რეკლამაspot_img

როგორ აისახება რუსეთ – უკრაინის ომი გარემოზე

  •  რუსეთის უკრაინაში შეჭრა გამოიწვევს ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურებას;
  • ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა ზრდის რადიოაქტიური დაბიძნურების რისკს;კლიმატის
  • ცვლილების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების განხორციელება გართულდება.

ირინა ჯაფარიძე


2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიომ სხვა რეალობაში გაიღვიძა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რთულია, გულგრილად უყურო იმ ტრაგედიას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მით უმეტეს, როდესაც მტერი აცნობს „ომის კანონებს“ და მიზანმიმართულად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებსა და საბავშვო ბაღებს. დღეს მსოფლიო საზოგადობა ერთიანია და სხვადასხვა საშუალებით ცდილობს პუტინის რეჟიმის შეჩერებას,მაგრამ არავინ იცის, როდის დასრულდება ომი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ადამიანური ტრაგედიების ფონზე რთულია ილაპარაკო იმ პრობლემებზე, რომლებიც თან ახლავს ომს. მაგალითად, ყურადღება გაამახვილო თემაზე – რა გავლენას ახდენს ომი გარემოზე. მიუხედავად ამისა, გარემოსდამცველები უკვე ალაპარაკდნენ იმ საფრთხეებზე, რაც ომს მოაქვს გარემოსა და, ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საკითხის მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ 3 მარტს მსოფლიოს 75 ქვეყნის 1000 – ზე მეტმა აქტივისტმა და ორგანიზაციამ “Environmental Peacebuilding Association” – ის მეშვეობით გაავრცელა ღია წერილი, რომელშიც გამოხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა და, ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას.

წერილში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა, გარდა უამრავი დაღუპული ადამიანისა, იწვევს ჰაერის, მიწისა და წყლის დაბინძურებას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება ისეთი ინდუსტრიული ქვეყნის მაგალითზე, როგორიც უკრაინაა. ამას ემატება სასურსათო უსაფრთხოების პრობელმა, რადგან ქვეყნები შეიძლება აღმოჩნდნენ ე.წ. სასურსათო კრიზისის წინაშე. როგორც ცნობილია ბევრი ქვეყანა პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინული ხორბლისა და სიმინდის ექსპორტზე.

 

„ყველა კონფლიქტს თავისი უნიკალური გარემოსდაცვითი ნარატივი აქვს. უკრაინის შემთხვევაში საქმე გვაქვს ტექნოლოგიურ საფრთხეებთან, რომლიც დაკავშირებულია მის ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ სექტორებთან. ეს საფრთხე რუსეთის უწყვეტი ინტერვენციის რეჟიმში კიდევ უფრო იზრდება,“ – აღნიშნავს დაგ უეირი, კონფლიქტებისა და გარემოს დაცვის ობსერვატორიის კვლევისა და პოლიტიკის დირექტორი.
თუკი რუსეთი შეეცდება უკრაინის მთლიანი ტერიტორიის დაპყრობას,, ე.წ. „ტრანსასსაზღვრო დავები“ გარდაუვალი იქნება. მნიშვნელოვანი გახდება წყლის რესურსებზე კონტროლის დამყარება და სახიფათო ობიექტების მართვის ხელში ჩაგდება. ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის სრულ გააზრებას კი წლები დასჭირდება.

გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უკრაინის ინდექსი ომამდეც საკმაოდ დაბალი იყო. ამას ადასტურებს ჰაერის ხარისხის, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების ჯანმრთელობის ინდიკატორების დაბალი მაჩვენებელი. ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონი ქვანახშირის, მეტალურგიისა და ქიმიური წარმოების ცენტრია და უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ტერიტორიად მიიჩნევა. „უკრაინის ინდუსტრიულ რეგიონებში საომარი მოქმედებების წარმოება ქმნის ტოქსიკური დაბინძურების რისკს, რადგან იქ მდებარეობს ელექტროსადგურები, ქიმიური და ლითონის გადამამუშავებელი ქარხნები,“ – აცხადებს კენ კონკა, ავტორი წიგნისა – „გარემოსდაცვითი მშვიდობა“. თუკი თავდასხმის შედეგად უკრაინის ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები დაზიანდება, შესაძლოა, მასშტაბური წყალდიდობების მომსწრე გავხდეთ. მსგავს ობიექტებზე რუსეთის მიერ იერიშის მიტანა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უნდა შეფასდეს, როგორც ომის დანაშაული,- აღნიშნავს კენ კონკა.
კიდევ ერთ დიდ საფრთხეს ბირთვული ელექტროსადგურები წარმოადგენს. 24 თებერვალს ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგური რუსებმა დაიკავეს. მსოფლიოს ჯერ კიდევ ახსოვს 1986 წლის ჩერნობილის აფეთქება, რის შედეგადაც რადიოაქტიული ნივთიერებებით დაბინძურდა გარემო. თეთრმა სახლმა რუსების მიერ ჩერნობილის დაკავებას „წარმოუდგენლად საგანგაშო“ უწოდა. კენ კონკას აზრით, საომარ რეჟიმში არის საშიშროება, რომ უკრაინელი მეცნიერების მიერ ტერიტორიის მონიტორინგი ხანგრძლივი პერიოდით შეფერხდება, რასაც უარყოფითი შედეგები მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის კატასტროფიდან 35 წლის შემდეგაც საჭიროა ბირთვული ელექტროსადგურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის უწყვეტი
მონიტორინგი. ბირთვული დაბინძურების საფრთხეები ჩერნობილს გარეთაც ვრცელდება, თუ
გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ათეულობით ბირთვული რეაქტორია განლაგებული. რუსეთმა რამდენჯერმე უკვე დაბომბა ბირთვული ელექტროსადგურების მიმდებარე არეალები, მაგალითად, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის შემოგარენი… ეს კი ზრდის ბირთვული დაბინძურების საფრთხეს. „ჩვენ ვხედავთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობისთვის მწვავე და ქრონიკულ რისკებს ქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა,“ – აღნიშნავს დაგ უეირი.

რუსეთ – უკრაინის ომი და კლიმატის ცვლილების კრიზისი

უკრაინის კრიზისი გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილების სამომავლო პოლიტიკაზეც, რადგან ამ მიმართულებით რთული იქნება ინიციატივების განხორციელება. ამის დასტურია ისიც, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ბოლო მოხსენებაში კლიმატის ცვლილების საკითხებს სათანადო დრო არ დაეთმო, არადა მან ღიად განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მისი საპრეზიდენტო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნებოდა. ომის კვალდაკვალ, გაზსა და ნავთობზე ფასები გლობალურად იზრდება, ეს, რა თქმა უნდა, გაზრდილი მილიარდებია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწარმოებენ და ყიდია აღნიშნულ პროდუქტებს. მეორე მხრივ კი – იწვევენ ფატალურ სიცხეებს, ტყის ხანძრებსა
და ზღვის დონის აწევას. აღნიშნული მოვლენები ხდება რამდენიმე დღეში გაერთიანებული ერების სამთავრობათაშორისო პანელის ანგარიშის გამოქვეყნებიდან, რომელშიც ხაზგასმულია,
რომ გლობალური კლიმატის ცვლილება მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს. თუ არ გატარდა დროული ღონისძიებები კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილები საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება. გაეროს ანგარიშში მოწოდებულია, რომ ლიდერმა ქვეყნებმა მკვეთრად უნდა შეამცირონ ნახშირორჟანგის, მეთანისა და სხვა სათბურის აირების ემისიები, რადგან ისინი სახიფათოდ ათბობენ პლანეტას. გლობალური დათბობის მაჩვენებელი კი მკვეთრად აჭარბებს კაცობრიობის ადაპტაციის უნარს. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის
კლიმატის ამბიციური კანონპროექტი რესპუბლიკურმა პარტიამ დაბლოკა, მათ მხარი აუბა დემოკრატიული პარტიის სენატორმა ჯო მანჩინიმ, რომელიც, თავის მხრივ, ქვანახშირის მწარმოებელ შტატს – დასავლეთ ვირჯინიას- წარმოადგენს და დიდი მხარდაჭერა აქვს წიაღისეული საწვავის მწარმოებელი ინდუსტრიისგან. უზენაესი სასამართლო ასევე უფლებამოსილია, კიდევ უფრო შეზღუდოს პრეზიდენტის ამბიციური გეგმა კლიმატის მიმართულებით, რაც არ მისცემს ფედერალურ მთავრობას შესაძლებლობას, დაარეგულიროს სათბურის აირების ემისიები. პრეზიდენტ ბაიდენის პროექტი, მოახდინოს 500 მილიარდი დოლარის სუბსიდირება კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და დეკარბონიზაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც იქნება ყველაზე დიდი ფედერალური ინვესტიცია სუფთა ენერგეტიკაში და დაეხმარება ამერიკას გაანახევროს სათბურის ემისიები 2030 წლისთვის. გარემოსდამცველები იმედოვნებენ, რომ უკრაინის კრიზისის დასრულების ან დაპაუზების შემთხვევაში, აღნიშნული ინიციატივა, როგორც „Build back better act “ – ის განუყოფელი ნაწილი, აუცილებლად შესრულდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროკავშირის ქვეყნებიც რთული გამოწვევის წინაშე დააყენა. ისინი უკვე მწვავედ გრძნობენ მის შედეგებს, რადგან ძლიერ არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე. ევროპული ქვეყნების გაზმომარაგების 40 %-ი სწორედ რუსეთზე მოდის. პუტინის ხელისუფლება წლების განმავლობაში სარგებლობდა აღნიშნული ბერკეტით და გავლენას ახდენდა ევროპელი ლიდერების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. უკრაინის კონფლიქტი კი მათ გზაგასაყარზე აყენებს და აიძულებს მოძებნონ ენერგომომარაგების ალტერნატიული წყაროები. ახლო მომავალში ამ
მიმართულებით უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი, რადგან ბრუსელი აპირებს წარადგინოს ახალი ენერგეტიკული სტრატეგია, რომლის მიზანიც რუსულ გაზზე უარის თქმაა. „ნიუ იორკ თაიმსი“ ვარაუდობს, რომ ამ სტრატეგიაში გახილული იქნება ენერგოეფექტური ზომებისა და პოლიტიკის უფრო სწრაფი დანერგვა და განახლებადი ენერგიების ენერგეტიკული წილის გაზრდა. ასევე განიხილება მოკლე ვადიან პერსპექტივაში რუსული ენერგორესურსების ამერიკულით, ან სხვა ქვეყნების გაზით ჩანაცვლება. ანალიტიკოსების აზრით, ევროპულ ქვეყნები ენერგოეფეტური ღონისძებიების გატარებით სწრაფად შეძლებენ შეამცირონ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება.
ამისთვის უნდა გაიზარდოს ინვესტიციები განახლებადი ენერგიების სფეროში. ეს ამოცანა ევროპული ქვეყნების იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სათბურის აირების გაფრქვევის შეწყვეტას საუკუნის შუა წლებისთვის. უკრაინის კონფლიქტი აღნიშნული გეგმის განხორციელებას, სავარაუდოდ, უფრო მეტად დააჩქარებს.

ჯონ კერი, ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის ცვლილების
საკითხებში, ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსული სასარგებლო წიაღისეული
საომარ იარაღად აქცია. „ამ ომში ენერგორესურსები მთავარი იარაღია. გაზზე უფრო
ნაკლები დამოკიდებულების შემთხვევაში ახლა სულ სხვა თამაშის წესები გვექნებოდა“,
– აღნიშნავს ჯონ კერი, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
რუსული გაზის წილის შემცირება მსოფლიო ბაზარზე. თავის მხრივ, შეერთებულმა
შტატებმა გაზარდა თხევადი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით.


დაგ უეირი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაეროს მიერ გამოქვეყნებულ
კლიმატის ცვლილების ბოლო ანგარიშს სათანადო ყურადღება ვერ დაეთმო. ახლა
მსოფლიოს ადამიანური და ფინანსური რესურსი გადასროლია არსებული კონფლიქტის
მოგვარებისკენ. ეს კი გარემოსდაცვით საკითხებს მეორეხარისხოვანს ხდის. ამასთან
ერთად, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს და რა ინტენსივობით გაგრძელდება
რუსეთ-უკრაინის ომი, შესაბამისად, ასევე უცნობია გარემოსდაცვითი კრიზისის
ხანგრძლივობის მასშტაბებიც.

რეკლამაspot_img

ასევე წაიკითხეთ ამ კატეგორიის სხვა

სტატიები