რეკლამაspot_img

სანამ პლანეტის გადარჩენა შესაძლებელია…

გლაზგოს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია  – კრახი თუ წარმატება?

31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიოს ყურადღება შოტლანდიის ქალაქ გლაზგოსკენ იყო მიპყრობილი, სადაც 2 კვირის მანძილზე 197 სახელმწიფოს 25000 – მდე დელეგატი კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე (ცნობილი COP – 26 სახელით) შეიკრიბა. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული სამიტი ინდუსტრიული ქვეყნებისთვის შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ბოლო შანსი,მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შეჩერებას შეუწყობს ხელს. სამიტი გარემოსდამცველების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, ისინი დიდი ხნის მანძილზე სახელმწიფოების მეთაურებს გლობალური დათბობის შეჩერების მიმართულებით არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებდნენ და ამჯერად უფრო „აგრესიული“ ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებდნენ.

COP – 26 გაეროს ეგიდით ტარდება, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ-19 პანდემიამ დღისწესრიგში კორექტივები შეიტანა და 2021 წლისთვის გადაიდო.

2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმების მიღების შემდეგCOP – 26 ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გახლდათ, რომელსაც უნდა განესაზღვრა პლანეტის მომავალი.

გლაზგოს კონფერენციას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყველა ლიდერი ესწრებოდა, გარდა რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებისა. მათმა დაუსწრებლობამ იმედგაცრუება გამოიწვია გარემოსდამცველებს შორის, რომელთა ნაწილი ისედაც სკეპტიკურად იყო განწყობილი COP – 26 მიმართ და თვლიდა, რომ მსოფლიო ლიდერები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, შეხვედრა კი მხოლოდ „ლაპარაკად“ დარჩებოდა – „ იქნება მხოლოდ ლამაზი სიტყვები, კონკრეტული გეგმებისა და გადაწყვეტილებების გარეშე,“ –  ამბობდნენ აქტივისტები. მათ სკეპტიციზმს გარკვეული საფუძველიც ჰქონდა, რადგან ჩინეთი და რუსეთი, აგრეთვე, ინდოეთი მხარს არ უჭერენ სათბურის ემისიების სრულ შემცირებას 2050 წლისთვის. მათი განცხადებით, ამ მიზნის მიღწევას ჩინეთი და რუსეთი- 2060, ხოლო ინდოეთი 2070 წლისთვის შეძლებენ და პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ქვეყნები, აშშ-სთან ერთად, გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებლები არიან. COP – 26 იგნორირების გამო სი ძინ პინმა და ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენის კრიტიკა დაიმსახურეს.

კონფერენცია დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების შეხვედრით გაიხსნა. მათ საზოგადოებას ჩააბარეს ანგარიში, თუ როგორ შეძლეს პარიზის შეთანხმების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულება სათბურის აირების შემცირების თვალსაზრისით. ანგარიშებმა ცხადყო,თუ რამდენად შორს არიან ისინი პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული მიზნებისაგან.

შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გამოსვლით დაიწყო. მან  განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველი წუთი გადამწყვეტია, პლანეტის  „წამზომი“ ჩართულია – „თუკი დღეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, ხვალ ჩვენი შვილებისთვის გვიანი იქნება.“ ჯონსონის სიტყვებს პრინცი უილიამიც დაეთანხმა, რომელიც სამიტს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ „შეძლონ შეუძლებელი“ მომავალი თაობებისთვის – „საჭიროა განსხვავებულად ფიქრი და დიდი ძალისხმევა, რათა მოხდეს გახშირებული წყალდიდობების, ხანძრების, სითბური ტალღების პრევენცია. ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად დროის ათვლა დღეიდან იწყება.“

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა ამერიკის მთავრობის პოლიტიკა კლიმატის ცვლილების მიმართულებით. ამის ერთ-ერთი დასტურია ისიც, რომ გლაზგოს კონფერენციაზე აშშ-ს დელეგაცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. შეხვედრას ჯო ბაიდენთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კონგრესის 50-მდე წევრიც ესწრებოდა.

პრეზიდეტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკა იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გლობალური დათბობის შეჩერების საქმეში. მისი თქმით,კაცობრიობა ჯერჯერობით მარცხდება ამ ბრძოლაში, რაც პლანეტის ბედს ბუნდოვანს ხდის – „ჩვენ დღეს მსოფლიო ისტორიის გზის გასაყარზე ვართ. გლაზგო უნდა იქცეს ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების ათწლეულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის ძალიან დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს.“ მან ასევე ბოდიში მოიხდა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის, მიერ პარიზის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო და განაცხადა, რომ შტატები ისევ უბრუნდება შეთანხმებას და ქმედით სტრატეგიასაც შეუმუშავებს სათბურის აირების შემცირების კუთხით. ჯო ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების 50-52 % – ით შეამცირებას გეგმავს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ ეს მიზანი ხელს შეუწყობს ამერიკას 2050 წლისთვის გახდეს კლიმატ-ნეიტრალური ქვეყანა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კლიმატის 26-ე კონფერენციაზე ბოლოჯერ წარდგა სახელმწიფო მეთაურის სტატუსით და მსოფლიო ლიდერებს უფრო ამბიციური გეგმების შემუშავებისკენ მოუწოდა – „ჯერ ჩვენ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ.“ მან აღნიშნა, რომ ემისიების შემცირება ვერ მოხერხდა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გაწერილი იყო პარიზის კლიმატის შეთანხმებით და მიზანი კვლავ მიუღწეველი დარჩა. ამავე დროს, მერკელმა ხაზი გაუსვა იმ დადებით ძვრებს, რომელიც კლიმატის ცვლილების შეჩერების მიმარულებით განხორციელდა. მან „უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა შეთანხმებას, რომელიც ქვანახშირის ინდუსტრიის სუბსიდირების შეწყვეტას ითვალიწინებს. აღნიშნულ შეთანხმებას დიდი ოცეულის წევრმა ქვეყნებმა რომის სამიტზე მიაღწიეს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით,მხოლოდ სახელმწიფოების ძალისხმევა ვერ მოაგვარებს პრობლემას და კლიმატის კრიზისი გარდაუვალი იქნება – „საჭიროა ჩვენი ცხოვრების, ეკონომიკისა და მუშაობის სტილის სრული ტრანსფორმაცია“. მან წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვით, ნახშირორჟანგის ემისიებზე გლობალური საფასურის დაწესებაა საჭირო. უნდა მოიძებნოს ისეთი გლობალური ინსტრუმენტები, რომლებიც ეკონომიკურად „მომგებიანი“ იქნება და კლიმატის ცვლილების შეჩერების მიმართულებით მხოლოდ გადასახადების გადამხდელთა ფული არ დაიხარჯება. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ასეთი გზა CO2 გამოყოფაზე ფასის დადებაა.

გლაზგოს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა. მან სიტყვით გამოსვლისას, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ კავკასიამ მყინვარების 40 %უკვე დაკარგა. მხოლოდ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში  მე-20 საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა  – „ ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული, როგორც „კაცობრიობის საგანგებო,  გარდაუვალი საფრთხე“. მან აგრეთვე განაცხადა, რომ საქართველო 2030 წლისთვის იღებს ვალდებულებას, 1990 წლის დონესთან შედარებით სათბურის აირების ემისიები ნახევარზე მეტით შეამციროს – „ საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების დღის წესრიგს 2030 წლისთვის. თავის მხრივ, საქართველო დასახულ მიზანს მიაღწევს განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციით, ქარისა და მზის ენერგიის წილის გაზრდით საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე, ქვეყნის ურბანული მობილობის ტრანსფორმაციით, დაბალ ნახშირბადიანი მიდგომების დანერგვით მშენებლობის, მრეწველობისა და ნარჩენების მართვის სფეროებში, კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებით, საქართველოს ტყეების მიერ ნახშირბადის დაჭერის უნარის გაზრდით. ეს სამიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი ეროვნული და რეგიონული ინტერესებისთვის. საქართველოს სურს, კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე.“

გლაზგოს კლიმატის პაქტი

ორკვირიანი დებატების შემდეგ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს საბოლოო შეთანხმებას, რომლის მიზანი სათბურის აირების ემისების შემცირებაა 2030 წლისთვის. თუმცა სკეპტიკოსები უკვე აღნიშნავენ, რომ შემოთავაზებული ღონისძიებები ამ მიზნის მისაღწევად ამბიციური არ არის, გლაზგოს კლიმატის პაქტი ზედაპირულია. ტექსტის შინაარსი კი საკმაოდ რბილია და არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

დოკუმენტის მთავარი პუნქტებია – ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შემცირება, შესრულებული სამუშაოების რეგულარულ რეჟიმში განხილვა, განვითარებადი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაზრდა.  დოკუმეტს ხელი 200 -მდე ქვეყანამ მოაწერა, თუმცა მისი ზოგიერთი პუნქტი ცხარე კამათის საგანი გახდა.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თავდაპირველ დოკუმენტში შესულმა ცვლილებებმა.ტექსტის პირველ ვერსიაში საუბარი იყო ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივ შეწყვეტაზე, თუმცა ინდოეთი ამ ფორმულირებას არ დაეთანხმა და მისი  „ეტაპობრივი შემცირებით“ ჩანაცვლება მოითხოვა. აღნიშნულ ცვლილებას მხარი ჩინეთმაც დაუჭირა. ინდოეთის გარემოს დაცვის მინისტრმა თავისი პოზიცია იმით გაამართლა, რომ განვითარებადი ქვეყნები ვერ შეძლებენ უარი თქვან სასარგებლო წიაღისეულზე, როცა მათ დღის წესრიგში ქვეყნის განვითარება და სიღარიბის დაძლევა დგას. ტექსტის შინაარსის შერბილებას ეწინააღმდეგებოდნენ დასავლეთის ქვეყნები, თუმცა დოკუმენტზე ინდოეთის ხელმოწერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის მსოფლიოს „მესამე“ ქვეყნებს შორის გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელია.

განვითარებადი ქვეყნების სკეპტიციზმს აგრეთვე იწვევდა პუნქტი, სადაც საუბარია მათთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე. ამის მიზეზია ის, რომ მდიდარმა ქვეყნებმა არ შეასრულეს წინა შეთანხმებით აღებული ვალდებულება – ღარიბი ქვეყნებისთვის წლიურად 100 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. აღნიშნული თანხა გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა ყოფილიყო მიმართული, რადგან მისი უარყოფითი შედეგები ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებზე აისახება. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა კიდეც, რომ – „მოლაპარაკებების ყველაზე სერიოზული პრობლემა მდიდარ და განვითარებად ქვეყნებს შორის არსებული უნდობლობაა“. განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდეს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება 2025 წლისთვის, ხოლო შემდგომში კი მოხდეს დაფინანსების გაორმაგება, რათა მოწყვლადი ქვეყნები კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესს უკეთ მომზადებული შეხვდნენ. ისტორიულად უდიდესმა დამაბინძურებელმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ სოლიდარობა კლიმატის კრიზისით დაზარალებული ქვეყნების მიმართ და უნდა მოახდინონ მიყენებული ზარალის კომპენსირება.

მხარეები ე.წ. „ნახშირბადის ბაზარის“  წესებზეც შეთანხმდნენ, რომელიც ასევე შესაძლოა გახდეს კრიტიკის საგანი. სახელმწიფოს, რომელმაც დასახულ დონეზე დაბლა დაწია სათბურის აირების ემისია, შეუძლია მიჰყიდოს დარჩენილი ემისიის უფლება ქვეყანას, რომელმაც თავისი დაგეგმილი დონის მიღწევა ვერ შეძლო. გლაზგოში უფრო დეტალურად გაიწერა ამ ტიპის ტრანზაქციაში მონაწილე ქვეყნების ვალდებულებები. აღნიშნული მექანიზმის მთავარი პირობაა ყიდვა-გაყიდვის პროცესში არ მოხდეს ემისიების ზრდა და ისინი ჯამურად შემცირდეს.

პარიზის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნები ვალდებული იყვნენ განეახლებინათ თავინათი კლიმატური გეგმები (ეროვნულ დონეზე) 5 წელიწადში ერთხელ. გლაზგოს კლიმატის პაქტი კი მოუწოდებს მათ წარმოადგინონ ემისების შემცირების ახალი გეგმა 1 წლის განმავლობაში, 2022 წლის კლიმატის სამიტამდე.

გლაზგოს კლიმატის პაქტი პარიზის შეთანხმების მთავარი მიზნის ერთგული დარჩა –  ტემპერატურის ზრდა უნდა შენარჩუნდეს 1,50C ფარგლებში.  პოლიტიკოსების ნაწილის აზრით „1,50C“ თანდათან მხოლოდ „ფრთიან“ გამონათქვამად რჩება – „ამ ფრაზის მრავალჯერ გამეორება აზრს მოკლებულია, თუკი შეთანხმებაში არ გაიწერება კონკრეტული გეგმები მის მისაღწევად“, – განაცხადა შვეიცარიის გარემოს დაცვის მინისტრმა სიმონეტა სომარუგამ.

ექსპერტების აზრით, სამიტზე აღებული ყველა ვალდებულების შესრულებაც კი არ იქნება საკმარისი, რომ ტემპერატურა 1,50C  ფარგლებში შენარჩუნდეს.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მიზანი ქვაკუთხედი იყო პარიზის კლიმატის შეთანხმებისა, რომლის პირველი შედეგები COP – 26 – ზე შეაჯამეს.

მიუხედავად გლაზგოს კლიმატის პაქტის ტექსტის გამარტივებისა, ის მაინც წარმატებულ დოკუმენტად ითვლება. ეს არის  გაეროს კლიმატის პირველი რეზოლუცია, რომელშიც ცალსახად ხაზგასმულია ქვანახშირის გამოყენების შემცირების აუცილებლობა.

 

კიდევ რაზე შეთანხმდნენ გლაზგოში?

მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა შეთანხმდა, რომ გააძლიერებენ მუშაობას მეთანის ემისიების შემცირების მიმართულებით 2030 წლისთვის (მიზანი 30%-ით შემცირება). ჩინეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა, მეთანის დიდმა ემიტორმა ქვეყნებმა, აღნიშნულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს.

მსოფლიოს 100  – ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა ტერიტორიაზე  დედამიწის ტყეების 85 % მდებარეობს, ხელი მოაწერა „გლაზგოს ლიდერების დეკლარაციას ტყეებისა და მიწათსარგებლობის შესახებ.“ სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას შეაჩერონ ტყეების გაჩეხვა 2030 წლისთვის – „ ტყეების დაცვა არის არამხოლოდ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხი, არამედ გარანტი მდგრადი მომავლისა,“- აღნიშნა ბორის ჯონსონმა. რუსეთი, ჩინეთი და ბრაზილია ასევე შეუერთდნენ ინიციატივას. გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის აზრით, დეკლარაციაზე ხელის მოწერა შეთანხმების ყველაზე მარტივი ნაწილია, მთავარია, როგორ შეასრულებენ ისინი ნაკისრ ვალდებულებს ხალხისა და პლანეტის მომავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებმა ტყეების გაჩეხვის შემცირების სამოქმედო გეგმები ჯერ კიდევ 2014 წელს ნიუ-იორკის კლიმატის სამიტზე წარადგინეს. მიუხედავად ამისა, ამ გეგმების შესრულება მათ ვერ შეძლეს. 2014-2020 წლების პერიოდში ტყეების გაჩეხვა კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დეკლარაციით გაწერილი ვალდებულებები ნამდვილად შესრულდება.

დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოებმა დადეს პირობა, რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას ტყისა და ხმელეთის ეკოსისტემების შესანარჩუნებლად, ხელს შეუწყობენ მათი აღდგენის დაჩქარებას და, აგრეთვე, მდგრადი ვაჭრობის განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფოები და კერძო ფონდები 20 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებენ. დაფინანსების ნაწილი ტყის ხანძრების პრევენციასა და დამწვარი ტერიტორიების აღდგენას მოხმარდება, თუმცა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის -„გრინფისი“, მიიჩნევენ რომ აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნება. დეკლარაციის ტექსტში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადგილობრივი თემების გაძლიერებას, მათ შორის არის ძირძველი (აბორიგენი) მოსახლეობა, რომელთა ცხოვრებაზეც  ტყეების გაჩეხვა-დეგრადაცია უარყოფითად აისახება.

ამით, COP – 26  დასრულდა. შევხვდებით COP-27  – ზე, 2022 წელს, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, სადაც მსოფლიო ლიდერები კვლავ ილაპარაკებენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე. ჩვენ კი  ვივარაუდოთ, რომ გლაზგოს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციასთან შედარებით, ერთი წლის თავზე,  უფრო ქმედით გადაწყვეტილებებს შემოგვთავაზებენ.

ირინა ჯაფარიძე

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები