომ არ გაქვთ?

-არა, არ ვეწევი, – უპასუხა სანდრომ,მერე დაფიქრდა,ალმაცერად გაიღიმა და ჰკითხა,-ბატონო გია, მე ხომ არ მოგანდომეთ სიგარეტი შემთხვევით? ანუ ჩვენმა ლაპრაკმა…

-არა, როგორ გეკადრებათ,- თავაზიანად, ხაზგასმით თავაზიანად მიუგო გიამ.

-გაგიჩეროთ, მაღაზია როცა გამოჩნდება? იყიდით? – ჰკითხა სანდრომ.

-არა, არა, არ მინდა,-უთხრა გიამ,ფანჯარაში თავი გაყო, ჰაერის ნაკადს მიუშვირა წამით და შემოყო, – აგვისტოა,მაგრამ როგორ გრილა…

-ვეღარ გავიგე, გლობალური დათბობაა თუ აგრილება… – ჩაილაპარაკა სანდრომ.

-მოდი,პერმაკულტურაზე ვიტყვი კიდევ რამდენიმე სიტყვას, – გააგრძელა გიამ, – გლობალურ დათბობაზე მერე ვილაპარაკოთ…პერმაკულტურით მაინცდამაინც ვერ დაგაინტერესეთ, ეტყობა,მაგრამ კიდევ მინდა ვცადო…

-სცადეთ,-ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა სადროს,-თქვენი ნებაა…

-ჯერ მოლისონის პიროვნებაზე გითხრათ ორიოდე სიტყვა თუ პირდაპირ პერმაკულტურის პრინციპებზე გადავიდე?

-რამდენი პრინციპია?

-თორმეტი

-ოჰო… მაშინ ჯობია პიროვნებაზე თქვით… ამქვეყნად ხომ ყველაფერს პიროვნება იწყებს?

-ცხადია, პიროვნება,-თავი დაუქნია გიამ, – ოღონდ ენთუზიასტი.

-ოღონდ მოკლედ თქვით,-გააფრთხილა სანდრომ.

-ცხადია,მოკლედ,-გაუღიმა გიამ,- ბიოგრაფიას არ მოვყვები, უბრალოდ მთავარს ვიტყვი: ბილ მოლისონი პერმაკულტურის შემქმნელია და მისი დამსახურებაა, რომ ეს სწავლება მთელს მსოფლიოში გავრცელდა… მოლისონი თხუთმეტი წლით უმცროსი იყო ფუკუოკაზე. პარალელურად მუშაობდნენ,თუმცა ფუკუოკამ გაცილებით  ადრე დაიწყო, არადა,დღეს მოლისონი, ალბათ უფრო ცნობილია, ვიდრე ფუკუოკა… უცნაური დამთხვევა მოხდა, 1978 წელს ფუკუოკამ ინგლისურად დასტამბა თავისი „ჩალის ღერის რევოლუცია“ და იმავე 1978 წელს ბილ მოლისონმა, თავის ყოფილ სტუდენტთან და თანაავტორთან, დევიდ ჰოლმგრენთან ერთად, გამოსცა „პერმაკულტურა“. იმავე წელს მოლისონმა ინსტიტუტი დააარსა, რომელიც დღესაც მთელ მსოფლიოში პერმაკულტურის პროპაგანდას ეწევა… ქმნის ახალ ცენტრებს…

-ცოცხალია?

-მოლისონი?არა,გარდაიცვალა,ოთხი წლის წინ.

-და ფუკუოკა?

-ფუკუოკა თოთხმეტი წლის წინათ.

-ანუ რა, ამ ორმა კაცმა ორი ერთნაირი სისტემა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნა? მართლა ერთნაირია?

-არა, ბატონო სანდრო,  მე არ მითქვამს,რომ ერთნაირი სისტემებია. საერთოა მთავარი. საერთოა მსგავსი დამოკიდებულება, ეკოლოგიური აზროვნება, მაგრამ მოლისონმა თავისი სისტემა უფრო განაზოგადა, მთელ გარესამყაროს მიუსადაგა… ადამიანს მხოლოდ საკვები მცენარეების მოყვანაში კი არ ეხმარება, არამედ გარემოს ათვისებაში, მის გონივრულ ორგანიზებაში.  ფაქტობრივად,ესაა დიზაინის ფილოსოფია…

-ჰმ, ესაა ცარიელი თეორია, ლაილაი, – გააწყვეტინა სანდრომ, – და მე რა ხეირი აქედან? რას მომცემს ეგ ფილოსოფია? რაში გამომადგება?

-თუ გაერკვევით, შეისწავლით და სწორად გამოიყენებთ, ძალიანაც გამოგადგებათ. ოჯახსაც შეინახავთ, ხეირიც გექმენათ და ჯანსაღი პროდუქტიც … შრომაც გაცილებით ნაკლები მოგიწევთ… ხარჯი-მინიმალური … სხვათა შორის, ფუკუოკა თავის სწავლებას „არაფრის კეთების“, ანუ „ზარმაცების“ სისტემას უწოდებდა …

-„ზარმაცების“ სისტემას?-გამოცოცხლდა სანდრო,-ჰმ, რაღაც ზღაპარსა ჰგავს მართლა…

-გახსოვთ,ლაპარაკი იმით დავიწყე, ნაცარქექია ჩემი საყვარელი გმირია-მეთქი?

-კი მახსოვს.

-ჰოდა, ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ფუკუოკას სისტემა და, ასევე, პერმაკულტურა ზედგამოჭრილია ჩვენთვის ,ცოტას მუშაობ და მრავალფეროვან, მდიდარ მოსავალს იღებ…

-ეჰ, ნეტავი კი ეგ შესაძლებელი იყოს,- ჩაილაპარაკა სანდრომ ოცნებით, – დავბრუნდებოდი სოფელში, ვიმუშავებდი ჩემს მიწაზე… ჩემი კაკლის ქვეშ წამოვწვებოდი მოლზე… – უცებ თავი გააქნია და კატეგორიული ტონით დაასრულა, – მაგრამ, ვაი, რომ ზღაპარია!

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები