რეკლამაspot_img

ეთნოსი და ბუნება

გეოგრაფიული(ბუნებრივი) გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი ეთნოსის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. დროთა განმავლობაში ეთნოსი ეგუება (ადაპტირდება) გარემომცველ ბუნებას და გარემო პირობების შეცვლა, შესაბამისად, ეთნიკურ პროცესებზეც აისახება.

გეოგრაფიული გარემო გავლენას ახდენს ამა თუ იმ ეთნოსის ეთნიკური კულტურის, მისი სამეურნეო-ყოფითი თავისებურებებისა და თვით ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ყოველი ეთნოსი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბუნებასთან სამეურნეო საქმიანობით. ამ კუთხით უძველესი დროიდანეთნოლოგები გამოკვეთენ (განასხვავებენ) ადამიანისა და გარემოს ურთიერთმიმართების ორ ფორმას: საზოგადოებათა და ეთნოსთა ერთი ნაწილი ძირითადად მისადაგებულია გარემომცველ გარემოსთან და არ ცდილობს მის შეცვლას ან გარდაქმნას. ეთნოსთა მეორე ნაწილი კი, რომელიც მისდევს ინტენსიურ მიწადმოქმედებას (ეგვიპტელები, შუმერები, ჩინელები, ქართველები…) ცდილობს ლანდშაფტის მისადაგებას საკუთარ სამეურნეო-ყოფით თავისებურებებთან.

ხშირად ერთმანეთისგან მკვეთრად დაშორებულ ნაწილებში, თუკი იქ მსგავსი კლიმატურ-გეოგრაფიული პირობებია, ყალიბდება ანალოგიური კულტურულ-სამეურნეო ტიპები:  თანაბარი დონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მეურნეობის დარგები, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები და ა.შ.  თუმცა მსგავს გეოგრაფიულ პირობებში მცხოვრები ყველა ხალხი ვერ აღწევს განვითარების ერთიან მაღალ დონეს. მაგალითად, ისეთივე ლანდშაფტისპირობებში მყოფმა მრავალმა სხვა ხალხმა, როგორშიც ჩამოყალიბდა ქართული ეთნოსი, ვერ ჩაუყარა საფუძველი ინტენსიურ მიწათმოქმედებას და ვერ დააგროვა ისეთი მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ცოდნა, როგორიც ეს უძველეს დროშივე შეძლეს მიწათმოქმედმა ქართულმა ტომებმა. ქართველი ხალხის სამეურნეო თავისებურებები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც ბუნება;მთაში და მთისწინა ტერიტორიაზე ოდითგანვე დაწინაურებული იყო მესაქონლეობა, ბარში- მიწათმოქმედების მრავალი დარგი. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, განსხვავებული მცენარეული კულტურა ხარობს, ასევე განსხვავებული ჯიშებია მეცხოველეობაშიც. ქართველი ხალხი  განსახლების არეალს იმდენად შეეგუა და აითვისა, რომ მრავალი ენდემური ჯიშიც ჩამოყალიბდა მესაქონლეობა-მემცენარეობაში.

ემპირიული ეკოლოგიური ცოდნის შედეგია ნიადაგების არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა რთული სამეურნეო-ტექნიკურ სისტემათა კომპლექსები-მელიორაცია (ნიადაგის მორწყვა, ხანგძლივი წვიმებისას წყლის ხელოვნურად დაშრობა, ნიადაგის გაპატივება…); ანუ ამ მიმართულებითაც, როგორიცაა ტრადიციული მიწადმოქმედების კულტურაში შემონახული ეკონომიკური თავისებურებების ცოდნა, ვლინდება ეკოლოგიის პრაქტიკული საჭიროება.

ამ ბოლო დროს ეთნოლოგიურ მეცნიერებაში გამოიკვეთა კვლევის ახალი მიმართულება, რომელსაც ადამიანის ეკოლოგიას უწოდებენ. იგი გულისხმობს ადამიანისა და გარემოს ურთიერთობას ტრადიციულ ყოფაში და ამ კვლევის შედეგები უთუოდ დიდ დახმარებას გაუწევს ეკოლოგებს უკვე არსებული ხალხური ცოდნის შეთვისებისა და გაანალიზების საქმეში, რაც ქართულ ეთნოსს ოდითგანვე გააჩნდა. ხალხური ეკოლოგია  და ბუნებაზე დაკვირვება-გააზრება ეთნოსის ყოფაში, უდავოდ, დადებითად აისახება .

 

 

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები