რეკლამაspot_img

გზა

– იქნებ არაა ზღაპარი? – შეაპარა გიამ, – იქნებ…
– დამიმტკიცეთ!
– მომისმინეთ და დარწმუნდებით!..
– აკი გისმენთ, ჩემო ბატონო, მაგრამ რად გინდა? ერთ ზღაპარს მეორე ემატება!
– მომისმინეთ ბოლომდე, ბატონო სანდრო, და მერე განსაჯეთ! ბოლოს გამოიტანეთ
დასკვნა!
– ბოლომდე მოგისმენთ, ჩემო ბატონო, თუკი ეს გიშველით… მაინც ერთი გზა
გვაქვს … – სანდროს ჩაეცინა, – სანამ თბილისში ჩავალთ და დიღომში, ვიქტორ
ნოზაძის ქუჩაზე მიგიყვანთ, შეგიძლიათ ილაპარაკოთ, რც გნებავთ და რამდენიც
გნებავთ … მისამართი ხომ არ შემეშალა?
– არა, არ შეგშლიათ, ბატონო სანდრო … და ჩვენი ნიძლავიც ძალაშია.
– ძალაშია? – სანდრო აშკარად გაოცდა, – კი მაგრამ, ხომ გითხარით, რომ …
– სიტყვა სიტყვაა!
– ჰმ … – სანდრომ მხრები აიჩეჩა, დაფიქრდა და მერე ფრთხილად იკითხა, – კი
მაგრამ, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ნიძლავს მოიგებთ? რა გაქვთ
ასეთი სათქმელი? აუცილებლად რომ დავიჯერებ და ვაღიარებ, დავმარცხდი?
– ვნახოთ, – მოკლედ მოუჭრა გიამ, ბოლომდე წამომყევით!
– მოგყვებით, ბატონო ჩემო … სხვა რა გზაა … – სანდრომ ცალყბად გაიღიმა, – ერთი
გზა გვაქვს!
გიამ არაფერი უპასუხა და მოულოდნელად სანდროს მხარზე მეგობრულად,
მსუბუქად
წაჰკრა ხელი. სანდროს გაეცინა, მაგრამ ხმა არც მას ამოუღია. ერთხანს მდუმარედ
მიდიოდნენ.
– სხვათა შორის, – განაგრძო გიამ, – მე სულაც არ მგონია, რომ ქართველი კაცი
ზარმაცია, შრომა არ უყვარს და მაგიტომაა ფუკუოკას ნატურალური მეთოდი,
ანდა მოლისონის პერმაკულტურა ჩვენთვის ზედგამოჭრილი.
– აბა, რატომ?
– ზედგამოჭრილია იმიტომ, რომ ქართველ გლეხს მისცემს საშუალებას, გადარჩეს,
ოჯახი არჩინოს, საზღვარგარეთ არ გაიქცეს სამუშაოდ, ცხრა მთას იქით არ
გადაიხვეწოს, თავისი მიწა-წყალი არ მიატოვოს … როცა მიწას არ ხნავ, როცა არც
ტრაქტორი გჭირდება და არც საწვავი, არც ქიმიური სასუქები და არც
შხამქიმიკატები, მორწყვაც კი არ უნდა ნაკვეთს, წარმოიდგინეთ, რამდენად იოლი
და იაფი ხდება მიწაზე შრომა და მოსავლის მიღება! და რამდენად ჯანსაღი და
ნოყიერი იქნება პროდუქტი!
– ეეჰ, – ამოიოხრა სანდრომ, – და საერთოდ მოვა რო ეგ ჯანსაღი და ნოყიერი
პროდუქტი? არ შეჭამს, მახრაა თუ რაღაც ჯანდაბა?

– მოვა, მოვა! – დარწმუნებით გამოაცხადა გიამ, – სად წავა?
– ჰმ, ნეტავი კი შემეძლოს თქვენს თავში ჩავიხედო და ვნახო, რატომ გჯერათ ამ
ზღაპრების … – სანდრომ ხმადაბლა, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
– ზღაპრების კი არა, პრინციპების მჯერა … – თქვა გიამ, – ჰოდა, ახლა
პერმაკულტურის თორმეტ პრინციპს ჩამოგითვლით!
– მიდით, მიდით, ჩამოთვალეთ …
– პირველი: დააკვირდით და ურთიერთქმედებაში შეისწავლეთ.
– რას უნდა დავაკვირდე?
– პერმაკულტურა თქვენი კონკრეტული ნაკვეთის და ადგილობრივი გარემო
პირობების არსობრივ გაგებას ეფუძნება. იდეალურ ვარიანტში, თქვენი ნაკვეთი
მთელი წლის განმავლობაში უნდა შეისწავლოთ, ყველა სეზონში, დააკვირდეთ
ბუნების მოვლენებს: მზეს, ქარს, წვიმას, სეტყვას, თოვლს და ასევე, ცხოველებს,
ხმაურს, შესაძლო დაბინძურებას და ა.შ და ა.შ. მოინახულოთ მეზობლად მდებარე
ბაღები, რომ ნახოთ, თქვენს არემარეში რა ხარობს ყველაზე უკეთ …

– ეგ ხომ ისედაც ვიცი! – სანდრომ ცოტა არ იყოს, გამომწვევად წამოიძახა.
– კი, ცხადია, იცით, მაგრამ ეს პრინციპები, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, პირველ რიგში,
განკუთვნილია მათთვის, ვინც ახალი ფერმის გაშენებას აპირებს და, მეორე
რიგში, მათთვის, ვინც უკვე არსებულის გადაკეთებას ფიქრობს
პერმაკულტურად. გადაკეთება, სხვათა შორის, ბევრად უფრო რთულია, რადგან
პერმაკულტურული მიდგომა მოითხოვს ყველა ბუნებრივად არსებული თუ
ხელოვნურად შექმნილი კომპონენტის გააზრებულად, ოპტიმალურად
განლაგებას და ურთიერთდაკავშირებას, რათა ეკოლოგიურად დაბალანსებული,
ეფექტიანი სისტემა შეიქმნას. ჰოდა, რა უნდა ქნა, თუკი მიხვდები, რომ შენი
სახლი, ვთქვათ, ბორცვის თავზე კი არ უნდა იდგეს, არამედ, ფერდობზე ან
ბორცვის ძირას?… რას იზამ, დაანგრევ სახლს? თუ დაშლი, ახალ ადგილზე
გადაიტან და ისევ ააწყობ? ძნელი წარმოსადგენია, კაცმა ეს მოახერხოს. ამიტომ
პერმაკულტურული მეურნეობის მოწყობა ჯობია ცარიელ ნაკვეთზე, სადაც
ერთწლიანი წინასწარი დაკვირვების შემდეგ გონივრულად შეადგენთ დიზაინს,
ანუ კონკრეტულ გეგმა-პროექტს, რომელშიც ყველა კომპონენტს საუკეთესო
ადგილი ექნება მიჩენილი და თქვენი ფერმა… ილონ მასკის ტესლასავით
იმუშავებს!
– ეგ რაღა შუაშია? – სანდრომ ეჭვიანად ჩაილაპარაკა, – მართლა კარგი
ელექტრომობილი მე ჯერ არ მინახავს…
– არაფერ შუაშია, უბრალოდ თავიდან მინდოდა მეთქვა, კარგად დაზეთილი
მექანიზმებივით იმუშავებს-მეთქი, მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე… რაღა დროს
დაზეთვაა და… მერსედესები!
– არა, რატომ, მერსედესი მერსედესია… და ყოველთვის იქნება!

– ეგეც მართალია, – გია მორჩილად დაეთანხმა და გააგრძელა, – მეორე პრინციპია:
დაიჭირეთ და დააგროვეთ ენერგია!
– ენერგია როგორ უნდა დაიჭირო?
– როგორ და, მარტივად! აი, ციყვი, მაგალითად, როგორ ემზადება ცივი ზამთრისთვის?
ფუღუროში იმარაგებს თხილსა და კაკალს. ჩვენც შეგვიძლია ენერგიის შენახვა
კონსერვაციის გზით. ანდა ორანჟერეა ავიღოთ. თუ სწორად არის განლაგებული,
შეიძლება სხვა შენობებისა და სათავსოებისთვის სითბოს წყაროს როლი ითამაშოს
ალტერნატიული ენერგიის, მზის ენერგიის მოპოვება და გამოყენება დღეს უკვე
რეალურია, რენტაბელურიც და მომგებიანიც.
– მაგას დიდი ფული უნდა, – ხელი ჩაიქნია სანდრომ!
– არც ისე, – მიუგო გიამ, – მესამე პრინციპია: მიიღე სარგებელი თქვენი
პერმაკულტურული ბაღისა თუ ფერმის მთავარი მიზანი, ცახდია კარგი მოსავლის
მიღებაა. ყველაფერი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ სხვა სარგებელიც
არსებობს, მაგალითად, ინფორმაციისა და პრაქტიკული რჩევების გაცვლა
პერმაკულტურისტ ფერმერებს შორის, ანდა ურთიერთდახმარება, ერთობლივად
მუშაობა – ნადის ტრადიცია გავიხსენოთ…
– მაგას პერმაკულტურა არ სჭირდება!
– მართალია, მაგრამ ეს ორი ერთად ძალიან მაგარი რაღაც გამოვა!
– ოცნებას კაცი არ მოუკლავს, – ჩაილაპარაკა სანდრომ, – მაგრამ, აი, გაგიჟება კი შეუძლია,
მე მგონი.
– ნუ ღელავთ, არავინ არ გაგიჟებულა ჯერ და არც გაგიჟდება,- დაამშვიდა გიამ, – მეოთხე
პრინციპია: თვითრეგულირება და უკუკავშირი. ანუ ეს გულისხმობს, რომ საკუთარ თავს
უნდა ვაცნობიერებდეთ, როგორც ჯაჭვის რგოლს, ჯაჭვისა, რომელიც წარსულში დაიწყო
და მომავალში გრძელდება. ანუ ჩვენ არ ვართ იზოლირებული, განცალკევებული
არსებები. ჩვენს თვითრეგულირებაზე, ჩვენს მცდელობაზეა დამოკიდებული, რა
ცხოვრება ექნებათ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს… არსებობს
ინდური ანდაზა: იფიქრე შვიდ თაობაზე. იგულისხმება მომავალი შვიდი თაობა. მაგრამ
ასევე უნდა ვიფიქროთ ჩვენი წინაპრების თაობებზე…

– ა, ბატონო, ვიფიქრე წინაპრებზე და რაღაც ვერ დავინახე, პერმაკულტურით იყვნენ
გატაცებული!… ჩაეცინა სანდროს.

– იფიქრეთ კი, ბატონო სანდრო? – სერიოზულად ღიმილის გარეშე ჰკითხა გიამ, – რომ
გეფიქრათ მართლა, შეამჩნევდით, ჩვენი წინაპრები იყენებდნენ პერმაკულტურის ანდა
ფუკუოკას პრინციპებს, ოღონდ, ცხადია, არ იცოდნენ, რომ ასე დაერქმეოდა…
– რას ნიშნავს იყენებდნენ? რას იყენებდნენ?! – სანდრო ისე გაოცდა, რომ მანქანა გზის
პირზე გადაიყვანა, გააჩერა და გია მიუბრუნდა, თვალებში ჩახედა, – ახლავე
დამიმტკიცეთ, ახლავე დამისახელეთ , რას იყენებდნენ, თორემ ამოვიდა ყელში ეს
ცარიელი ლაი-ლაი, ვაჰ!

 

გიამ სანდროს თვალი გაუსწორა და დინჯად, აუღელვებლად მიუგო:
– ახლავე, ბატონო სანდრო. უმარტივეს მაგალითს მოგიყვანთ. დასავლეთ
საქართველოში გონიერი გლეხი სიმინდის ნათესში ლობიოს, გოგრას, სოიოს
შეთესავდა და მის დასაცავად სორგოს ანუ ცოცხს იყენებდა. გლეხმა იცოდა, რასაც
აკეთებდა. ლობიო და სოიო აუმჯობესებდა ნიადაგს, აზოტით ამდიდრებდა…
– გლეხმა აზოტი იცოდა? – ირონიულად იკითხა სანდრომ, თავი გააქნია და მანქანა
დაქოქა.
– არა, აზოტი რა იყო, ცხადია, არ იცოდა, მაგრამ ხედავდა, რომ ნიადაგი უკეთესი
ხდებოდა… გლეხი ზაფხულში მწვანე ლობიოს ჭამდა, ზამთარში – ხმელს. სოიოსა
და გოგრას პირუტყვისა და ხშირად, თავის საკვებადაც იყენებდა. იცოდა, რომ
გოგრა ნიადაგში ტენის შენარჩუნების მშვენიერი საშუალებაა. ცოცხი ნათესებს
ქარისაგან იცავდა, შემდეგ მას ოჯახში იყენებდნენ ან ჰყიდნენ… სხვადასხვა
კულტურების ერთად გახარება სხვა არაფერია, თუ არა პერმაკულტურის
პრინციპი!
– ორი მცენარის ერთად გახარება პერმაკულტურაა?
– დიახ, ბატონო სანდრო, და ფუკუოკას ნატურალური მეურნეობაც მაგას
გვეუბნება! მოყვანილი სქემა ორივე სისტემის საუკეთესო მაგალითია… ჩვენმა
წინაპრებმა იცოდნენ „ მეგობარი“ მცენარეების ფასი, – ანუ ისეთი მცენარეების,
რომლებიც ერთმანეთს ხელს არ უშლიან, არამედ, პირიქით, ხელს უწყობენ – და
წარმატებით იყენებდნენ ამ მეთოდს. ხსენებული მიდგომა უზრუნველყოფს
მრავალფეროვნებას, ენერგეტიკული რესურსების განაწილებას, წლის
განმავლობაში საკვებით მომარაგებას, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას და
ასე შემდეგ.

– „ ასე შემდეგში“ რა იგულისხმეთ, არ ვიცი, მაგრამ მცენარეთა ეს „ მეგობრობა“
რაღაც არ მეჩვენება სერიოზულად… – ცალყბად ჩაილაპარაკა სანდრომ.
– ძალიან ტყუილად, – თავი გააქნია გიამ, – სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ჩვენმა
ხალხმა დაივიწყა. არადა, დღეს ქართველი გლეხის გადარჩენის საუკეთესო
საშუალება სწორედ ფუკუოკას მეურნეობის, ანდა პერმაკულტურის გავრცელება
იქნებოდა!…

– ბატონო გია, როგორ გინდათ დაარწმუნოთ ქართველი გლეხი, გამოიყენოს ეს
თქვენი ვითომ ძველი და სინამდვილეში კი, რაღაც ახალი და არნახული
მეთოდები, როცა კრედიტი აქვს ბანკისგან აღებული და მოსავალი თუ არ
მოუვიდა, უბრალოდ, დაიღუპება? ასეთ რისკზე რატომ წავა? გიჟი ხომ არაა?
გლეხი გააკეთებს იმას, რაც იცის, მორჩა და გათავდა!
– მართალია, გლეხი კონსერვატორია თავისი ბუნებით, თავისი მოცემულობით…
რისკზე არ წავა…
– ჰოდა, თუ მეთანხმებით, ბატონო გია, აღიარეთ, რომ წააგეთ ნიძლავი!… მე, გეპეი
დამთავრებული ტაქსისტი, ვერ დამარწმუნეთ და ქართველ გლეხს
დაარწმუნებთ? ზღაპარია!

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები